ინდოეთსა და აშშ-ს შორის გამწვავებული სავაჭრო ურთიერთობების ფონზე, ინდურმა კომპანიებმა ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციისთვის აგრესიული კამპანია დაიწყეს. ამ ბრძოლის სიმბოლოდ იქცა კბილის პასტა, სადაც ინდური კომპანია “Dabur” ღიად უპირისპირდება თავის ამერიკელ კონკურენტს, “Colgate-Palmolive”-ს.
დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირას ინდურ საქონელზე 50%-მდე ტარიფები დააწესა. საპასუხოდ, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ, მოსახლეობას კვლავ მოუწოდა “სვადეშის” (ადგილობრივი წარმოების) პროდუქტების გამოყენებისკენ. ამ მოწოდებებს სოციალურ ქსელებში ამერიკული ბრენდების, მათ შორის “McDonald’s”-ის, “Pepsi”-სა და “Apple”-ის, ბოიკოტისკენ მოწოდებები მოჰყვა.
ამ ტალღაზე, 11 მილიარდი დოლარის ღირებულების კომპანია “Dabur”-მა გაზეთების პირველ გვერდზე მასშტაბური რეკლამა განათავსა. რეკლამაში, კონკურენტის პირდაპირი დასახელების გარეშე, ნათქვამი იყო, რომ ინდოეთის ყველაზე პოპულარული კბილის პასტა ამერიკულია, ხოლო “Dabur” კი “სვადეშის” არჩევანია. ფრაზა “დაბადებულია იქ, არა აქ” ამერიკის დროშის ფერებში გაფორმებული შრიფტით იყო დაწერილი, ხოლო კბილის პასტის შეფუთვა პირდაპირ მიანიშნებდა “Colgate”-ზე.
“Colgate”-ი ინდოეთის კბილის პასტის ბაზრის დომინანტია და მის 43%-ს აკონტროლებს, “Dabur”-ი კი 17%-ით მესამე ადგილზეა. საინტერესო დეტალია, რომ “Dabur”-ის “პატრიოტულ” რეკლამაში განთავსებული იყო QR კოდი, რომელიც მომხმარებელს პროდუქტის შესაძენად ამერიკული ონლაინ გიგანტის, “Amazon”-ის, ინდურ ვებგვერდზე გადაამისამართებდა.
ექსპერტები ამ სტრატეგიას “მომენტის მარკეტინგს” უწოდებენ – კომპანიები ცდილობენ, მოკლევადიანი სარგებელი მიიღონ არსებული პოლიტიკური განწყობებიდან. მსგავს ტაქტიკას მიმართეს სხვა ინდურმა კომპანიებმაც, მაგალითად, რძის პროდუქტების მწარმოებელმა “Amul”-მა და ელექტრონული ფოსტის პროვაიდერმა “Rediff”-მა, რომელმაც საკუთარ სერვისს “ინდოეთის ფოსტა” უწოდა.




