ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, ქალებში ალკოჰოლთან ასოცირებული კიბოს ფორმებს შორის ძუძუს კიბო ყველაზე გავრცელებულია. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის ნახევარმა არ იცის, რომ ალკოჰოლი კიბოს განვითარების რისკ-ფაქტორია.
“ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი შეიცავს ეთანოლს, რომელიც ცნობილი კარცეროგენი, ანუ კიბოს გამომწვევი აგენტია“, – ამბობს ემი კომანდერი, მასაჩუსეტსის საერთო ჰოსპიტლის (Mass General Brigham) ბრიგამის კიბოს ინსტიტუტის ონკოლოგი. ამერიკის კიბოს საზოგადოება (ACS) ალკოჰოლის მოხმარებას კიბოს პრევენცირებად მიზეზებს შორის მოწინავე ადგილზე აყენებს – უშუალოდ თამბაქოს მოწევისა და სიმსუქნის შემდეგ.
კავშირი ალკოჰოლსა და ძუძუს კიბოს შორის განსაკუთრებით საყურადღებოა. კვლევების თანახმად, ალკოჰოლი იწვევს ძუძუს კიბოს შემთხვევების დაახლოებით 16%-ს (ყოველ 25 შემთხვევიდან 4). გარდა ამისა, ქალებში ალკოჰოლთან დაკავშირებული კიბოთი სიკვდილობის ნახევარზე მეტი სწორედ ძუძუს კიბოზე მოდის. რისკები იმდენად მაღალია, რომ აშშ-ის ყოფილმა მთავარმა ქირურგმა გასცა რეკომენდაცია, ალკოჰოლურ პროდუქციას დაემატოს კიბოს შესახებ გამაფრთხილებელი ეტიკეტები, ისევე როგორც თამბაქოს შემთხვევაშია.
ალკოჰოლის უარყოფითი გავლენა ჯანმრთელობაზე მრავალმხრივია. ძუძუს კიბოს შემთხვევაში, ალკოჰოლმა შესაძლოა გავლენა იქონიოს შემდეგ ფაქტორებზე:
-
უჯრედები და დნმ: სასმელის მიღებისას ორგანიზმი გამოიმუშავებს ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებას – აცეტალდეჰიდს, ასევე არამდგრად მოლეკულებს – თავისუფალ რადიკალებს. ეს ნივთიერებები აზიანებს უჯრედებს, ქსოვილებსა და უჯრედების გენეტიკურ სტრუქტურას (დნმ). დაზიანებული უჯრედები შეიძლება გადაიქცეს სიმსივნურ უჯრედებად და დაიწყოს უკონტროლო ზრდა.
-
ჰორმონები: ალკოჰოლის მიღებისას იმატებს ჰორმონების, განსაკუთრებით ესტროგენის დონე, რაც ზრდის ძუძუს კიბოს რისკს. ჰორმონების მაღალი დონე განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც აქვს (ან იმყოფება რისკის ქვეშ) ჰორმონ-რეცეპტორ პოზიტიური ძუძუს კიბო.
-
საკვები ნივთიერებები: ალკოჰოლი აფერხებს ისეთი ნივთიერებების ათვისებას, როგორიცაა ფოლიუმის მჟავა. ეს B ვიტამინი ეხმარება ორგანიზმს დნმ-ის სინთეზში და ხელს უწყობს ჯანსაღი უჯრედების ზრდას. ფოლიუმის მჟავის დაბალმა დონემ შესაძლოა გაზარდოს კიბოს რისკი.
-
წონა: საშუალო ჭიქა (დაახლოებით 150 მლ) წითელი ღვინო შეიცავს დაახლოებით 125 კალორიას. მისი კვებითი ღირებულება ნულის ტოლია. “ცარიელი კალორიების“ ჭარბმა მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს წონაში მატება და სიმსუქნე, რაც თავის მხრივ იწვევს უჯრედულ ანთებას, რაც ძუძუს კიბოსთანაა დაკავშირებული.
