ჩიკაგოში გამართულ ენდოკრინოლოგთა ასოციაციის ყოველწლიურ კონგრესზე წარდგენილი ახალი სისტემური მიმოხილვის მიხედვით, ახალი თაობის სიმსუქნის საწინააღმდეგო პრეპარატებმა – გლუკაგონის მსგავსი პეპტიდ-1-ის (GLP-1) რეცეპტორების აგონისტებმა – შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის გაუმჯობესებაში. უორვიკის სამედიცინო სკოლის ენდოკრინოლოგის, დოქტორ პრატიბჰა ნატეშის კვლევამ აჩვენა, რომ GLP-1 კლასის მედიკამენტები ხელს უწყობს ტესტოსტერონის დონის მატებას ან სტაბილიზაციას და აუმჯობესებს სპერმის ხარისხობრივ მაჩვენებლებს ჭარბი წონის მქონე მამაკაცებში. მიუხედავად იმისა, რომ მონაცემები წინასწარია და უფრო მასშტაბურ კვლევებს საჭიროებს, სხვადასხვა კლინიკური ცენტრებიდან მიღებული ემპირიული მასალა ამ ჰიპოთეზას ამყარებს.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა გააანალიზეს რანდომიზებული კონტროლირებადი ცდები. ერთ-ერთ კვლევაში, სადაც ჰიპოგონადიზმით (ტესტოსტერონის დაბალი დონე) და სიმსუქნით დაავადებული პაციენტები მკურნალობდნენ, 16 კვირის შემდეგ ორივე ჯგუფში – მათშიც, ვინც GLP-1-ს იღებდა და მათშიც, ვინც ტესტოსტერონის ჩანაცვლებით თერაპიას (TRT) გადიოდა – ჰორმონის დონემ აიწია. მეორე, 24-კვირიან კვლევაში, რომელიც ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებს მოიცავდა, ტესტოსტერონის ჩანაცვლებითმა თერაპიამ ჰორმონის უფრო მაღალი კონცენტრაცია აჩვენა, თუმცა ამ ჯგუფში სპერმის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები, მოსალოდნელად, შემცირდა. საპირისპიროდ, GLP-1-ის ჯგუფში დაფიქსირდა სპერმის ხარისხის გაუმჯობესება: მორფოლოგიურად ნორმალური, სწორი სტრუქტურის მქონე სპერმატოზოიდების წილი 2%-დან 4%-მდე გაიზარდა. ჯანმრთელ მამაკაცებში ამ პრეპარატების მოკლევადიანმა მიღებამ ტესტოსტერონის ბაზალურ დონეზე გავლენა არ მოახდინა.
მოცემულ მონაცემებს ამყარებს სხვა დამოუკიდებელი რეტროსპექტული კვლევებიც. მაიოს კლინიკის (Mayo Clinic) მეცნიერებმა ამერიკის უროლოგთა ასოციაციის კონგრესზე წარდგენილი 1600-ზე მეტი პაციენტის ელექტრონული სამედიცინო ისტორიების ანალიზი. შედეგებმა აჩვენა, რომ GLP-1-ის ან ორმაგი მოქმედების (GLP-1/GIP) რეცეპტორების აგონისტებით მკურნალობის შემდეგ, მამაკაცებში ტესტოსტერონის დონე საშუალოდ 30%-ით გაიზარდა. სხვა, 215 პაციენტზე ჩატარებულმა რეტროსპექტულმა დაკვირვებამ კი აჩვენა ჰორმონის დონის საშუალოდ 20%-იანი მატება წონის კლების თერაპიის დასრულების შემდეგ.
ბიოქიმიური თვალსაზრისით, ეს კორელაცია სრულიად კანონზომიერია. ცნობილია, რომ სიმსუქნე პირდაპირ თრგუნავს ტესტოსტერონის სინთეზს, ვინაიდან ცხიმოვანი უჯრედები შეიცავს ფერმენტ არომატაზას მაღალ კონცენტრაციას, რომელიც ტესტოსტერონის ნაწილს ესტრადიოლად (მთავარ ქალის სასქესო ჰორმონად) გარდაქმნის. გარდა ამისა, ჭარბი წონით გამოწვეული მეტაბოლური დარღვევები და ქრონიკული სისტემური ანთებითი პროცესები დამატებით აფერხებს ჰორმონის გამომუშავებას. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ რეპროდუქციული გეგმების მქონე პაციენტებში, რომელთაც სიმსუქნე და ჰიპოგონადიზმის სიმპტომები აღენიშნებათ, პირველი რიგის სტრატეგია უნდა იყოს წონის კლება ცხოვრების წესის ცვლილებითა და საჭიროებისას მედიკამენტური თერაპიით, ნაცვლად მყისიერად ტესტოსტერონის ჩანაცვლებითი თერაპიის დაწყებისა, რაც ხშირად თრგუნავს სპერმატოგენეზს.
ასევე დაგაინტერესებთ:
ზრდის თუ არა GLP-1 კლასის მედიკამენტები სექსუალურ ლტოლვას? ექსპერტების განმარტება




