აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ჩაერთვება ვაქცინების გლობალური ალიანსის, Gavi-ს მუშაობაში, აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში გავრცელებული ებოლას ეპიდემიოლოგიური აფეთქების ფონზე.
რუბიომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს განუცხადა, რომ პარტნიორობის აღდგენის გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ იქნა მიღებული, მას შემდეგ, რაც გასულ წელს ტრამპის ადმინისტრაციამ Gavi-ს ფინანსური მხარდაჭერა შეუწყვიტა.
ჟენევაში ბაზირებული ორგანიზაცია Gavi ეხმარება მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს ვაქცინების შესყიდვაში, რათა უზრუნველყოს ბავშვთა დაცვა ისეთი ინფექციებისგან, როგორიცაა წითელა და დიფთერია. გარდა ამისა, ორგანიზაცია აქტიურად მონაწილეობს ეპიდემიოლოგიური კრიზისების მართვაში. ამჟამად Gavi-მ 50 მილიონი აშშ დოლარი გამოყო კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და უგანდაში მიმდინარე ბუნდიბუგიოს (Bundibugyo) შტამის საპასუხოდ. აღნიშნული თანხიდან 10 მილიონი დოლარი მიიმართება გადაუდებელი რეაგირებისთვის, ხოლო 40 მილიონი დოლარი – ადრეულ სტადიაზე მყოფი ახალი ვაქცინების ხელმისაწვდომობის დასაჩქარებლად.
ალიანსის ბიუჯეტმა სერიოზული დანაკარგი განიცადა გასული წლის ივნისში, როდესაც აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა რობერტ კენედიმ (Robert F. Kennedy Jr) განაცხადა, რომ ქვეყანა წყვეტდა ყოველწლიურ, დაახლოებით 300 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსებას. კენედიმ, რომელიც ცნობილია ვაქცინების მიმართ სკეპტიკური განწყობებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად ორგანიზაციის მხრიდან უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფა დაასახელა, თუმცა საკუთარი განცხადების დასასაბუთებლად ოფიციალური მტკიცებულებები არ წარუდგენია.
მარკო რუბიოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მდივანმა კენედიმ წამყვანი როლი შეასრულა Gavi-სთან ურთიერთობის გადახედვაში, სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება პროცესში კვლავ ჩაერთოს, რათა მიღწეულ იქნას კონკრეტული შედეგი გლობალური ჯანდაცვის მიმართულებით.
“სახელმწიფო დეპარტამენტმა რამდენიმე კვირის წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენ კვლავ ჩავერთვებით Gavi-ს საკითხში, ამასთანავე, პატივს ვცემთ ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის (HHS) პოზიციასაც. ჩვენ გვსურს ამ საკითხის ისე მოგვარება, რაც მისაღები იქნება როგორც კონგრესისთვის, ისე გლობალური ჯანდაცვის სფეროში ჩვენი მიზნებისთვის“, — განაცხადა რუბიომ.
მომავალი დაფინანსების შეწყვეტასთან ერთად, აშშ-ს ამ დრომდე დაბლოკილი აქვს კონგრესის მიერ ორი წლის ვადით დამტკიცებული 600 მილიონი აშშ დოლარი. რამდენიმე ამერიკელი სენატორი აქტიურად ითხოვდა აღნიშნული ფულადი სახსრების დაუყოვნებლივ გამოთავისუფლებას.
Gavi-ს აღმასრულებელმა დირექტორმა სანია ნიშტარმა აღნიშნა, რომ იგი იმედოვნებს რუბიოს განცხადებების პრაქტიკულ რეალიზებას.
“კონგრესის მიერ Gavi-სთვის გამოყოფილი სახსრების განბლოკვა საშუალებას მოგვცემს, დავიცვათ მსოფლიო ინფექციური დაავადებების საფრთხეებისგან. ჩვენი მიმდინარე მუშაობა ბუნდიბუგიოს შტამის წინააღმდეგ ნათლად უსვამს ხაზს ამ პარტნიორობის მნიშვნელობას“, — ნათქვამია ნიშტარის ოფიციალურ განცხადებაში.
რობერტ კენედის ერთ-ერთ მთავარ პრეტენზიას წარმოადგენდა ვაქცინებში ვერცხლისწყალზე ბაზირებული კონსერვანტის – თიმეროსალის (thimerosal) გამოყენება. მიმდინარე წლის დასაწყისში აშშ-მა დაფინანსების აღდგენის პირდაპირ პირობად დააყენა Gavi-ს მიერ აღნიშნული ნივთიერების შემცველი პრეპარატების ხმარებიდან ეტაპობრივი ამოღება. ანტივაქსერული ჯგუფები ათწლეულების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ თიმეროსალი დაკავშირებულია აუტიზმსა და ნეიროგანვითარების სხვა დარღვევებთან, მიუხედავად იმისა, რომ მრავალრიცხოვანმა სამეცნიერო კვლევამ მსგავსი კავშირი და უსაფრთხოების პრობლემები სრულად უარყო.
თავდაპირველად Gavi აცხადებდა, რომ მსგავს გადაწყვეტილებებს მხოლოდ ორგანიზაციის საბჭო იღებს და ხაზს უსვამდა თიმეროსალის, როგორც ინგრედიენტის უსაფრთხოებას. თუმცა მაისში, ჟენევაში გამართულ ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე რეიტერსთან საუბრისას, სანია ნიშტარმა განმარტა, რომ კენედის მოთხოვნამდეც, ორგანიზაცია გეგმავდა გადასვლას ახალი თაობის ვაქცინებზე, რომლებიც უფრო ფართო დაცვას უზრუნველყოფენ და არ შეიცავენ თიმეროსალს.
“ჩვენ ამ ტრანსფორმაციას ნებისმიერ შემთხვევაში განვახორციელებდით, მიუხედავად ამ მოთხოვნისა. თუმცა, რადგან ეს ცვლილება ემთხვევა და აკმაყოფილებს მათ მიერ წაყენებულ პირობას, ჩვენ იმედით ველით მათთან შემდგომ თანამშრომლობას“, – განაცხადა ნიშტარმა.
HHS-ის წარმომადგენლის თქმით, ჯანმრთელობის დეპარტამენტი და სახელმწიფო დეპარტამენტი ამჟამად პირდაპირ დიალოგში იმყოფებიან Gavi-სთან და გამოხატავენ ფრთხილ ოპტიმიზმს, რომ მიმდინარე მოლაპარაკებები უზრუნველყოფს მეტ გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებასა და კონსტრუქციულ განვითარებას.
წყარო: Reuters




