ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, მომავალი წლის აპრილიდან ინგლისში 16 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებზე მაღალი კოფეინის შემცველი ენერგეტიკული სასმელების გაყიდვა კანონით აიკრძალება.
ახალი რეგულაციის თანახმად, არალეგალური გახდება იმ სასმელების მიყიდვა ბავშვებისა და უმცროსი ასაკის მოზარდებისთვის მაღაზიებში, რესტორნებში, კაფეებში, ავტომატებსა და ონლაინ სივრცეში, რომლებიც ლიტრზე 150 მგ-ზე მეტ კოფეინს შეიცავს. ეს შეზღუდვა არ შეეხება კოფეინის დაბალი შემცველობის მქონე გამაგრილებელ სასმელებს, როგორიცაა Diet Coke (დიეტური კოლა), ისევე როგორც ჩაისა და ყავას. თუმცა, ისეთი პოპულარული ბრენდები, როგორებიცაა Red Bull, Monster, Relentless და Prime, დადგენილ ლიმიტს აჭარბებენ და მათზე წვდომა მოზარდებს შეეზღუდებათ.

მთავრობის განცხადებით, ახალი წესების მიზანია ბავშვებში სიმსუქნის დონის შემცირება და ჯანმრთელობის ისეთი პრობლემების პრევენცია, როგორიცაა ძილის დარღვევა, შფოთვის მატება და კონცენტრაციის ნაკლებობა, რაც ხშირად აისახება აკადემიურ მოსწრებაზე.
ჯანმრთელობის მინისტრმა, შერონ ჰოჯსონმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი დემონსტრირებას უკეთებს მთავრობის მტკიცე ერთგულებას, შექმნას “ბავშვების ყველაზე ჯანსაღი თაობა“.
აკრძალვა ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მას პარლამენტი დაამტკიცებს. წესების აღსრულებაზე პასუხისმგებლობა ადგილობრივ ხელისუფლებას დაეკისრება, ხოლო იმ ბიზნესებს, რომლებიც კანონს დაარღვევენ, შესაძლოა 2 500 ფუნტ სტერლინგამდე ჯარიმა დაეკისროთ.
ინგლისში ყოველდღიურად დაახლოებით 100 000 ბავშვი მოიხმარს ენერგეტიკულ სასმელებს. ზოგიერთი პოპულარული ბრენდი იმაზე მეტ კოფეინს შეიცავს, ვიდრე ორი ფინჯანი ყავა ან ოთხი ქილა კოლა ერთად.
ექსპერტების განმარტებით, ახალგაზრდები უფრო მგრძნობიარენი არიან კოფეინის მიმართ, რადგან მათი სხეულის მასა ნაკლებია, ხოლო ტვინი ჯერ კიდევ განვითარების სტადიაშია. ჭარბმა კოფეინმა შესაძლოა გამოიწვიოს გულისცემის აჩქარება, არანორმალური გულის რიტმი და კრუნჩხვები. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შემთხვევები იშვიათია, არსებობს კოფეინის ჭარბი მოხმარებით გამოწვეული გარდაცვალების ფაქტებიც.
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგთა ასოციაციის (The Association of UK Dietitians) თანახმად, ამ სასმელების შაქრიანი ვერსიები ასევე ხელს უწყობს სიმსუქნის განვითარებას და აზიანებს კბილებს.
ამჟამად, ნებისმიერი სასმელი (ჩაისა და ყავის გარდა), რომელიც 150 მგ/ლ-ზე მეტ კოფეინს შეიცავს, საჭიროებს სპეციალურ გამაფრთხილებელ ეტიკეტს, სადაც აღნიშნულია, რომ პროდუქტი არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის, ორსულებისთვის ან მეძუძური დედებისთვის. ზრდასრული ადამიანების უმეტესობისთვის დღეში 400 მგ-მდე კოფეინის მიღება (დაახლოებით 4 ფინჯანი ხსნადი ყავა ან 5 ფინჯანი ჩაი) უსაფრთხოდ ითვლება.
ჯანმრთელობის დამცველმა ორგანიზაციებმა, მათ შორის Obesity Health Alliance-მა, გადაწყვეტილებას მიესალმნენ და მას “საღი აზრი“ უწოდეს.
მეორე მხრივ, ბრიტანეთის უალკოჰოლო სასმელების ასოციაციამ (British Soft Drinks Association) აკრძალვას “ზედმეტი“ უწოდა. მათ აღნიშნეს, რომ ასოციაციის წევრებმა ჯერ კიდევ 2010 წელს აიღეს ნებაყოფლობითი ვალდებულება, არ მოეხდინათ ენერგეტიკული სასმელების რეკლამირება ან გაყიდვა 16 წლამდე ასაკის პირებისთვის.
აღსანიშნავია, რომ წინა კონსერვატიული მთავრობაც გეგმავდა ამ შეზღუდვის დაწესებას, თუმცა 2022 წელს პროექტი შეაჩერა იმ არგუმენტით, რომ სასმელის მოხმარება პირადი არჩევანის საკითხი უნდა ყოფილიყო. ამჟამად მსგავსი აკრძალვის დაწესებას ჩრდილოეთ ირლანდია, შოტლანდია და უელსიც განიხილავენ.




