ახალი, მცირე მასშტაბის კვლევა მიუთითებს, რომ აუტიზმის, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომისა (ADHD) და ანორექსიის მქონე ბავშვებს ნაწლავის მიკრობიომში მსგავსი დარღვევები აქვთ. გარკვეული მაჩვენებლებით, მათ მიკრობიომებს ერთმანეთთან უფრო მეტი საერთო აქვთ, ვიდრე მათ ჯანმრთელ, ნეიროტიპულ თანატოლებთან.
სლოვაკეთში, კომენიუსის უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ ჩატარებულ კვლევაში 117 ბავშვის განავლის ნიმუში შეისწავლეს. ეს იყო საძიებო ხასიათის კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ASD) მქონე 30 ბიჭი, ნერვული ანორექსიის მქონე 21 გოგონა და ADHD-ის მქონე 14 ბავშვი. საკონტროლო ჯგუფს შეადგენდნენ შესაბამისი ასაკისა და სქესის ჯანმრთელი ბავშვები.
საერთო მახასიათებლები
კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანის ნაწლავში არსებული მიკრობების ორი დომინანტური ჯგუფის – Bacteroidetes-ისა და Firmicutes-ის თანაფარდობა სამივე ჯგუფის ბავშვებში უფრო მაღალი იყო, ვიდრე საკონტროლო ჯგუფში.
“Bacteroidetes-ის მატება (განსაკუთრებით ASD-ში) და Firmicutes-ის კლება (განსაკუთრებით ADHD-სა და ანორექსიაში) შეესაბამება ანთებითი დაავადებების დროს არსებულ მონაცემებს, სადაც შეცვლილი თანაფარდობა გლუკოზის მეტაბოლიზმთან, ანთებასთან და დანაყრების რეგულაციასთანაა დაკავშირებული”, – წერენ ავტორები.
სპეციფიკური ცვლილებები
გარდა ზოგადი თანაფარდობისა, მკვლევრებმა კონკრეტული ბაქტერიების დონეებიც შეისწავლეს:
-
Escherichia: აუტიზმისა და ADHD-ის ჯგუფებში მიკრობიომის მრავალფეროვნება ჩვეულებრივზე დაბალი იყო. სამაგიეროდ, მომატებული იყო Escherichia-ს დონე. ეს მიკრობები ჩვეულებრივ ორგანიზმში უვნებლად ბინადრობენ, მაგრამ მათი რაოდენობის ზრდამ ან ადგილმდებარეობის ცვლილებამ შესაძლოა ინფექციები გამოიწვიოს.
-
Desulfovibrio: ეს ბაქტერიები უფრო დიდი რაოდენობით აღმოჩნდა ADHD-ის მქონე ბავშვებსა და ანორექსიის მქონე გოგონებში.
-
Faecalibacterium: ADHD-ისა და ანორექსიის მქონე ბავშვებში ამ ბაქტერიის რაოდენობა შემცირებული იყო. Faecalibacterium ჩვეულებრივ უხვად გვხვდება ჯანმრთელ მიკრობიომში და მისი დაბალი დონე დაკავშირებულია ისეთ ანთებით მდგომარეობებთან, როგორიცაა ნაწლავის ანთებითი დაავადება და დეპრესია.
ასევე შესწავლილი იქნა კვების მარეგულირებელი ჰორმონები. ADHD-ის მქონე ბავშვებში დაფიქსირდა PYY ჰორმონის დაბალი დონე, ხოლო ანორექსიის მქონე პაციენტებში – PYY-ს, ლეპტინისა და გრელინის შემცირებული დონეები.
კვების გავლენა და შეზღუდვები
ცნობილია, რომ კვების რაციონი პირდაპირ გავლენას ახდენს ნაწლავის მიკრობიომის მრავალფეროვნებასა და შემადგენლობაზე.
ტერმინის განმარტება: დისბიოზი ეს არის მიკროორგანიზმების (ბაქტერიების) დისბალანსი სხეულში, მაგალითად ნაწლავებში, როდესაც “კარგი” და “ცუდი” ბაქტერიების თანაფარდობა ირღვევა.
აუტიზმისა და ADHD-ის მქონე ბავშვებში ხშირია შერჩევითი ან შეზღუდული კვება სენსორული პრობლემების გამო, ხოლო ანორექსიის მთავარი მახასიათებელი საკვების განზრახ შეზღუდვაა. ამ ბავშვების მიკრობიომში არსებული მსგავსება შესაძლოა სწორედ მათი შეზღუდული რაციონიდან მომდინარეობდეს.
ავტორები აღნიშნავენ, რომ კვლევას აქვს შეზღუდვები: ნიმუშის სიმცირე (ნაწილობრივ COVID-19 პანდემიის გამო) და მონაცემების შეგროვების სირთულეები. ამიტომ, შედეგები სიფრთხილით უნდა იქნას განხილული. გაურკვეველია, ნაწლავის ეს პროფილი უწყობს ხელს მდგომარეობის განვითარებას, თუ პირიქით – დაავადების შედეგია.
ასევე დაგაინტერესებთ:




