ნივოლუმაბის ინექციური ფორმით მკურნალობას ყოველწლიურად 15,000-მდე პაციენტი მიიღებს – მათ შორის ფილტვის, ნაწლავისა და კანის კიბოს მქონე ადამიანები
ინგლისში ყოველწლიურად დაახლოებით 15,000 კიბოს პაციენტი ახალ, სწრაფ და მოსახერხებელ მკურნალობას მიიღებს – იმუნოთერაპიის ინექციური ფორმით, რომელიც სულ რამდენიმე წუთს საჭიროებს.
NHS ინგლისი გახდა პირველი ჯანდაცვის სისტემა ევროპაში, რომელიც პაციენტებს ნივოლუმაბის ინექციურ ვარიანტს სთავაზობს. პრეპარატი ცნობილია სავაჭრო სახელით Opdivo და ამიერიდან უკვე არა საათობით მიმდინარე ინფუზიით, არამედ 3–5 წუთიანი ინექციით იქნება ხელმისაწვდომი.
მედიკამენტების და სამედიცინო პროდუქტების რეგულირების სააგენტომ (MHRA) უკვე მისცა ნებართვა ინექციური ნივოლუმაბის გამოყენებას, როგორც ალტერნატივას ინტრავენურ გზას. პრეპარატი გამოდგება 15 სხვადასხვა სახის კიბოს სამკურნალოდ, მათ შორის:
-
ფილტვის
-
ნაწლავის
-
თირკმლის
-
შარდის ბუშტის
-
საყლაპავის
-
კანის
-
თავისა და კისრის კიბოს შემთხვევაში.
პაციენტები, რომლებსაც მკურნალობა ყოველ ორ ან ოთხ კვირაში სჭირდებათ, მნიშვნელოვან დროს დაზოგავენ. NHS-ის შეფასებით, წლიურად ეს ცვლილება ერთწლიანი კლინიკური დროის დაზოგვას ნიშნავს, რაც კლინიკებს მეტ პაციენტზე ზრუნვის საშუალებას მისცემს.
პროფესორი პიტერ ჯონსონი, NHS-ის კიბოს ეროვნული კლინიკური დირექტორი, ამბობს:
„იმუნოთერაპია უკვე რევოლუციური ნაბიჯია ბევრი პაციენტისთვის, ხოლო ინექციით მიწოდება ამ პროცესს კიდევ უფრო მარტივს და მოსახერხებელს ხდის.“
ნივოლუმაბი ეხმარება იმუნურ სისტემას კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში. ის ბლოკავს სიმსივნური უჯრედების სიგნალებს, რომლებიც იმუნურ სისტემას ახშობს. პრეპარატი უკავშირდება PD-1 ცილას (Programmed Death-1) T უჯრედებზე – ეს ბლოკავს სიმსივნურ უჯრედებს, რომ არ „გამორთონ“ T უჯრედები და ამ გზით ორგანიზმი უკეთ ამოიცნობს და გაანადგურებს კიბოს.
NHS-ის განცხადებით, თვეში დაახლოებით 1,200 პაციენტი ისარგებლებს ამ სერვისით, ხოლო ახალ პაციენტთა უმრავლესობა უკვე ინექციურ ვარიანტზე გადავა.
მნიშვნელოვანია, რომ ინექციური ფორმა დამატებით ხარჯს არ გამოიწვევს: NHS-მა და მწარმოებელმა კომპანია Bristol Myers Squibb-მა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას ფასის შესახებ.
ნასერ ტურაბი, ორგანიზაცია Cancer Research UK-ის მტკიცებულებებისა და განხორციელების დირექტორი, აცხადებს:
„ინოვაციები, როგორიც ეს არის, გარდამტეხია კიბოს პაციენტების სწრაფად და ეფექტიანად მკურნალობაში. ჩვენ ახლა კიბოს კვლევის ოქროს ხანაში ვართ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სისტემა ახალი რეალობების შესაბამისად განვითარდეს.“
Gowell.ge ხშირად აშუქებს სიახლეებს კიბოს მკურნალობაში, ამიტომ, მკითხველი რომ არ დაიბნეს, განვმარტავთ, რომ ეს არაა ე.წ. კიბოს თერაპიული ვაქცინები, რომლებსაც ახლა მთელი მსოფლიო ელოდება,
განსხვავება თერაპიულ კიბოს ვაქცინასა და იმუნოთერაპიას შორის:
| თერაპიული კიბოს ვაქცინა | ნივოლუმაბი / იმუნოთერაპია | |
|---|---|---|
| რა ტიპის მკურნალობაა? | აქტიური ვაქცინაცია – ასწავლის იმუნურ სისტემას კიბოს ამოცნობა | პირდაპირ აძლიერებს T უჯრედებს კიბოსთან საბრძოლველად |
| როგორ მუშაობს? | ორგანიზმს წარუდგენს კიბოს სპეციფიკურ ანტიგენს (ხშირად ინდივიდუალურად მორგებულს) | ბლოკავს PD-1/PD-L1 გზას, რათა კიბოს უჯრედებმა ვერ “დავასუსტონ” იმუნიტეტი |
| სტატუსი | ძირითადად კლინიკურ კვლევებშია (გარდა Provenge – პროსტატის კიბოს ვაქცინისა) | უკვე დამტკიცებული მკურნალობა მრავალი ტიპის კიბოსთვის |
| სტატიის კონტექსტი | არ ეხება | Opdivo უკვე ხელმისაწვდომია ინექციის ფორმით |




