რუსეთის 27 რეგიონში აივ ინფექციის გენერალიზებული ეპიდემიაა. ამის შესახებ “როსპოტრებნადზორის” ეპიდემიოლოგიის ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტი იტყობინება. მეცნიერები ამ ტერმინით აღნიშნავენ ფაზას, როდესაც ვირუსი რისკ-ჯგუფებს სცდება და მოსახლეობის ფართო ფენებში ვრცელდება.
ამ რეგიონებში აივ ინფექცია ორსულთა 1%-ზე მეტს უდასტურდება. ყველაზე მძიმე ვითარება კემეროვოს, ირკუტსკისა და სვერდლოვსკის ოლქებშია.
მართალია, შიდსის პრევენციისა და მასთან ბრძოლის ცენტრალური ინსტიტუტის ცნობით, 2025 წელს რუსეთში აივ-ის 45 000 ახალი შემთხვევა აღირიცხა (რაც 2024 წელთან შედარებით 13.4%-ით ნაკლებია), თუმცა გასულ წელს ანტირეკორდი დამყარდა უშუალოდ სამედიცინო დაწესებულებებში აივ ინფექციითა და ჰეპატიტით დასნებოვნების მხრივ, იუწყება დარგობრივი პორტალი Medvestnik-ი საკუთარ სტატისტიკაზე დაყრდნობით.
ექსპერტები სამედიცინო დაწესებულებებში აივ ინფექციითა და ჰეპატიტით დასნებოვნების ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს აფიქსირებენ
ეს ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ჭარბობს ვირუსული C ჰეპატიტისა და შერეული (აივ-ი და ჰეპატიტი ერთად) ინფექციების კერები, განაცხადა “როსპოტრებნადზორის” მოსახლეობის ეპიდემიოლოგიური კეთილდღეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელენა იგონინამ. 2025 წელს რუსეთის სამედიცინო დაწესებულებებში ინფიცირების რვა კერა აღირიცხა, სადაც 104 პაციენტი დაავადდა.
“როსპოტრებნადზორის” მონაცემებით, 2026 წელს გამოძიება გრძელდებოდა ინფექციის 11 კერაზე ქვეყნის ათ რეგიონში, სადაც სამედიცინო დაწესებულებებში აივ ინფექციისა და ჰეპატიტის გავრცელებას ეჭვობენ. მოსკოვში მოკვლევა მიმდინარეობს ერთ-ერთ კერასთან დაკავშირებით, სადაც C ჰეპატიტის 22 შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დადასტურებული შემთხვევა იყო ყაბარდო-ბალყარეთის სანატორიუმში 82 ადამიანის ინფიცირება. სამედიცინო პროცედურების დროს 76 პაციენტს C ჰეპატიტი გადაედო, ხოლო ექვსს შერეული ინფექცია აღმოაჩნდა. კამჩატკის მხარისა და ბურიატიის ონკოლოგიურ საავადმყოფოებში ჰეპატიტით შესაბამისად 147 და 42 პაციენტი დაავადდა. C ჰეპატიტის კიდევ სამი კერა გამოვლინდა სამარასა და კურსკის ოლქების დიალიზის ცენტრებში, სადაც ჯამში 26 ადამიანი დაინფიცირდა.
ინფექციების მთავარ მიზეზად ექსპერტები სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების უხეშ დარღვევას ასახელებენ, მათ შორის ერთჯერადი კათეტერებისა და გლუკომეტრების გამოყენებას რამდენიმე პაციენტზე. ასეთ ვითარებაში ინფექციის წყაროს, როგორც წესი, ის პაციენტები წარმოადგენენ, ვისაც დიაგნოზი ჯერ არ ჰქონდა დასმული.
ელენა იგონინა აღნიშნავს, რომ ეს “სისტემური და უხეში დარღვევები” დღევანდელ რუსეთში უკვე ფესვგადგმულ პრაქტიკად იქცა. მართალია, C ჰეპატიტის ანტისხეულებსა და რნმ-ზე (RNA) ერთდროული ტესტირება კარგად ფარავს სისხლის, კომპონენტების, ორგანოებისა და ქსოვილების დონორებს, თუმცა რნმ-ის შემოწმება მკვეთრად ჩამორჩება სხვა ისეთ კატეგორიებში, რომლებიც აუცილებლად უნდა იტესტებოდნენ: დიალიზის, ჰემატოლოგიისა და ტრანსპლანტაციის პაციენტებში, ინფექციის კერებთან კონტაქტში მყოფ პირებში, აივ-დადებითი დედებისგან დაბადებულ ერთ წლამდე ბავშვებსა და იმუნოდეფიციტის მქონე პირებში.
გარდა ამისა, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პირველად, 2026 წელს გამოვლინდა სისხლის კომპონენტების გადასხმის შედეგად აივ-ით დასნებოვნების ორი შემთხვევა, დასძენს “როსპოტრებნადზორის” ეპიდემიოლოგიის ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტი.
როდესაც საავადმყოფოებში დაუდგენელი ინფექციის მქონე ადამიანების ამხელა ნაკადი ხვდება, განუცხადა Current Time-ს აივ-ის საერთაშორისო კონსულტანტმა ალექსეი ვერტერმა, ეს იმის ნიშანია, რომ “ქვეყანაში ეპიდემიური პროცესი ლატენტური, ფარულია” და უამრავმა ადამიანმა საერთოდ არ იცის, რომ ვირუსის მატარებელია.
სიკვდილიანობის შემცირების მიუხედავად, აივ ინფექციით მცხოვრებთა რიცხვი იზრდება
ამ შემცირებას წინ ინფიცირების ზრდის ხანგრძლივი პერიოდი უძღოდა. მართალია, ბოლო სამი წლის განმავლობაში აივ ინფიცირებულებში ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები იკლებდა და წინასწარი მონაცემებით, ეს ტენდენცია 2026 წელსაც შენარჩუნდება, თუმცა ექსპერტი დარწმუნებულია, რომ მოდუნების საფუძველი არ არსებობს – “დინამიკა შესაძლოა სწრაფად შეიცვალოს“.
ბოლო წლებში რუსეთში აივ-ით გამოწვეული სიკვდილობა წელიწადში 30 000-დან 34 000-მდე მერყეობდა. “როსპოტრებნადზორის“ ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტის შიდსის პრევენციისა და კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელი ხაზს უსვამს, რომ ეს უკიდურესად მაღალი რიცხვია: “მთელ მსოფლიოში მხოლოდ 15 ქვეყანაა, სადაც აივ ინფიცირებულთა წლიური სიკვდილობა 15 000-ს აჭარბებს, და მათ შორისაა რუსეთიც“. ინსტიტუტის დირექტორის, “როსპოტრებნადზორის“ აკადემიკოს ვასილი აკიმკინის თქმით, “ევროპის რეგიონში, ყოველ 100 000 მოსახლეზე აივ-ის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები სწორედ რუსეთში, უკრაინასა და ჩრდილოეთ მაკედონიაში ფიქსირდება“.
აივ ინფექცია რუსეთში შრომისუნარიანი მოსახლეობის სიკვდილიანობის მთავარ მიზეზად იქცა. ნატალია ლადნაია განმარტავს, რომ 40-დან 49 წლამდე მამაკაცების 3%-ზე მეტი ვირუსის მატარებელია, ხოლო ინფიცირებულთა საშუალო ასაკი ბოლო 15 წელიწადში 32-დან 44 წლამდე გაიზარდა. ამასთან, ახალი შემთხვევების ორი მესამედი ჰეტეროსექსუალურ კავშირებზე მოდის.
დღეისთვის რუსეთში დადასტურებული აივ დიაგნოზით 1.232 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 0.8%-ს შეადგენს, დასძენს აკიმკინი. “როსპოტრებნადზორის“ მათემატიკური მოდელის თანახმად, თუ პრევენციისა და მკურნალობის არსებული მიდგომები არ შეიცვლება, 2030 წლისთვის ინფიცირებულთა რაოდენობამ შესაძლოა 1.47 მილიონს მიაღწიოს. ამ სცენარით, ყოველწლიურად 31 000-დან 51 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდება, ხოლო წლიური სიკვდილობა – მათ შორის მოსახლეობის დაბერების გამო – შესაძლოა 51 000-მდე გაიზარდოს.
ბოლო შვიდ წელიწადში შეიცვალა აივ ინფიცირებულ ბავშვებში სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზებიც. ამ ჯგუფში ლეტალობის ზრდა 2025 წელს ყველა ფედერალურ ოლქში დაფიქსირდა, გარდა ცენტრალური და ურალის ოლქებისა.
რუსული მედიის ანალიზით, “როსპოტრებნადზორი“ და ჯანდაცვის სამინისტრო სტატისტიკას განსხვავებული მეთოდოლოგიით ითვლიან: “როსპოტრებნადზორის“ მონაცემები უფრო სრულყოფილია, რადგან თითოეულ დადასტურებულ დადებით ლაბორატორიულ პასუხს ეფუძნება. ჯანდაცვის სამინისტრო კი მხოლოდ რეგულარულ დისპანსერულ აღრიცხვაზე მყოფ პირებს ითვლის. შედეგად, ოფიციალურად დიაგნოზირებულთა საერთო რაოდენობასა (“როსპოტრებნადზორის“ მიხედვით 1.23 მილიონი) და ექიმების უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ პაციენტებს (ჯანდაცვის სამინისტროს მიხედვით – 846 500) შორის სხვაობა მთელ 385 555 ადამიანს შეადგენს.
600 000 ინფიცირებული ადამიანი
2025 წლის ბოლოსთვის რუსეთში აივ ინფიცირებულთა მხოლოდ ნახევარს ჰქონდა დათრგუნული ვირუსული დატვირთვა, განაცხადა ნატალია ლადნაიამ კონფერენციაზე “აივ ინფექციის ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა”, რომელსაც Medvestnik-ი ციტირებს. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ სულ მცირე 600 000 ინფიცირებული “კვლავ აქტიურად მონაწილეობს ვირუსის გადაცემაში”, ასკვნის ექსპერტი.
