გრიპის სეზონი ყოველწლიურად დგება, თუმცა ვირუსის ახალი შტამი ჯანდაცვის გლობალურ ექსპერტებს აფიქრებინებს, რომ მიმდინარე რაუნდი შესაძლოა განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდეს.
საუბარია გრიპის A(H3N2) ვირუსის ვერსიაზე, რომელიც ზედამხედველობის ანგარიშებში პირველად 2025 წლის ივნისში გამოჩნდა – 4 თვით გვიან მას შემდეგ, რაც 2025-2026 წლების გრიპის ვაქცინის ფორმულა უკვე განსაზღვრული იყო. ეს შტამი უკვე დაუკავშირეს გრიპის ეპიდაფეთქებების ადრეულ ტალღებს კანადაში, იაპონიასა და დიდ ბრიტანეთში.
გასული წლის განსაკუთრებით მძიმე სეზონის შემდეგ, ექსპერტები ცდილობენ დაადგინონ, აქვს თუ არა ახალ H3N2 შტამს პოტენციალი, გამოიწვიოს უფრო მძიმე დაავადება ან შეამციროს ვაქცინის ეფექტიანობა.
“ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ რამდენად მძიმე იქნება სეზონი“, – აცხადებს დოქტორი შიკა გარგი, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) გრიპის კლინიკური ეპიდემიოლოგიის ჯგუფის სამედიცინო ოფიცერი.
რა ვიცით ახალ შტამზე?
ამჯამად გრიპის სამი ვარიანტი ცირკულირებს. A ტიპის გრიპის ვირუსებიდან H1N1 (ცნობილი როგორც ღორის გრიპი) და H3N2 (ცნობილი როგორც ჰონგ კონგის გრიპი) და B ტიპის გრიპის ვირუსებიდან – “ვიქტორია”.
სწორედ H3N2 სეზონური გრიპის შტამში გამოჩნდა მუტაციები, რამაც გამოიწვია მუტირებული ვირუსის შესახებ ცნობების “სწრაფი ზრდა”.
ბრაუნის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის პროფესორის, ჯენიფერ ნუზოს თქმით, H3N2 ვირუსი “საკმაოდ გავრცელებულია“. ის სეზონური გრიპის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევია H1N1-სა და B ტიპის ვირუსებთან ერთად. თუმცა, H3N2-მა ყურადღება მიიპყრო ბოლო თვეებში განვითარებული მუტაციების დიდი რაოდენობის გამო. ამ ახალ ვერსიას ახლა H3N2 სუბკლადი K (H3N2 subclade K) ეწოდება.
“ის საკმარისად შეიცვალა იმისთვის, რომ საკუთარი სუბკლადის აღნიშვნა მიეღო“, – ამბობს ნუზო.
ალისა ბადი, CDC-ის გრიპის ზედამხედველობის ჯგუფის ხელმძღვანელი, განმარტავს, რომ ვირუსები მუდმივად განიცდიან მცირე ცვლილებებს – პროცესს, რომელსაც ანტიგენური დრეიფი (დრიფტი) ეწოდება. ამ პროცესმა მნიშვნელოვნად იმოქმედა H3N2 სუბკლადა K-ს ჰემაგლუტინინის ზედაპირულ ცილაზე.
მან დაადასტურა დაახლოებით 10 დამატებითი მუტაციის არსებობა ჰემაგლუტინინის გენში, რაც მას განასხვავებს იმ ვირუსისგან, რომელიც ვაქცინის შესაქმნელად გამოიყენეს. მიუხედავად იმისა, რომ ანტიგენური დრეიფი ბუნებრივი პროცესია, ექსპერტებს აშფოთებთ H3N2-ის ინფექციების გლობალური ზრდა, რადგან ეს ტიპი ხშირად უფრო მძიმე დაავადებას იწვევს, ვიდრე გრიპის სხვა ვირუსები.
საგანგაშო ნიშნები სხვა ქვეყნებიდან
იაპონიამ უკვე განიცადა უჩვეულოდ ადრეული გრიპის სეზონი; ოქტომბრის დასაწყისში უკვე გამოცხადდა ეპიდემია. დიდი ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის (NHS) ხელმძღვანელმა იწინასწარმეტყველა “სასტიკი ზამთარი“, სადაც გრიპის შემთხვევები გასულ წელთან შედარებით გასამმაგდება. სამხრეთ ნახევარსფეროში დაფიქსირდა მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციების 29%-იანი ზრდა.
აშშ-ში, თუ ზაფხულში H3 შემთხვევების მხოლოდ 40% იყო “სუბკლადი K“, ახლა ეს მაჩვენებელი 90%-ს აღწევს.
ვაქცინის ეფექტურობა და “აცდენა“
აარონ გლატისთვის, “Mount Sinai South Nassau“-ს ინფექციური დაავადებების ხელმძღვანელისთვის, შტამის ევოლუცია უჩვეულოა, მაგრამ არა უპრეცედენტო. “სუბკლადა K შტამს აქვს მუტაციები, რომლებიც არ იყო 2025-2026 წლების ვაქცინის შტამებში, რამაც შესაძლოა მიუთითოს აცდენაზე და პოტენციურად ნაკლებ სარგებელზე, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდია“, – ამბობს ის.
შიკა გარგი (CDC) აღნიშნავს, რომ H3N2 ისედაც დაკავშირებულია უფრო მძიმე სეზონებთან. “წარსულში, დრეიფის გარეშეც კი, სეზონები, სადაც H3N2 დომინირებდა, დაკავშირებული იყო მეტ ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილიანობასთან ხანდაზმულებსა (65+) და მცირეწლოვან ბავშვებში“.
არის თუ არა გამოსავალი?
მიუხედავად პოტენციური “აცდენისა“, ექსპერტები ვაქცინაციას მაინც უწევენ რეკომენდაციას.
დიდი ბრიტანეთიდან მიღებული ადრეული მონაცემები აჩვენებს, რომ მიმდინარე ვაქცინა:
-
72%-დან 75%-მდე ეფექტურია ბავშვებში გადაუდებელი დახმარების ვიზიტების პრევენციისთვის.
-
32%-დან 39%-მდე ეფექტურია ზრდასრულებში.
“ეს ვაქცინა შეიცავს H3N2-ს და მას შეუძლია უზრუნველყოს გარკვეული დონის დაცვა მძიმე დაავადებისა და სიკვდილისგან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია“, – ამბობს ნუზო.
გარდა ამისა, FDA-ს მიერ დამტკიცებული 4 ანტივირუსული პრეპარატი კვლავ ეფექტურია „სუბკლადა K“-ს წინააღმდეგ. ექიმები რეკომენდაციას უწევენ ანტივირუსული მკურნალობის დაწყებას ინფექციის დადასტურებისთანავე, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში.
ასევე დაგაინტერესებთ:




