მას შემდეგ, რაც ისლანდიის დედაქალაქთან ახლოს კოღოს სახეობა აღმოაჩინეს, ანტარქტიდა მსოფლიოში ერთადერთ კოღოებისგან თავისუფალ თავშესაფრად რჩება.
აქამდე ისლანდია პლანეტის იმ მცირერიცხოვან ადგილთაგანი იყო, სადაც კოღოების პოპულაცია არ არსებობდა, მისი არასტუმართმოყვარე კლიმატისა და დაგუბებული წყლის ნაკლებობის წყალობით. ახლა ერთადერთი ასეთი თავშესაფარი ანტარქტიდაა.
დღეს კი, კლიმატის ცვლილება ქვეყანას ჩრდილოეთ ნახევარსფეროს დანარჩენ ნაწილზე ოთხჯერ უფრო სწრაფად ათბობს, რაც იწვევს მყინვარების უპრეცედენტო დნობასა და ხშირ სითბურ ტალღებს.
მიმდინარე წლის მაისში ისლანდიაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა – 26.6°C, ხოლო ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში გაზაფხულზე ტემპერატურა საშუალოზე 10°C-ით მაღალი იყო.
არსებობს შიში, რომ ეს სწრაფი დათბობა ამ ცნობილ მწერს ქვეყანაში გადარჩენისა და ჭაობებსა და ტბორებში დამკვიდრების საშუალებას მისცემს.
როგორ აღმოაჩინეს კოღოები ისლანდიაში
ენტუზიასტმა მწერების მოყვარულმა, ბიორნ ჰიატასონმა, რეიკიავიკთან ახლოს, გლაციალურ ველზე სამი კოღო აღმოაჩინა. ის იყენებდა ღვინოში დასველებულ თოკებს, რომლებსაც, როგორც წესი, ჩრჩილებზე დასაკვირვებლად იყენებენ.
16 ოქტომბერს მან თავისი აღმოჩენა ადგილობრივ Facebook ჯგუფში გააზიარა და პირველ დაჭერილ მწერს “უცნაური ბუზი” უწოდა. “მაშინვე მივხვდი, რომ ეს იყო რაღაც, რაც აქამდე არასდროს მენახა”, – წერს ის.
ჰიატასონმა სამივე კოღო ისლანდიის ბუნებისმეტყველების ინსტიტუტში გაგზავნა, სადაც ენტომოლოგმა (მწერების მკვლევარი) მათიას ალფრედსონმა დაადგინა, რომ ეს იყო ორი დედალი და ერთი მამალი Culiseta annulata.
ეს სახეობა სხვა კოღოებთან შედარებით უფრო ყინვაგამძლეა და გვხვდება ისეთ მკაცრ კლიმატშიც კი, როგორიც ციმბირია. ალფრედსონის თქმით, ეს სახეობა ხშირად ეძებს თავშესაფარს დახურულ სივრცეებში, მაგალითად, ბეღლებში, რათა მკაცრ ზამთარს გაუძლოს.
კლიმატის ცვლილება იზიდავს კოღოებს?
ენტომოლოგი დარწმუნებული არ არის, რომ კოღოების გამოჩენა მხოლოდ კლიმატის ცვლილებას უნდა დავაბრალოთ, მაგრამ აფრთხილებს: “დათბობა, სავარაუდოდ, გაზრდის სხვა კოღოების სახეობების ისლანდიაში დამკვიდრების პოტენციალს, თუ ისინი აქ მოხვდებიან”.
ასევე შესაძლებელია, რომ მწერები სხვა ქვეყნებიდან გემებით ან კონტეინერებით ჩავიდნენ.
რამდენიმე წლის წინ, კეფლავიკის საერთაშორისო აეროპორტში, თვითმფრინავში, სხვა სახეობის კოღო აღმოაჩინეს. თუმცა, ველურ ბუნებაში მწერი ამ თვემდე არავის შეუმჩნევია.
ახლა საჭირო იქნება დამატებითი მონიტორინგი იმის დასადასტურებლად, “ნამდვილად დამკვიდრდა” თუ არა კოღოების ეს სახეობა ისლანდიაში.