გასულ წელს ვირუსული დატვირთვის დათრგუნვა ანტირეტროვირუსულ თერაპიაზე (ART) მყოფი პაციენტების 77.9%-ში დაფიქსირდა და “ამ ზღვრის გადალახვა ჯერჯერობით ვერ ხერხდება”, აღნიშნავს ის. შედარებისთვის, ჯანმოს (WHO) სტანდარტი ეპიდემიის გაკონტროლებისთვის არის ფორმულა “95-95-95”: ინფიცირებულთა 95%-მა იცის საკუთარი სტატუსი, მათი 95% იღებს ART-ს, ხოლო მკურნალობაზე მყოფთა 95% ვირუსის რეპლიკაციის სრულ დათრგუნვას აღწევს.
რაც შეეხება სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას, გასულ წელს დისპანსერულ მეთვალყურეობაზე პაციენტების მხოლოდ 72% იმყოფებოდა. მასობრივი ტესტირების მიუხედავად (რაც ბოლო ათწლეულში 75%-ით გაიზარდა და გასულ წელს 54 მილიონ ტესტს მიაღწია), პროცესის ეფექტიანობა ეცემა. “როსპოტრებნადზორის” ეპიდემიოლოგიის ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის შეფასებით, მიდგომები გადახედვას საჭიროებს, რადგან მაღალი რისკის ჯგუფები ტესტირებით სათანადოდ მოცული აღარ არიან. მათი წილი შემოწმებულებს შორის თითქმის განახევრდა: 2014 წლის 5.8%-დან 2023 წელს 3%-მდე.
შედეგად, ჩატარებული ტესტების რაოდენობა მართალია იზრდება, თუმცა რეალური ეფექტურობა მცირდება, რადგან სკრინინგი უმეტესად იმ პირებში ტარდება, ვისთანაც ინფიცირების ალბათობა ისედაც დაბალია.
სახელმწიფოს მხრიდან ქრონიკული არასაკმარისი დაფინანსება
ის ფაქტი, რომ ახალი შემთხვევების კლების მიუხედავად აივ ინფექციის ტვირთი არ მცირდება, პირდაპირ აისახება ჯანდაცვის ხარჯებზე, ხაზს უსვამს ნატალია ლადნაია. 2025 წელს აივ ინფექციასთან დაკავშირებული ხარჯები 279 მილიარდ რუბლად შეფასდა.
ექსპერტის შეფასებით, ვითარების გაუმჯობესების მოლოდინის საფუძველი არ არსებობს. პირიქით, ვირუსის გავრცელება შესაძლოა გაძლიერდეს როგორც ტრადიციულად მოწყვლად ჯგუფებში, ისე უკრაინის მოსაზღვრე, მაღალი მიგრაციით გამორჩეულ რეგიონებში. “როსპოტრებნადზორის” მონაცემებით, ავადობისა და სიკვდილიანობის მატებაა მოსალოდნელი შორეული აღმოსავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქებშიც.
ვირუსების, მათ შორის აივ-ის გავრცელებაზე უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლ სამხედროებში რუსი ბლოგერებიც საუბრობენ. ანასტასია კაშევაროვას განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებამ “ამაზე სერიოზულად უნდა იფიქროს, რადგან სოციალურად საშიში დაავადებების ეპიდემიის რეალური საფრთხე არსებობს”: ჰეპატიტი, აივ ინფექცია და ტუბერკულოზი ჯარში და ფრონტისპირა ზოლში უკვე ვრცელდება, “შემდეგ კი რუსეთის სიღრმეშიც გადაინაცვლებს”.
The Insider მანამდე წერდა, რომ დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების ნაწილის ოკუპაციის შემდეგ, აივ ინფიცირებული პაციენტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების დეფიციტის წინაშე აღმოჩნდნენ. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ისინი მედიკამენტების ცენტრალიზებულ შესყიდვებში არ ჩართო, რის გამოც ზოგიერთ პაციენტს ვადაგასულ წამლებს აძლევდნენ.
დამკვირვებელთა აზრით, ჯანდაცვის ბიუჯეტის შეკვეცა და რესურსების ომზე მიმართვა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, რომ სახელმწიფო საავადმყოფოებში ერთჯერადი სტერილური მასალების მწვავე დეფიციტი შეიქმნა.
სხვა რუსული მედიასაშუალებები კი ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ქვეყანა დატოვა დონორების უმეტესობამ, რომლებიც მოსახლეობასა და მოწყვლად ჯგუფებში პრევენციულ პროგრამებს აფინანსებდნენ. თავად სახელმწიფო ამ პროექტებს სათანადო რესურსს არ უთმობს, აღნიშნავს ქვიარ-მედია “Parni+”-ის მთავარი რედაქტორი ევგენი პისემსკი, რომელსაც Current Time ციტირებს. 2025 წელს გამოვლენილი 45,000 ახალი შემთხვევის ფონზე, რუსეთის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი მედიკამენტების დამატებით დაფინანსებას მხოლოდ 30,000 ახალი პაციენტისთვის ითვალისწინებს.
ასევე დაგაინტერესებთ:




