ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში 25 წლამდე ასაკის ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოთი გამოწვეული სიკვდილობა 62%-ით შემცირდა. მეცნიერები ამ წარმატებას ძირითადად “გარდასილის” ვაქცინას მიაწერენ, რომელიც 2006 წელს დამტკიცდა და ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) ონკოგენური შტამებისგან ეფექტურად იცავს.
კვლევამ, რომელიც 1992-2021 წლების მონაცემებს ეფუძნება, აჩვენა, რომ 1992-1994 წლებში 100 000 მოსახლეზე 55 სიკვდილის შემთხვევა ფიქსირდებოდა, მაშინ, როცა 2019-2021 წლებში ეს რიცხვი 13-მდე შემცირდა. 2012-2019 წლებში, 25 წლამდე ასაკის ქალებში კიბოს შემთხვევები 65%-ით შემცირდა. ეს პირველი კვლევაა, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს სიკვდილობის მაჩვენებლების შემცირებას ასე დეტალურად აფასებს.
ადამიანის პაპილომავირუსი, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს 70%-ის მიზეზია, ძირითადად სქესობრივი კონტაქტით ვრცელდება, თუმცა შესაძლებელია კანის მჭიდრო კონტაქტითაც გადაცემა. “გარდასილის” ვაქცინა იცავს ადამიანის პაპილომავირუსების იმ ტიპებისგან, რომლებიც იწვევენ არა მხოლოდ საშვილოსნოს ყელის კიბოს, არამედ სხვა კიბოებსაც, მათ შორის ანალურ, პენისისა და პირის ღრუს (ოროფარინგეალურ) კიბოებს.
საქართველოშიც, იმუნიზაციის ეროვნული პროგრამის ფარგლებში, იგივე ვაქცინა “გარდასილი” გამოიყენება, რაც მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს პრევენციის მიმართულებით.
“გარდასილის” ვაქცინამ შეცვალა მედიცინის ისტორია და დაამტკიცა, რომ პრევენციული ზომებით შესაძლებელია მომაკვდინებელი დაავადებების, მათ შორის კიბოს, თავიდან აცილება. ეს წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს ვაქცინაციის მნიშვნელობას გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის.




