შეიძლება თუ არა ადამიანმა დროებით იცოცხლოს ფილტვების გარეშე? ეს კითხვა დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ თეორიული მსჯელობის საგანი იყო. თუმცა, 2026 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ უკიდურესად მძიმე კლინიკურ სიტუაციაში ეს უკვე რეალობაა.
მეცნიერებმა აღწერეს უნიკალური შემთხვევა: მძიმე ინფექციის გამო პაციენტს ორივე ფილტვი მთლიანად ამოკვეთეს. ამის შემდეგ, 2 დღის განმავლობაში, მას სიცოცხლე შეუნარჩუნა გარე “ხელოვნურმა ფილტვმა“, სანამ ნამდვილი ფილტვების გადანერგვა (ტრანსპლანტაცია) მოხერხდებოდა. ოპერაციიდან ორი წლის შემდეგ პაციენტი თავს კარგად გრძნობს და მისი ახალი ფილტვები სრულფასოვნად მუშაობს.
პაციენტს ჰქონდა ფილტვების უმძიმესი ანთება, რამაც გამოიწვია სეფსისი (სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, როდესაც ინფექციაზე გადაჭარბებული იმუნური რეაქცია ორგანოების ფუნქციის მოშლას იწვევს). ასეთ დროს სიკვდილიანობა 80%-ზე მეტია.
ექიმები იყენებდნენ ECMO-ს (აპარატი, რომელიც სისხლს ჟანგბადით ამდიდრებს), მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. პრობლემა ის გახლდათ, რომ დაზიანებული, ინფიცირებული ფილტვები ორგანიზმში რჩებოდა და აგრძელებდა აგრძელებდა ორგანიზმში ინფექციისა და სისტემური ანთების შენარჩუნებას. სანამ ინფექცია სხეულში იყო, ახალი ფილტვის გადაგერგვაც არ შეიძლებოდა. ექიმები ჩიხში შევიდნენ: პაციენტი კვდებოდა საკუთარი ფილტვების გამო.
გადარჩენის ერთადერთი გზა იყო დაზიანებული ფილტვების სასწრაფოდ ამოღება და მათი დროებით ჩანაცვლება ხელოვნური სისტემით.
ექიმებმა გამოიყენეს “სრულიად ხელოვნური ფილტვი“ (TAL). ეს არის სხეულის გარეთ არსებული მოწყობილობა, რომელიც ასრულებს ფილტვის ორ მთავარ ფუნქციას:
-
სისხლს ამარაგებს ჟანგბადით.
-
ეხმარება გულს სისხლის გადატუმბვაში.
ყველაზე დიდი სირთულე ის იყო, რომ ფილტვების ამოღების შემდეგ გულს მუშაობა უჭირს (ისე, თითქოს ტუმბოს მილები ჩაუხსნეს, რაც მარჯვენა პარკუჭს მწვავე გადატვირთვის რისკის ქვეშ აყენებს). ამის თავიდან ასაცილებლად მეცნიერებმა შექმნეს სპეციალური ხელოვნური “არხი“ (შუნტი), რომელმაც სისხლის მიმოქცევა დააბალანსა.
ეფექტი საოცარი იყო. ოპერაციამდე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო – წნევა ეცემოდა და ორგანიზმი იწამლებოდა. როგორც კი დაზიანებული ფილტვები ამოიღეს და ხელოვნური სისტემა ჩართეს:
-
12 საათში: პაციენტს აღარ სჭირდებოდა წნევის დამჭერი ძლიერი წამლები.
-
24 საათში: სისხლის მოწამვლის მაჩვენებლები ნორმას დაუბრუნდა.
აღმოჩნდა, რომ სწორედ საკუთარი ფილტვები კლავდა პაციენტს და მათი მოცილება გადარჩენის წინაპირობა გახდა.
ქსოვილების კვლევამ დაადასტურა, რომ პაციენტის ძველი ფილტვები იმდენად იყო დაზიანებული (გაუხეშებული, ფიბროზულად შეცვლილი), რომ ისინი ვერასდროს აღდგებოდა. ტრანსპლანტაცია ერთადერთი გამოსავალი იყო.
ეს შემთხვევა არ ნიშნავს, რომ ხელოვნური ფილტვით დიდხანს ცხოვრება შეიძლება. ეს არის დროებითი “ხიდი“, რომელიც ექიმებს აძლევს დროს (რამდენიმე დღეს), რათა მოძებნონ დონორი და პაციენტი მოამზადონ გადანერგვისთვის. ადრე ასეთი პაციენტები ოპერაციამდე ვერ აღწევდნენ.




