საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის N655 დადგენილებით, 2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში შესული ცვლილების შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეა – ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) საწინააღმდეგო ვაქცინაციის არეალი გაფართოვდა.
თუ აქამდე ე.წ. “გაწმენდის“ (Catch-up) რაუნდები ძირითადად ქალებს მოიცავდა, 2026 წლიდან სახელმწიფო პროგრამა სრულად აფინანსებს ვაჟების ვაქცინაციასაც 13-დან 45 წლის ჩათვლით.
ვაქცინაციის სქემა და ასაკობრივი ჯგუფები (2026)
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ვაქცინაცია ტარდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული სქემით, ასაკის გათვალისწინებით.
ქალებისთვის (13 – 45 წელი)
-
15 წლამდე ასაკში: ტარდება ორჯერადი ვაქცინაცია. აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს 6 თვე.
-
15 – 45 წლის ასაკში: ტარდება სამჯერადი ვაქცინაცია. სქემა: 0 – 2 – 6 თვე (პირველი აცრა, მეორე აცრა 2 თვის შემდეგ, მესამე აცრა პირველიდან 6 თვის შემდეგ).
კაცებისთვის (13 – 45 წელი) — სიახლე
-
15 წლამდე ასაკში: ტარდება ორჯერადი ვაქცინაცია. აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს 6 თვე.
-
15 – 45 წლის ასაკში: ტარდება სამჯერადი ვაქცინაცია. სქემა: 0 – 2 – 6 თვე.
რა უნდა ვიცოდეთ ადამიანის პაპილომავირუსზე (HPV)?
ადამიანის პაპილომავირუსი (აპვ) წარმოადგენს ვირუსთა დიდ ჯგუფს, რომელიც აზიანებს კანსა და ლორწოვან გარსებს (პირის ღრუ, სასქესო ორგანოები, ანალური მიდამო). ეს არის ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია მსოფლიოში.
სტატისტიკა და საფრთხეები
მეცნიერებისთვის ცნობილია პაპილომავირუსის 200-ზე მეტი შტამი (ტიპი). კლინიკური მნიშვნელობის მიხედვით ისინი იყოფა ორ ჯგუფად:
-
დაბალი რისკის ტიპები: იწვევენ გენიტალურ მეჭეჭებსა და კონდილომებს (მაგალითად, ტიპები 6 და 11).
-
მაღალი რისკის (ონკოგენური) ტიპები: იწვევენ კიბოს განვითარებას. ასეთი დაახლოებით 13-14 შტამია, თუმცა გლობალურად კიბოს შემთხვევების უმრავლესობაზე პასუხისმგებელნი არიან მე-16 და მე-18 ტიპები.
საშვილოსნოს ყელის კიბოს და კიბოსწინარე მდგომარეობების 70%-ზე მეტი სწორედ ამ ორ ტიპზე მოდის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, საშვილოსნოს ყელის კიბო ქალებში გავრცელების მიხედვით მეოთხე ადგილზეა, თუმცა პრევენციას (ვაქცინაციას) და სკრინინგს შეუძლია ამ დაავადების თითქმის სრული ელიმინაცია.
აპვ არ არის მხოლოდ ქალების პრობლემა
ვაქცინაციის პროგრამაში კაცების ჩართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორი მიზეზით:
-
-
სიმსივნეები კაცებში: პაპილომავირუსი იწვევს არა მხოლოდ საშვილოსნოს ყელის, არამედ ანუსის, სასქესო ასოს (პენისის) და თავ-კისრის (პირის ღრუსა და ხახის) სიმსივნეებს. ბოლო წლებში, აშშ-სა და ევროპაში, აპვ-თან ასოცირებული ხახის კიბოს შემთხვევები კაცებში საგრძნობლად გაიზარდა.
-
გადაცემის ჯაჭვის გაწყვეტა: კაცები ხშირად ვირუსის “ჩუმი“ მატარებლები არიან. მათი ვაქცინაცია იცავს მათ პარტნიორებს და ქმნის ე.წ. ჯოგურ იმუნიტეტს, რაც ვირუსის გავრცელებას ამცირებს.
-
გადაცემის გზები და პრევენცია
ვირუსი ძირითადად სქესობრივი კონტაქტით (ვაგინალური, ანალური, ორალური) გადაეცემა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ პრეზერვატივი ამცირებს, მაგრამ სრულად ვერ იცავს ადამიანს დაინფიცირებისგან, რადგან ვირუსი გადადის კანით კანზე კონტაქტითაც, დაუცველი უბნებიდან.
ადამიანთა უმრავლესობა (ქალების და კაცების დაახლოებით 80%) სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან მოკლე პერიოდში ინფიცირდება ვირუსის რომელიმე შტამით.
მკურნალობა vs პრევენცია
სამწუხაროდ, უშუალოდ ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტური მკურნალობა არ არსებობს. ინფექციის მართვა მთლიანად ადამიანის იმუნურ სისტემაზეა დამოკიდებული. შემთხვევათა დიდ ნაწილში ორგანიზმი თავად უმკლავდება ვირუსს 1-2 წლის განმავლობაში (თვიგანკურნება).
თუმცა, თუ იმუნური სისტემა ვერ ერევა ვირუსს, ის რჩება ორგანიზმში (პერსისტული ინფექცია) და დროთა განმავლობაში იწვევს უჯრედულ ცვლილებებს, რაც საბოლოოდ სიმსივნეში შეიძლება გადაიზარდოს. სწორედ ამიტომ, ვაქცინაცია არის ერთადერთი საიმედო გზა, რომ ორგანიზმს წინასწარ ჰქონდეს გამზადებული “იარაღი“ ვირუსთან საბრძოლველად.
აცრის ჩასატარებლად მოქალაქეებმა უნდა მიმართონ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს (პოლიკლინიკებს), სადაც რეგისტრირებულნი არიან.




