ინდოეთში 17-მდე ხუთ წლამდე ასაკის ბავშვი გარდაიცვალა ხველის სიროფით მოწამვლის შედეგად, რამაც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში განგაში გამოიწვია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აცხადებს, რომ ეს ტრაგედია ინდოეთის შიდა ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ “მარეგულირებელ ხარვეზზე” მიუთითებს.
ტრაგედიის დეტალები
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ბავშვები დაიღუპნენ მას შემდეგ, რაც მიიღეს ხველის სიროფი “Coldrif”, რომელიც, როგორც ოფიციალური ტესტირებით დადგინდა, შეიცავდა მომწამვლელ ნივთიერება დიეთილენგლიკოლს (DEG) დასაშვებ ნორმაზე თითქმის 500-ჯერ მეტი რაოდენობით. ამის შემდეგ, ინდოეთის ხელისუფლებამ საზოგადოება გააფრთხილა, თავი შეეკავებინათ კიდევ ორი დასახელების სიროფისგან – “Respifresh” და “RELIFE”, რომლებშიც ასევე აღმოჩნდა ეს ტოქსიკური ქიმიკატი.
რა არის დიეთილენგლიკოლი (DEG)?
დიეთილენგლიკოლი არის იაფი, ტკბილი გემოს მქონე სამრეწველო გამხსნელი, რომელიც გამოიყენება ანტიფრიზისა და სამუხრუჭე სითხის წარმოებაში. ის უაღრესად ტოქსიკურია ადამიანისთვის. ფარმაცევტულ წარმოებაში, ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი მწარმოებელი მას ზოგჯერ უკანონოდ იყენებს უსაფრთხო, მაგრამ უფრო ძვირი გამხსნელის, გლიცერინის, ნაცვლად ხარჯების შესამცირებლად. DEG-ით მოწამვლა იწვევს თირკმლის მწვავე უკმარისობას, ნევროლოგიურ გართულებებსა და სიკვდილს, განსაკუთრებით ბავშვებში.
“მარეგულირებელი ხარვეზი”, რომელზეც ჯანმო საუბრობს
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ინდური ხველის სიროფები გლობალურ ტრაგედიას იწვევს. 2023 წლამდე, ინდური სიროფებით 140-ზე მეტი ბავშვი გარდაიცვალა გამბიაში, უზბეკეთსა და კამერუნში. ამის საპასუხოდ, ინდოეთმა გაამკაცრა კანონი და სავალდებულო გახადა ქვეყნიდან საექსპორტოდ განკუთვნილი ყველა ხველის სიროფის დამატებითი ტესტირება.
თუმცა, როგორც ჯანმო აღნიშნავს, ეს მკაცრი კონტროლი არ გავრცელდა შიდა ბაზარზე გაყიდულ მედიკამენტებზე. სწორედ ეს არის “მარეგულირებელი ხარვეზი”: ქვეყანამ დაიცვა თავისი საერთაშორისო რეპუტაცია, მაგრამ საკუთარი მოქალაქეები რისკის ქვეშ დატოვა. ჯანმო-ს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ ეს კონკრეტული სიროფები ოფიციალურად ექსპორტზე არ გასულა, არსებობს არაოფიციალური ექსპორტის რისკი.
ქვეყნის წამლის მარეგულირებელმა აღიარა, რომ შემოწმებისას ქარხნებში “სერიოზული ხარვეზები” აღმოაჩინეს – მწარმოებლები არ ამოწმებდნენ ნედლეულის თითოეულ პარტიას, როგორც ამას კანონი მოითხოვს. სიროფ “Coldrif”-ის მწარმოებელი კომპანიის, “Sresan Pharmaceutical”-ის, ქარხანა ამჟამად დახურულია, მის ხელმძღვანელს კი პოლიცია განზრახ მკვლელობის ბრალდებით იძიებს.
მომზადებულია reuters – ის მიხედვით.




