ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) უახლესი მონაცემებით, ევროპაში ბაქტერიული სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი) რაოდენობა უკვე ათი წელია სტაბილურად იზრდება და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
“სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მატების ტენდენცია ბოლო 10 წელია შეინიშნება, თუმცა 2024 წელს შემთხვევებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია“, – განაცხადა ბრუნო ჩიანჩომ, ECDC-ის ვაქცინით პრევენცირებადი და პირდაპირი გზით გადამდები დაავადებების განყოფილების ხელმძღვანელმა. მანვე დასძინა, რომ მკურნალობის გარეშე ამ ინფექციებმა შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე გართულებები, როგორიცაა ქრონიკული ტკივილი და უშვილობა, ხოლო სიფილისის შემთხვევაში – გულისა და ნერვული სისტემის სერიოზული დაზიანებები.
მონაცემები აჩვენებს, რომ გონორეის, სიფილისისა და თანდაყოლილი სიფილისის შემთხვევები ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ინფექციები ბევრ ქვეყანაში აქტიურად ვრცელდება. კერძოდ, გონორეის შემთხვევებმა 106 331-ს მიაღწია (რაც 2015 წლის შემდეგ 303%-იანი მატებაა), სიფილისის შემთხვევები იმავე პერიოდში ორჯერ მეტად გაიზარდა და 45 577 შეადგინა, ხოლო ყველაზე გავრცელებულ ინფექციად კვლავ ქლამიდია რჩება 213 443 შემთხვევით.
გონორეის შემთხვევების მკვეთრი ზრდა
2024 წლის მონაცემებით, გონორეის გავრცელების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია მას შემდეგ, რაც 2009 წელს სააგენტომ ამ დაავადებების ზედამხედველობა დაიწყო. გონორეა ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, განსაკუთრებით ქალებში. ეს იწვევს დიაგნოზის დაგვიანებას, გართულებებსა და ვირუსის შეუმჩნეველ გადაცემას.
ბოლო წლებში საერთო მაჩვენებელი 4.3%-ით გაიზარდა. კაცებში მატებამ 7.9% შეადგინა (ყველაზე მეტად 25-34 წლის ასაკობრივ ჯგუფში), ხოლო შემთხვევების ნახევარზე მეტი კაცებთან სქესობრივი კონტაქტის მქონე კაცებში დაფიქსირდა. ქალებში, პირიქით, საერთო მაჩვენებელი 8.6%-ით შემცირდა (ყველაზე მეტი შემთხვევა 20-24 წლის ასაკში გამოვლინდა). მიუხედავად კლებისა, სააგენტო აღნიშნავს, რომ რეპროდუქციული ასაკის ქალებში გონორეის მაღალი მაჩვენებელი მაინც საყურადღებოა რეპროდუქციული სისტემის გართულებების რისკის გამო. საერთო ჯამში, ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ირლანდიაში, მალტაში, ისლანდიაში, ლუქსემბურგში, დანიასა და ესპანეთში დაფიქსირდა.
თანდაყოლილი სიფილისის საგანგაშო მატება
კვლევამ აჩვენა თანდაყოლილი სიფილისის შემთხვევების მკვეთრი ზრდაც, რომელმაც 2009 წლის შემდეგ უმაღლეს წერტილს მიაღწია და წინა წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა. თანდაყოლილი სიფილისი არის ინფექცია, რომელიც გადადის ინფიცირებული ორსულიდან ნაყოფზე ფეხმძიმობის პერიოდში. გადაცემა შეიძლება მოხდეს ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე, თუმცა რისკი ყველაზე მაღალია მაშინ, როცა დედის ადრეული სიფილისი მკურნალობის გარეშეა დატოვებული. 2015 წლიდან 2024 წლამდე ყველაზე მეტი შემთხვევა ბულგარეთში (195), პორტუგალიასა (96) და უნგრეთში (91) დაფიქსირდა.
ექსპერტების განმარტებით, თანდაყოლილი სიფილისი პრევენცირებადი მდგომარეობაა და მისი სრული აღმოფხვრა შესაძლებელია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის ბიუროს მიზანია, რომ 2030 წლისთვის 100,000 ცოცხლად შობილზე ერთ შემთხვევაზე ნაკლები დაფიქსირდეს. ამისთვის რეკომენდებულია ჰეტეროსექსუალურ პოპულაციაში პრევენციის გაძლიერება, სკრინინგის გაფართოება და ორსულების სავალდებულო განმეორებითი ტესტირება მესამე ტრიმესტრში.
რატომ იზრდება ინფექციების რაოდენობა?
ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სქესობრივი ქცევის ცვლილება და მაღალი რისკის შემცველი კონტაქტები სახელდება. ხოსეპ მალოლასი, ბარსელონას კლინიკური საავადმყოფოს აივ/შიდსის განყოფილების ხელმძღვანელი (რომელიც არ მონაწილეობდა ანგარიშის მომზადებაში), აღნიშნავს: “პირველ რიგში, პრეზერვატივის გამოყენება სულ უფრო იშვიათი ხდება – მას სულ უფრო ნაკლებად იყენებენ. მეორე მხრივ, გაიზარდა სქესობრივი პარტნიორების რაოდენობა, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა ახალგაზრდა პოპულაციაში – პუბერტატის, მოზარდობის ასაკიდან ოცდაათ წლამდე“.
თუმცა, სააგენტო აღნიშნავს, რომ რეალური შემთხვევების მატებასთან ერთად, მაღალ ციფრებში თავისი წვლილი შეაქვს გაუმჯობესებულ ტესტირებას, სკრინინგის პროგრამებსა და აღრიცხვის უკეთეს სისტემებსაც. შემთხვევების ზრდის საპასუხოდ, ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე შეცვალა ტესტირების პოლიტიკა და მოსახლეობისთვის უფასო, მათ შორის სახლის პირობებში გამოსაყენებელი თვითტესტები უფრო ხელმისაწვდომი გახადა.
შემთხვევების მატება საქართველოშიც აღინიშნება.
ასევე დაგაინტერესებთ:




