ებშტეინ-ბარის ვირუსი (EBV) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსია მსოფლიოში, რომელიც ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 95 პროცენტს აქვს. მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს შემთხვევაში ვირუსი ორგანიზმში ლატენტურ (ფარულ) მდგომარეობაშია, მისი რეაქტივაცია ათწლეულების შემდეგ დაკავშირებულია ისეთ სერიოზულ დაავადებებთან, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი, ლუპუსი, რევმატოიდული ართრიტი და სხვადასხვა სახის სიმსივნე. ყოველწლიურად EBV-სთან ასოცირებული კიბოს 358 000-მდე ახალი შემთხვევა და 209 000 გარდაცვალება ფიქსირდება, თუმცა ამ დრომდე მის საწინააღმდეგო ლიცენზირებული ვაქცინა ან სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს.
ჟურნალ “Cell Reports Medicine”-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ფრედ ჰატჩინსონის კიბოს კვლევის ცენტრისა და ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ადამიანის ანტისხეული, რომელმაც სრულად დაბლოკა ინფექცია ადამიანის იმუნური სისტემის მქონე მოდელებში. ანტისხეულების მისაღებად მკვლევრებმა გამოიყენეს გენეტიკურად მოდიფიცირებული თაგვები, რომლებსაც ვირუსის ზედაპირზე არსებული ორი ცილა – gp350 და gp42 წარუდგინეს. სწორედ ამ ცილების მეშვეობით ახერხებს ვირუსი ადამიანის B-უჯრედებზე (თეთრი სისხლის უჯრედები, რომლებიც იმუნურ პასუხს მართავენ) მიმაგრებას.
კვლევის ფარგლებში ჩატარებულმა სამმა ცალკეულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ gp42 ცილის საწინააღმდეგო ანტისხეულმა ყველა შემთხვევაში 100 პროცენტით აღკვეთა ინფექცია. ეს აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ სუსტი იმუნური სისტემა, მაგალითად, ორგანოების ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდეგ. ასეთ პაციენტებში ვირუსის რეაქტივაციამ შესაძლოა გამოიწვიოს აგრესიული სიმსივნე – პოსტტრანსპლანტაციური ლიმფოპროლიფერაციული დარღვევა (PTLD). მეცნიერები უკვე მუშაობენ ინდუსტრიულ პარტნიორთან ერთად, რათა მომზადდეს ანტისხეულების ადამიანებზე გამოცდის ეტაპი, რაც ჯანმრთელ მოხალისეებში უსაფრთხოების შემოწმებას გულისხმობს.




