აივ ინფექცია ჩუმად ზემოქმედებდა ადამიანის ევოლუციაზე. ანტირეტროვირუსულმა თერაპიამ ეს პროცესი შეაჩერა. ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ეფექტური მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში, ვირუსი სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ პროვინციაში გარკვეული გენეტიკური ვარიანტების სიხშირეს გააორმაგებდა.
სამხრეთ აფრიკის იმ ნაწილში, სადაც აივ-ინფექციის მაღალი მაჩვენებელია, ქალებსა და გოგონებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვირუსს აქვს პოტენციალი, გავლენა მოახდინოს ადამიანის ევოლუციაზე კონკრეტული იმუნური გენების შერჩევის გზით. თუმცა, ეს პროცესი ანტირეტროვირუსული პრეპარატების წარმატებამ მნიშვნელოვნად შეაჩერა.
სანამ 2004 წელს სამხრეთ აფრიკაში ანტირეტროვირუსული თერაპია (ART) ხელმისაწვდომი გახდებოდა, აივ-ინფექციის გამოსავალი და დედიდან შვილზე ვირუსის გადაცემის მაჩვენებლები მჭიდროდ იყო დამოკიდებული გენზე, სახელწოდებით HLA-B. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იყო კვაზულუ-ნატალის პროვინციაში, სადაც ანტენატალურ კლინიკებში ვირუსის გავრცელება დაახლოებით 40 პროცენტს შეადგენს. აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ გენის დამცავი ფორმები ჰქონდათ, სისხლში ვირუსის უფრო დაბალი დონე აღენიშნებოდათ, რაც დაკავშირებული იყო გადაცემის შემცირებულ მაჩვენებელთან და როგორც დედის, ისე ბავშვის გადარჩენის გაზრდილ შანსებთან.
მოდელირებამ აჩვენა, თუ როგორ იმოქმედებდა გადაცემისა და გადარჩენის ეს სხვაობები პოპულაციაზე, კვაზულუ-ნატალს ART-ზე წვდომა რომ არასდროს ჰქონოდა. კვლევის თანახმად, 1990-დან 2035 წლამდე, 45-წლიან პერიოდში, პოპულაციაში დაავადებისადმი მიდრეკილი HLA-B ვარიანტები 38 პროცენტით შემცირდებოდა, ხოლო დამცავი ვარიანტების სიხშირე გაორმაგდებოდა. ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარი, ფილიპ გულდერი განმარტავს, რომ თერაპიის გარეშე ბევრად მეტი ადამიანი კვდება. შესაბამისად, თუ გადარჩენაზე გავლენას ახდენს კონკრეტული აივ-გენები, იწყება ბუნებრივი გადარჩევა. მეცნიერებმა ეს პროცესი დაინახეს და ისიც შენიშნეს, რომ ანტირეტროვირუსული თერაპია მას ბლოკავდა.
ეს მიგნებები პასუხობს ევოლუციურ ბიოლოგიაში არსებულ დიდი ხნის ჰიპოთეზას, რომლის თანახმადაც, ინფექციური დაავადებები ეხმარება იმუნურ გენებში მრავალფეროვნების შენარჩუნებას და ხელს უწყობს ჩვენი იმუნური სისტემის ევოლუციას. მართლაც, HLA რეგიონი ყველაზე ცვალებადია ადამიანის გენომში. ოქსფორდის უნივერსიტეტის კიდევ ერთი მკვლევარი, ბრიჯეტ პენმანი ამბობს, რომ ზოგადი ბუნებრივი გადარჩევისას შეიძლება წარმოვიდგინოთ ოპტიმალური მდგომარეობა, თუმცა პათოგენებთან თანაევოლუცია ნიშნავს, რომ ყველაფერი მუდმივად იცვლება, რადგან თუ მასპინძელს აქვს ადაპტაცია, პათოგენსაც შეუძლია ჰქონდეს ადაპტაცია.
ის ფაქტი, რომ მხოლოდ აივ-ს შეეძლო ზოგიერთი ამ ვარიანტის სიხშირის გაორმაგება სულ რაღაც რამდენიმე ათწლეულში, აჩვენებს, თუ რამდენად გამანადგურებელი შეიძლება იყოს ეს ვირუსი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2024 წლის ბოლოსთვის დაახლოებით 40.8 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა აივ-ინფექციით, რომელთაგან 1.3 მილიონი იმ წელს დაინფიცირდა. მსოფლიოში აივ-ით მცხოვრები ადამიანების 20 პროცენტზე მეტი სამხრეთ აფრიკაშია. გულდერი აღნიშნავს, რომ ინგლისში ბევრს წარმოდგენა არ აქვს, რომ სამხრეთ აფრიკის ზოგიერთ ნაწილში დედების 40 პროცენტი აივ-ით არის ინფიცირებული და ჰგონიათ, რომ ეპიდემია უკვე დამარცხებულია.
კვლევის ავტორებისთვის ეს შედეგები მოწყვლადი პოპულაციებისთვის ანტირეტროვირუსულ თერაპიაზე წვდომის მნიშვნელობის შეხსენებაა. საერთაშორისო დახმარების პროგრამებმა ვირუსის შეკავებაში უდიდესი როლი ითამაშა. თუმცა, როგორც გულდერი ამბობს, ვირუსი თერაპიის საშუალებით არის შეჩერებული და როგორც კი მასზე წვდომა შეიცვლება, სიტუაციაც შეიცვლება. 2025 წელს აშშ-ის ადმინისტრაციამ მნიშვნელოვნად შეამცირა დაფინანსება, რამაც 50-ზე მეტ ქვეყანაში აივ სერვისები შეაფერხა. სამხრეთ აფრიკაში ბევრი კლინიკა დაიხურა ან მინიმალური დაფინანსებით აგრძელებს მუშაობას. სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ გლობალურად აივ მკურნალობისა და პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკის (PrEP) პროგრამები აივ-ის დასასრულებლად ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტებია და მათი გაგრძელება აუცილებელია.
ეს მიგნებები ასევე მნიშვნელოვანია აივ-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზე მომუშავე მკვლევრებისთვის. ვაქცინები T-უჯრედული იმუნიტეტის მეშვეობით მუშაობს, რაც ის მექანიზმია, რითაც HLA ვარიანტები ახდენენ გავლენას. რეიგონის (Ragon) ინსტიტუტის მკვლევარი, ბრიუს უოლკერი ოპტიმისტურადაა განწყობილი, რომ ჩვენი იმუნური სისტემის ამ ასპექტის უკეთ გაგებამ შესაძლოა მომავალში ახალ მკურნალობამდე მიგვიყვანოს. ინსტიტუტს ამჟამად აქვს ვაქცინის კანდიდატი, რომელიც კლინიკურ კვლევებს გადის და სწორედ ამ მექანიზმით მუშაობს. მისი თქმით, ეს არის ისეთი ტიპის ცოდნა, რომელიც საბოლოოდ მოგვცემს საშუალებას, გამოვიყენოთ იმუნური სისტემა ადამიანის დაავადებების პრევენციისა და განკურნებისთვის, რაც მედიცინას ტრანსფორმაციას მოუტანს.




