როდესაც კოვიდ-19-ის პანდემია დაიწყო, ჩვენ იძულებულნი გავხდით, სრულად შეგვეცვალა ჩვენი სივრცეები, რათა თავიდან აგვერიდებინა ახლო კონტაქტი: გამჭვირვალე ბარიერები დახლებთან, სტიკერები იატაკზე 2 მეტრიანი დისტანციისთვის და ა.შ. თუმცა, ჟურნალ “Science”-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ჩვენ არ ვართ ერთადერთნი, ვინც დაავადების გავრცელების შესამცირებლად ასეთ ზომებს მიმართავს.
თუ ჩვენს უახლოეს ნათესავებზე – შიმპანზეებზე ფიქრობთ, ცდებით. მკვლევრებმა ბევრად უფრო პატარა არსებები, ჭიანჭველები შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ისინი ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ბუდის არქიტექტურას ცვლიან.
როგორ “იცავენ დისტანციას” ჭიანჭველები?
“ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ ჭიანჭველები თხრის ქცევას ცვლიან ისეთი ფაქტორების საპასუხოდ, როგორიცაა ტემპერატურა ან ნიადაგის შემადგენლობა”, – ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი, ლუკ ლეკი. “მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დადასტურდა, რომ ცხოველი (ადამიანის გარდა) დაავადების გადაცემის შესამცირებლად საკუთარი გარემოს სტრუქტურას ცვლის”.
ექსპერიმენტისთვის, მეცნიერებმა 180 ჭიანჭველას ბუდის აშენების საშუალება მისცეს, შემდეგ კი მათთან 20 ახალი ჭიანჭველა შეუშვეს. ამ 20 ჭიანჭველას ნახევარი დაინფიცირებული იყო პათოგენური სოკოს სპორებით. 3D მიკრო-სკანირების გამოყენებით, გუნდი ბუდეების მშენებლობას კიდევ ექვსი დღის განმავლობაში აკვირდებოდა.
შედეგები გასაოცარი იყო: ბუდეები, რომლებშიც პათოგენი შეიტანეს, მკვეთრად განსხვავდებოდა ჯანმრთელი ბუდეებისგან:
- ისინი უფრო “მოდულური” გახდა: ანუ, კამერები ერთმანეთისგან უფრო იზოლირებული იყო.
- შესასვლელები ერთმანეთისგან დაშორდა.
- კამერებს შორის პირდაპირი კავშირების რაოდენობა შემცირდა.
- სამოძრაო მარშრუტები დაგრძელდა.
“ყველა ეს ცვლილება პათოგენის გადაცემის შემცირებას ემსახურება”, – ამბობს ლეკი. ამ არქიტექტურული ცვლილებების მიზანია, დაიცვას ბუდის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილები – საკვების მარაგი და ახალგაზრდა ჭიანჭველები (ჭუპრები).
სინერგია არქიტექტურასა და ქცევას შორის
საინტერესოა, რომ ჭიანჭველებს დაავადების დროს სხვა დამცავი მექანიზმიც აქვთ – თვითიზოლაცია (ავადმყოფი ჭიანჭველები თავად ერიდებიან სხვებს). მკვლევრებმა ჩაატარეს კომპიუტერული სიმულაციები და აღმოაჩინეს, რომ ახალი, შეცვლილი არქიტექტურა მკვეთრად აძლიერებს თვითიზოლაციის ეფექტიანობას. ანუ, ჭიანჭველები დაავადებას ორმაგი დაცვით ებრძვიან: სოციალური და არქიტექტურული.
ეფექტიანობის ფასი
მაშინ რატომ არ აშენებენ ჭიანჭველები ყოველთვის ასეთ “უსაფრთხო” ბუდეებს? პასუხტი მარტივია: ეფექტიანობის გამო. ისევე, როგორც ჩვენთვის პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვები არაკომფორტული იყო, ჭიანჭველებისთვისაც “ჩაკეტილი” და დაყოფილი ბუდე არაეფექტიანია. ნორმალური ბუდე აგებულია ინფორმაციისა და რესურსების სწრაფი გაცვლისთვის. “უსაფრთხო” ბუდეს ისინი მხოლოდ მაშინ აშენებენ, როდესაც რეალური საფრთხის წინაშე დგანან.




