პარაცეტამოლი ორსულობის პერიოდში ტკივილისა და ცხელების შესამცირებლად ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული პრეპარატია, თუმცა ბოლო წლებში რამდენიმე დაკვირვებითმა კვლევამ გააჩინა კითხვა, ხომ არ უკავშირდება მისი მიღება ბავშვებში აუტისტური სპექტრის აშლილობის ან ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობის – ADHD-ის – მომატებულ რისკს. “JAMA Internal Medicine“-ში გამოქვეყნებული ახალი, ფართომასშტაბიანი კვლევა ამ საკითხზე დამამშვიდებელ მონაცემებს გვთავაზობს: როდესაც მკვლევრებმა ერთი ოჯახის და-ძმები ერთმანეთს შეადარეს და საერთო გენეტიკური თუ ოჯახური ფაქტორები გაითვალისწინეს, ორსულობისას პარაცეტამოლის მიღებასა და აუტიზმს ან ADHD-ს შორის რისკის ზრდა აღარ გამოვლინდა.
მკვლევრებმა ჰონგ-კონგის ელექტრონულ სამედიცინო ჩანაწერებში 2001–2023 წლებში რეგისტრირებული 708 020 დედა-შვილის მონაცემები შეისწავლეს. ორსულობების დაახლოებით 43%-ში დაფიქსირებული იყო პარაცეტამოლის დანიშვნა. მონაცემები მოიცავდა პრეპარატის დასახელებას, დოზას, მიღების სიხშირესა და დანიშვნის თარიღებს.
თავდაპირველად, მთელი მოსახლეობის ჩვეულებრივი სტატისტიკური ანალიზისას, პარაცეტამოლის მიღებასა და ბავშვებში აუტიზმისა თუ ADHD-ის დიაგნოზებს შორის მცირე კავშირი გამოჩნდა. თუმცა ასეთი კვლევების მთავარი სირთულე ისაა, რომ პარაცეტამოლს ადამიანები უმიზეზოდ არ იღებენ: პრეპარატის საჭიროება შეიძლება უკავშირდებოდეს სიცხეს, ინფექციას, ტკივილს, ქრონიკულ დაავადებას ან სხვა მდგომარეობას, რომელიც თავადაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ბავშვის ჯანმრთელობასთან. ასევე გასათვალისწინებელია ოჯახში საერთო გენეტიკური, სოციალური და გარემო ფაქტორები.
ამ გავლენების შესამცირებლად მკვლევრებმა გამოიყენეს და-ძმების შედარების მეთოდი. ერთმანეთს შეადარეს ერთი დედის შვილები, რომელთაგან ერთის ორსულობისას დედას პარაცეტამოლი ჰქონდა დანიშნული, მეორის შემთხვევაში კი – არა. აუტისტური სპექტრის აშლილობის ანალიზში 124 333 ბავშვი მონაწილეობდა, ADHD-ის ანალიზში კი – 97 285. ასეთი მიდგომა მკვლევრებს საშუალებას აძლევს, უკეთ გააკონტროლონ ოჯახის წევრებისთვის საერთო გენეტიკური და გარემო ფაქტორები.
და-ძმების შედარების შემდეგ პარაცეტამოლის ორსულობისას მიღება არ იყო დაკავშირებული არც აუტისტური სპექტრის აშლილობის და არც ADHD-ის მომატებულ რისკთან. აუტიზმისთვის გამოთვლილი კორექტირებული საფრთხის თანაფარდობა 1.00 იყო, ხოლო ADHD-ისთვის – 1.01, რაც რისკის პრაქტიკულად არარსებულ განსხვავებაზე მიუთითებს. შედეგი უცვლელი დარჩა იმის მიუხედავად, ორსულობის რომელ პერიოდში იყო პრეპარატი გამოყენებული, რა იყო საერთო დოზა და გამოყენება ერთჯერადი, პერიოდული თუ უფრო ხანგრძლივი იყო.
მკვლევრებმა დამატებით შეისწავლეს პარაცეტამოლის გამოყენება ორსულობამდე და მშობიარობის შემდეგ – პერიოდებში, როდესაც პრეპარატი ნაყოფის ტვინის განვითარებაზე უშუალოდ ვერ იმოქმედებდა. მცირე სტატისტიკური კავშირები ამ პერიოდებშიც გამოჩნდა. ავტორების განმარტებით, ეს კიდევ უფრო ამყარებს ვარაუდს, რომ წინა კვლევებში გამოვლენილი კავშირი, დიდი ალბათობით, უშუალოდ პარაცეტამოლით კი არა, ოჯახური ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა ფაქტორებით იყო გამოწვეული.
მსგავსი შედეგები სხვა ქვეყნებში ჩატარებულმა დიდმა კვლევებმაც აჩვენა. 2024 წელს შვედეთის მოსახლეობის მონაცემებზე ჩატარებულ კვლევაში ჩვეულებრივი ანალიზისას მცირე კავშირი დაფიქსირდა, მაგრამ ის და-ძმების შედარების შემდეგ გაქრა. ტაივანში ორ მილიონზე მეტი დაბადების მონაცემების ანალიზშიც საწყისი კავშირები და-ძმების შედარებისას აღარ დასტურდებოდა, თუმცა ავტორებმა ამ მეთოდის შესაძლო შეზღუდვებზეც მიუთითეს.
ახალ კვლევას შეზღუდვებიც აქვს. პარაცეტამოლის გამოყენება რეცეპტებისა და აფთიაქიდან გაცემის ჩანაწერებით განისაზღვრა, ამიტომ მკვლევრებს შესაძლოა სრულად ვერ აღერიცხათ ურეცეპტოდ შეძენილი ან რეალურად მიუღებელი დოზები. ამასთან, კვლევა კონკრეტულად აუტიზმსა და ADHD-ს აფასებდა და მისი შედეგები პარაცეტამოლის ორსულობისას გამოყენების ყველა შესაძლო შედეგზე ავტომატურად ვერ გავრცელდება. ეს დაკვირვებითი კვლევაა და არა ექსპერიმენტი, თუმცა და-ძმების შედარება მიზეზობრივი კავშირის შეფასებისას მნიშვნელოვან დამატებით სანდოობას იძლევა.
შედეგები არ ნიშნავს, რომ ორსულობისას ნებისმიერი წამლის მიღება შეზღუდვის გარეშე შეიძლება. ამერიკის მეან-გინეკოლოგთა კოლეგია აცხადებს, რომ პარაცეტამოლის გამოყენება ორსულობისას შესაძლებელია ტკივილისა და სიცხის სამკურნალოდ, თუმცა პაციენტმა მისი მიღება მეან-გინეკოლოგთან ან სხვა მკურნალ ექიმთან უნდა შეათანხმოს. ასევე მნიშვნელოვანია რეკომენდებული დოზის დაცვა და იმის შემოწმება, ხომ არ შეიცავს პარაცეტამოლს ერთდროულად მიღებული გაციების, ტკივილგამაყუჩებელი ან სხვა კომბინირებული პრეპარატიც.
ახალი კვლევის მთავარი გზავნილი კონკრეტულია: არსებულ მონაცემებში ორსულობისას დანიშნული პარაცეტამოლი ბავშვებში აუტიზმის ან ADHD-ის მომატებულ რისკს არ უკავშირდებოდა მას შემდეგ, რაც მკვლევრებმა ოჯახის შიგნით არსებული საერთო ფაქტორები გაითვალისწინეს. შესაბამისად, მიღებული შედეგები არ ამყარებს მოსაზრებას, რომ პარაცეტამოლი თავად იწვევს ამ ნეიროგანვითარებით მდგომარეობებს.




