ინდოეთის სამხრეთით მდებარე კერალას შტატის ჯანდაცვის უწყება განგაშის რეჟიმშია, რაც გამოწვეულია ენცეფალიტის იშვიათი, მაგრამ მომაკვდინებელი ფორმის შემთხვევების ზრდით. ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს სერიოზული გამოწვევაა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის და აძლიერებს პრევენციულ ზომებს.
შტატის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, წლის დასაწყისიდან კერალაში პირველადი ამებური მენინგოენცეფალიტის (PAM) 69-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 19 სიკვდილით დასრულდა. დაავადების გამომწვევია Naegleria fowleri, რომელიც საზოგადოებაში “ტვინის მჭამელი” ამების სახელითაა ცნობილი.
ბოლო ერთ თვეში სამი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი თვის ჩვილი. “გასული წლისგან განსხვავებით, ჩვენ ვერ ვხედავთ ერთ წყლის წყაროსთან დაკავშირებულ კლასტერებს. ეს არის ერთეული, იზოლირებული შემთხვევები, რამაც გაართულა ჩვენი ეპიდემიოლოგიური კვლევა”, – განაცხადა მინისტრმა ვინა ჯორჯმა. გასულ წელს შტატში 36 შემთხვევა და 9 გარდაცვალება დაფიქსირდა.
ამებური ენცეფალიტი ცენტრალური ნერვული სისტემის იშვიათი, მაგრამ ლეტალური ინფექციაა, რომელსაც მტკნარ წყალში, ტბებსა და მდინარეებში მცხოვრები თავისუფალი ამებები იწვევს. Naegleria fowleri ორგანიზმში, როგორც წესი, ცურვისას ცხვირის ღრუდან ხვდება.
ხელისუფლებამ უკვე დაიწყო ჭების, წყლის ავზებისა და საზოგადოებრივი საბანაო ადგილების ქლორირება, რათა შემცირდეს ადამიანების კონტაქტი ამებასთან.
მინისტრის თქმით, გლობალურად PAM-ისგან გადარჩენის მაჩვენებელი დაახლოებით 3%-ია, მაგრამ მოწინავე ტესტირებისა და დიაგნოსტიკის წყალობით, კერალამ 24%-იან მაჩვენებელს მიაღწია.
შარშან გამოქვეყნებულ სამთავრობო დოკუმენტში ნათქვამია, რომ შემთხვევების ზრდა, სავარაუდოდ, კლიმატის ცვლილებას უკავშირდება. “კლიმატის ცვლილება, რომელიც წყლის ტემპერატურას ზრდის, და სიცხე, რომელიც სულ უფრო მეტ ადამიანს უბიძგებს სარეკრეაციო წყლებში ბანაობისკენ, სავარაუდოდ, ზრდის ამ პათოგენთან შეხვედრის ალბათობას”, – ნათქვამია დოკუმენტში.
მიუხედავად იმისა, რომ კერალაში დაფიქსირებული აფეთქება საგანგაშოა, “ტვინის მჭამელი” ამება ახალი ან ლოკალური ფენომენი არ არის. სინამდვილეში, Naegleria fowleri მთელ მსოფლიოში ბინადრობს თბილ მტკნარ წყალსაცავებში, ტბებიდან და მდინარეებიდან დაწყებული, ცუდად მოვლილი აუზებით დამთავრებული. თუმცა, დაავადება, რომელსაც ის იწვევს, უკიდურესად იშვიათია, რადგან ინფიცირება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაბინძურებული წყალი დიდი რაოდენობით ხვდება ცხვირის ღრუში, საიდანაც ამება ტვინამდე აღწევს.
ისტორიულად, შემთხვევების უმეტესობა აშშ-ის სამხრეთ შტატებში, ავსტრალიასა და სამხრეთ აზიაში ფიქსირდება. თუმცა, კლიმატის ცვლილების გამო, წყლის ტემპერატურის მატებასთან ერთად, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამების გავრცელების არეალი თანდათან ჩრდილოეთით გაფართოვდება და ახალ რეგიონებს შეუქმნის საფრთხეს.




