მოკლე შინაარსი:
-
ფრინველის გრიპი კრიზისს იწვევს, აცხადებს პენსილვანიის გუბერნატორი.
-
ფრინველთა გუნდებში ვირუსის გავრცელებაში გარეული ბატები არიან ეჭვმიტანილნი.
-
ფერმერები გაზაფხულზე გარეული ფრინველების მიგრაციისთვის ემზადებიან.
გასული თვის განმავლობაში პენსილვანიაში ფრინველის გრიპმა 7.4 მილიონი ქათამი გაანადგურა. ვეტერინარები და ინდუსტრიის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ეს სწრაფი და გამანადგურებელი დანაკარგი, შესაძლოა, უჩვეულოდ ცივ ზამთარს უკავშირდებოდეს.
კვერცხისა და ხორცის საწარმოებლად გამოზრდილი ფრინველების ინფიცირება აშშ-ში ოთხი წლის წინ დაწყებული ეპიდემიის გაგრძელებაა, რომელმაც მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე 196 მილიონი ფრინველი გაანადგურა. ვირუსი, რომელსაც ხშირად გარეული ფრინველები ავრცელებენ, ასევე გადაედო აშშ-ის ფერმების მუშებს, შინაურ ფრინველებსა და ძუძუმწოვრებს მთელი პლანეტის მასშტაბით.
“ჩვენ აშკარად კრიზისულ რეჟიმში ვართ”, – განაცხადა პენსილვანიის გუბერნატორმა ჯოშ შაპირომ ამ კვირაში გამართულ საჯარო ფორუმზე და აღნიშნა, რომ შემთხვევები დაფიქსირდა “სეზონზე გაცილებით ადრე, ვიდრე ველოდით”.
პენსილვანიის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სპიკერმა, შენონ პაუერსმა აღნიშნა, რომ შინაურ ფრინველებში ეპიდემიის წყაროდ მიიჩნევიან გარეული ფრინველები, მათ შორის თეთრი ბატები, რომლებმაც ზამთარი პენსილვანიაში გაატარეს. პენსილვანია კვერცხის მწარმოებელი სიდიდით მეოთხე შტატია აშშ-ში.
პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვეტერინარის, დოქტორ მეგან ლაიტის თქმით, მიიჩნევა, რომ უჩვეულოდ ცივმა ამინდმა გარეული ფრინველები გაყინული მდინარეებიდან და ტბორებიდან ფერმებისკენ გადაისროლა. მიუხედავად იმისა, რომ გრიპი შინაური ფრინველებისთვის ფატალურია, ზოგიერთი გარეული ფრინველი ვირუსს ისე ატარებს, რომ არ იღუპება.
“თეორიის თანახმად, ისინი საკვების წყაროს ეძებდნენ და შესაძლოა ფერმებთან იმაზე ახლოს მივიდნენ, ვიდრე ჩვეულებრივ მიდიან ხოლმე”, – განაცხადა ლაიტიმ პარასკევს, თუმცა დასძინა, რომ ამის დადასტურება არ შეუძლია.
დანაკარგების უმეტესობა ფილადელფიიდან დასავლეთით, დაახლოებით ერთი საათის სავალზე, ლანკასტერის ოლქში დაფიქსირდა, სადაც ფერმები მჭიდროდაა განლაგებული.
ვირუსით შინაური ფრინველების ინფიცირების ყველაზე მაღალი რისკის პერიოდი ისტორიულად გაზაფხული და შემოდგომაა, როდესაც გარეული წყლის ფრინველების მიგრაცია ხდება.
“თუ ახლა მდგომარეობა ასეთი ცუდია, გაზაფხულის მიგრაციის დაწყებისთანავე, როცა ამ ტერიტორიაზე უფრო მეტი ფრინველი გადაადგილდება… ჩემი ინტუიცია მეუბნება, რომ ვითარება ალბათ კიდევ უფრო გაუარესდება”, – განაცხადა ლაიტიმ.
ასევე დაგაინტერესებთ:




