ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გავრცელებული ებოლას აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა. ორგანიზაციის განმარტებით, აღმოსავლეთ პროვინციაში დაწყებული ეპიდემია ამ ეტაპზე არ აკმაყოფილებს პანდემიის კრიტერიუმებს, თუმცა არსებობს ვირუსის მასშტაბური ადგილობრივი და რეგიონული გავრცელების სერიოზული საფრთხე. ამ დროისთვის რეგისტრირებულია 246 საეჭვო შემთხვევა და 80 გარდაცვალება, თუმცა ექსპერტები შიშობენ, რომ ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა შესაძლოა ბევრად მაღალი იყოს.
მდგომარეობას საგრძნობლად ართულებს ის ფაქტი, რომ ვირუსმა უკვე გადაკვეთა კონგოს საზღვრები – მეზობელ უგანდაში დაავადების ორი შემთხვევა დადასტურდა, სადაც ერთ-ერთი პაციენტი გარდაიცვალა. გარდა ამისა, ინფექცია უკვე დაფიქსირდა ქვეყნის დედაქალაქ კინშასაში და სტრატეგიულ ქალაქ გომაში, რომელსაც ამჟამად ამბოხებულები აკონტროლებენ. როგორც ცნობილია, მიმდინარე აფეთქებას იწვევს ებოლას “ბუნდიბუგიოს“ (Bundibugyo) შტამი, რომლის საწინააღმდეგო დამტკიცებული ვაქცინა ან სპეციფიკური წამალი მსოფლიოში ჯერჯერობით არ არსებობს.
ჯანმოს სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ რეგიონში არსებული ჰუმანიტარული კრიზისი, მოსახლეობის აქტიური გადაადგილება და არაფორმალური სამედიცინო პუნქტების სიმრავლე ვირუსის გავრცელების რისკს ზრდის. ორგანიზაციის რეკომენდაციით, კონგომ და უგანდამ სასწრაფოდ უნდა აამოქმედონ საგანგებო ოპერატიული ცენტრები კონტაქტების მოსაძიებლად და ინფიცირებულთა დაუყოვნებლივი იზოლაციისთვის. ამავდროულად, ჯანმო მოუწოდებს სხვა ქვეყნებს, არ ჩაკეტონ საზღვრები და არ დააწესონ შეზღუდვები ვაჭრობასა თუ მოგზაურობაზე, რადგან ასეთი რადიკალური ზომები მეცნიერულ საფუძველს მოკლებულია და მხოლოდ მასობრივ შიშს ეფუძნება.