არსებობს თუ არა ალკოჰოლის “უსაფრთხო“ დოზა?
სამწუხაროდ, ალკოჰოლის “უსაფრთხო“ დოზა არ არსებობს. კიბოს პრევენციის თვალსაზრისით, ყველაზე საიმედო რეკომენდაციაა ალკოჰოლზე სრული უარის თქმა. ჯანმრთელობის რისკების მინიმუმამდე დასაყვანად, ქალებისთვის, რომლებიც მაინც იღებენ სასმელს, რეკომენდებულია დღეში მაქსიმუმ ერთი პორცია (კვირაში არაუმეტეს 7 პორციისა). ერთი პორცია უდრის დაახლოებით 150 მლ ღვინოს, 350 მლ ლუდს ან 45 მლ მაგარ სპირტიან სასმელს. რაც უფრო მეტს სვამთ, მით მეტად იზრდება ძუძუს კიბოს რისკი.
ასევე, გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს კვირის განმავლობაში თავშეკავება იმისთვის, რომ შაბათ-კვირას მეტი დალიოთ – ესეც ცუდი იდეაა. კვლევები აჩვენებს, რომ ჭარბი დალევა (ქალებისთვის – ოთხი ან მეტი პორცია ერთ მიღებაზე) 50%-მდე ზრდის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს ცხოვრების განმავლობაში, იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც ზომიერად სვამენ. “შესაძლოა, სწორედ ჭარბი დალევა იყოს ერთ-ერთი მიზეზი ახალგაზრდა ქალებში ძუძუს კიბოს შემთხვევების მატებისა“, – აღნიშნავს დოქტორი კომანდერი.
არსებობს თუ არა “უსაფრთხო“ ტიპის ალკოჰოლი?
სასმელის ტიპს მნიშვნელობა არ აქვს. შესაძლოა გსმენიათ, რომ წითელი ღვინო სასარგებლოა გულისთვის, მაგრამ ნუ მოტყუვდებით მისი ე.წ. “ჯანსაღი იმიჯით“. “ორგანიზმი წითელ ღვინოში არსებულ ეთანოლსა და ტეკილაში არსებულ ეთანოლს ზუსტად ერთნაირად გადაამუშავებს“, — ამბობს ექიმი.
მიუხედავად იმისა, რომ სრულიად უსაფრთხო დოზა არ არსებობს, დოქტორი კომანდერი აღიარებს, რომ ზომიერი და პასუხისმგებლიანი მოხმარება ზოგადად დასაშვებია. როგორც სპეციალისტი, იგი გვირჩევს კვირაში მაქსიმუმ სამ პორციას, სასურველია არა ერთდროულად.
მაღალი რისკის ჯგუფში მყოფმა ქალებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ალკოჰოლის რაოდენობას. ეს ეხება ქალებს, რომლებიც:
-
გადიან ან დაასრულეს ძუძუს კიბოს მკურნალობა;
-
აქვთ ძუძუს კიბოს ოჯახური ისტორია ან გენეტიკური მუტაცია;
-
ჰქონდათ მოწევის ან ალკოჰოლის მოხმარების დარღვევის ისტორია;
-
აქვთ სხვა ტიპის კიბო ან სიმსუქნე;
-
გადიან ჰორმონჩანაცვლებით თერაპიას.
“დაფიქრდით, სანამ დალევთ“ – ეს კარგი წესია. იყავით ყურადღებით, რამდენს სვამთ და რატომ. მაგალითად, თუ ყოველ საღამოს სვამთ ღვინოს განტვირთვისთვის, ეძებეთ უფრო ჯანსაღი ალტერნატივები. უალკოჰოლო სასმელების და “მოქტეილების“ მზარდი პოპულარობა სოციალიზაციას უფრო მარტივს ხდის ისე, რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს.




