ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ბეცეჟე (BCG) ვაქცინამ საპილოტე კვლევის ფარგლებში შეცვალა იმუნური უჯრედების აქტივობა და ალცჰაიმერის დაავადებასთან დაკავშირებული მარკერები. ჟურნალ “Communications Medicine”-ში გამოქვეყნებული მონაცემებით, ვაქცინაცია იწვევს თანდაყოლილი იმუნური პასუხის ხანგრძლივ გადაპროგრამებას, რასაც მეცნიერები “გაწვრთნილ იმუნიტეტს” (trained immunity) უწოდებენ.
ბოსტონის მასაჩუსეტსის საერთო პროფილის საავადმყოფოს (Massachusetts General Hospital) მკვლევრებმა, დოქტორ სტივენ არნოლდის (Steven Arnold) ხელმძღვანელობით, ჩაატარეს ორი ერთწლიანი ღია კლინიკური კვლევა 55 წლისა და უფროსი ასაკის პირებში. დაკვირვებამ აჩვენა, რომ BCG ვაქცინაციამ გამოიწვია მდგრადი იმუნური ცვლილებები ცერებროსპინალურ სითხეში (ლიქვორში) და გააძლიერა თანდაყოლილი იმუნური სისტემის პასუხი.
კვლევის ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნება უკავშირდება ბიომარკერების დინამიკას იმ მონაწილეებში, რომლებსაც საწყის ეტაპზე ალცჰაიმერის დაავადებისთვის დამახასიათებელი პათოლოგიები არ აღენიშნებოდათ. მათ ლიქვორში დაფიქსირდა ბეტა-ამილოიდის დონის შემცირება, ხოლო სისხლში ამილოიდის მაჩვენებლის მატება. აღნიშნული გადანაცვლება მიუთითებს იმაზე, რომ იმუნური სისტემის სტიმულირებამ ხელი შეუწყო ცენტრალური ნერვული სისტემიდან პათოლოგიური ცილების გამოდევნასა და კლირენსს.
საინტერესოა, რომ მსგავსი დინამიკა არ გამოვლინდა იმ პაციენტებში, რომლებსაც უკვე ჰქონდათ განვითარებული ალცჰაიმერის პათოლოგია და მსუბუქი კოგნიტური დარღვევები. მკვლევართა ვარაუდით, ეს მიანიშნებს, რომ ვაქცინის შეყვანის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ის ყველაზე ეფექტური დაავადების ადრეულ, პრეკლინიკურ ეტაპზეა.
BCG ვაქცინა, რომელიც პირველად 1920-იან წლებში გამოიყენეს ტუბერკულოზის წინააღმდეგ, 1990 წლიდან FDA-ის მიერ დამტკიცებულია შარდის ბუშტის კიბოს სამკურნალოდაც. რეტროსპექტულმა ეპიდემიოლოგიურმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ონკოლოგიური ჩვენებით ამ პრეპარატით ნამკურნალებ პაციენტებში დემენციისა და ალცჰაიმერის განვითარების რისკი საგრძნობლად დაბალი იყო. მიმდინარე კვლევა წარმოადგენს პირველ პირდაპირ ბიოლოგიურ მტკიცებულებას, რომ ვაქცინას შეუძლია შეცვალოს თავისა და ზურგის ტვინის გარემომცველი სითხის იმუნური გარემო.
თანამედროვე ნეირობიოლოგიური კვლევები სულ უფრო ხშირად უკავშირებს ალცჰაიმერის დაავადებას არა მხოლოდ ამილოიდებისა და ტაუ-ცილების დაგროვებას, არამედ იმუნურ დაბერებას, კლირენსის მექანიზმების დარღვევასა და ქრონიკულ ნეიროანთებით დისფუნქციას. მზარდი სამეცნიერო ლიტერატურა ადასტურებს, რომ სხვადასხვა პათოგენების (გრიპი, პნევმონია, ჰერპეს ზოსტერი) საწინააღმდეგო ვაქცინებს შესაძლოა ჰქონდეთ დამცავი ეფექტი ნეიროდეგენერაციული პროცესების მიმართ.
ბანერის ალცჰაიმერის ინსტიტუტის (Banner Alzheimer’s Institute) დოქტორ პიერ ტარიოს (Pierre Tariot) განცხადებით, მიღებული მონაცემები აჩვენებს იმუნური გადაპროგრამების ორ თანმიმდევრულ ფაზას, რაც მიუთითებს ასაკოვანი ნეიროიმუნური გარემოს ხანგრძლივ მოდულაციაზე. დოქტორ არნოლდის განმარტებით, ეს საპილოტე კვლევა მცირე მასშტაბის იყო და მისი მიზანი უსაფრთხოებისა და ბიოლოგიური მექანიზმების შესწავლა გახლდათ. მიღებული შედეგები საფუძველს იძლევა, რომ დაიგეგმოს ფართომასშტაბიანი, რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევა, რათა ზუსტად განისაზღვროს, შეუძლია თუ არა BCG ვაქცინაციას ხანდაზმულ მოსახლეობაში კოგნიტური დაქვეითების პრევენცია. ამჟამად ამერიკელ მკვლევართა ჯგუფმა შესაბამისი საპროექტო განაცხადი დაფინანსებისთვის უკვე წარადგინა აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში (NIH).
წყარო: Communications Medicine




