შვედეთში ჩატარებულმა ახალმა გრძელვადიანმა კვლევამ აჩვენა, რომ კვების ხარისხს დიდი მნიშვნელობა აქვს დემენციის განვითარების პრევენციაში იმ ადამიანებშიც კი, ვის ორგანიზმშიც ალცჰაიმერის დაავადებასთან ასოცირებული ადრეული ბიოლოგიური ცვლილებები უკვე დაწყებულია. იმ მონაწილეებს, რომლებიც ანთების საწინააღმდეგო დიეტას მისდევდნენ, დემენციის განვითარების მნიშვნელოვნად დაბალი რისკი აღენიშნებოდათ.
კვლევა, რომელიც 8 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, აკვირდებოდა 1900-მდე ხანდაზმულ ადამიანს, რომლებსაც საწყის ეტაპზე სისხლში სპეციფიკური ბიომარკერების დონე გაეზომათ. ბიომარკერი არის ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესის ობიექტური მაჩვენებელი (მაგალითად, ცილა სისხლში), რომლის მიხედვითაც შესაძლებელია დაავადების არსებობის ან მისი რისკის შეფასება. კვლევაში გამოყენებული იყო სამი ძირითადი ბიომარკერი: p-tau217 (ფოსფორილირებული ტაუ-ცილა, რომელიც ალცჰაიმერის დაავადების პათოლოგიაზე მიანიშნებს), NfL (ნეიროფილამენტის მსუბუქი ჯაჭვი, რომელიც ნერვული უჯრედების დაზიანების ნიშანია) და GFAP (გლიური ფიბრილარული მჟავე ცილა, რომელიც ტვინში ანთებით და დამცავ რეაქციებზე პასუხისმგებელი გლიური უჯრედების გააქტიურებაზე მიუთითებს). ეს ბიოლოგიური ცვლილებები ხშირად წლებით ადრე იწყება, სანამ ადამიანს მეხსიერების ან ქცევის პირველი სიმპტომები გამოუვლინდება.
ჟურნალში “JAMA Network Open” გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, ანთების საწინააღმდეგო კვების რეჟიმის დაცვა ყველაზე მეტად სწორედ იმ პირებს დაეხმარა, ვისაც აღნიშნული ბიომარკერების მაღალი მაჩვენებლები ჰქონდათ. კერძოდ:
-
p-tau217-ის მაღალი დონის მქონე პირებში დემენციის რისკი 29%-ით შემცირდა;
-
NfL-ის მომატებული მაჩვენებლის მქონე ჯგუფში რისკი 21%-ით ნაკლები იყო;
-
GFAP-ის მაღალი დონის მქონე პირებში კი რისკმა 27%-ით დაიკლო.
გარდა ამისა, p-tau217-ის მაღალი მაჩვენებლის მქონე მონაწილეებმა, რომლებიც ანთების საწინააღმდეგო დიეტას მკაცრად იცავდნენ, თითქმის ერთი წლით მეტი იცოცხლეს დემენციის სიმპტომების გამოვლენის გარეშე, მათთან შედარებით, ვინც ამ რეჟიმს არ თვლიდა პრიორიტეტად.
საინტერესოა, რომ კვლევაში შეფასებული სხვა ორი პოპულარული კვების მოდელი – ალტერნატიული ხმელთაშუაზღვის კვებითი რაციონი და ჯანსაღი კვების ალტერნატიული ინდექსი – დემენციის რისკის შემცირებასთან ასოცირებული იყო მხოლოდ იმ პირებში, ვისაც სისხლში ბიომარკერების დაბალი მაჩვენებლები ჰქონდათ.
სამივე კვების მოდელი ორიენტირებულია ბოსტნეულის, ხილის, თხილეულისა და მთლიანი მარცვლოვნების მოხმარებაზე, ხოლო წითელი, გადამუშავებული ხორცისა და ტკბილი სასმელების შეზღუდვაზე. თუმცა, ანთების საწინააღმდეგო დიეტის ინდექსი ეფუძნება არა ზოგად რეკომენდაციებს, არამედ წინა სამეცნიერო კვლევებს იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რომელი პროდუქტები ახდენენ გავლენას ორგანიზმში ანთებით მარკერებზე.
მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ეს შედეგები არ ამტკიცებს იმას, რომ დიეტა სრულად აქრობს დემენციის განვითარების შესაძლებლობას. თუმცა, მიღებული მონაცემები საფუძველს უყრის მომავალ კლინიკურ გამოცდებს, რათა ზუსტად განისაზღვროს კვებითი ინტერვენციების როლი ნევროლოგიური დარღვევების პრევენციაში.
წყარო: JAMA Network Open




