ჩინეთის მოსახლეობა 2025 წელს ზედიზედ მეოთხედ შემცირდა, ხოლო შობადობის მაჩვენებელი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. 2026 წელს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემები ადასტურებს, რომ დემოგრაფიული კრიზისი ღრმავდება, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის პეკინის ეკონომიკურ გეგმებს.
ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს (NBS) მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობა 3.39 მილიონით შემცირდა და 1.405 მილიარდი შეადგინა. კლება უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე 2024 წელს.
2025 წელს დაბადებულთა რაოდენობა 7.92 მილიონამდე შემცირდა, რაც 2024 წელთან შედარებით (9.54 მილიონი) 17%-იანი კლებაა. შობადობის კოეფიციენტი 1000 მოსახლეზე 5.63-ს შეადგენს.
ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის დემოგრაფის, იი ფუქსიენის შეფასებით: “2025 წელს დაბადებულთა რაოდენობა დაახლოებით იმავე დონეზეა, რაც 1738 წელს იყო, როცა ჩინეთის მოსახლეობა სულ რაღაც 150 მილიონს შეადგენდა“.
პარალელურად, სიკვდილიანობა გაიზარდა და 11.31 მილიონი შეადგინა. სიკვდილიანობის კოეფიციენტი (8.04 ყოველ 1000 კაცზე) ყველაზე მაღალია 1968 წლის შემდეგ.
მოსახლეობის დაბერება და შემცირება ართულებს პეკინის გეგმას, გაზარდოს შიდა მოხმარება და მართოს ვალები.
-
60 წელს გადაცილებული მოსახლეობა უკვე 23%-ს შეადგენს.
-
პროგნოზით, 2035 წლისთვის ეს ციფრი 400 მილიონს მიაღწევს (რაც აშშ-ისა და იტალიის ჯამური მოსახლეობის ტოლია).
-
საპენსიო ბიუჯეტზე ზეწოლის გამო, ჩინეთმა უკვე გაზარდა საპენსიო ასაკი: კაცებისთვის 60-დან 63 წლამდე, ქალებისთვის – 55-დან 58 წლამდე.
“ერთი ბავშვის პოლიტიკის” გრძელი ჩრდილი
შობადობის კლების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი ქორწინებების შემცირებაა. 2024 წელს რეგისტრირებული ქორწინებები რეკორდულად შემცირდა, თუმცა 2025 წლის მესამე კვარტალში მცირე მატება შეინიშნება, რაც შესაძლოა რეგულაციების გამარტივებამ გამოიწვია (წყვილებს ქორწინების რეგისტრაცია ნებისმიერ ადგილას შეუძლიათ და არა მხოლოდ საცხოვრებელ ადგილას).
ხელისუფლება ცდილობს აღმოფხვრას “ერთი ბავშვის პოლიტიკის” (1980-2015) შედეგები, რომელმაც ჩინური ოჯახის სტრუქტურა შეცვალა.
2026 წელს პეკინი გეგმავს დაახლოებით 180 მილიარდი იუანის ($25.8 მილიარდი) დახარჯვას შობადობის სტიმულირებისთვის. ძირითადი სიახლეები:
-
ბავშვთა ეროვნული სუბსიდია.
-
პირობა, რომ 2026 წელს ქალებს ორსულობისა და მშობიარობის დროს “ჯიბიდან გადახდა არ მოუწევთ“.
-
ეროვნული დაზღვევა სრულად დაფარავს რეპროდუქციულ სერვისებს, მათ შორის ინ-ვიტრო განაყოფიერებას (IVF).
ჩინეთში შობადობის ჯამური კოეფიციენტი (Fertility Rate) ქალზე საშუალოდ 1 ბავშვს შეადგენს, რაც პოპულაციის განახლებისთვის საჭირო 2.1-ზე ბევრად დაბალია.




