დიუშენის კუნთოვანი დისტროფია საქართველოში
ბოლო კვირებში საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი ჯანმრთელობისა და ეთიკის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საკითხად იქცა. მშობლები ამბობენ, რომ დრო მათ წინააღმდეგ მუშაობს: ყოველი გადადებული თვე შეიძლება ნიშნავდეს ბავშვისთვის სიარულის, კიბეზე ასვლის ან დამოუკიდებელი მოძრაობის უნარის დაკარგვას. მათი მოთხოვნა მხოლოდ ერთი კონკრეტული წამლის შემოტანა არ არის – ისინი ითხოვენ თანამედროვე მედიკამენტებზე წვდომას, მულტიდისციპლინურ გუნდზე დაფუძნებულ მიდგომას და მკურნალობის ისეთ სახელმწიფო მოდელს, რომელიც პაციენტებს დაავადების პროგრესირების შენელების რეალურ შანსს მისცემს.
რატომ არის ეს თემა ასეთი მწვავე
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია მძიმე, პროგრესირებადი, X-ქრომოსომასთან დაკავშირებული ნერვკუნთოვანი დაავადებაა, რომელიც დისტროფინის დეფიციტით არის განპირობებული და უხშირესად ბიჭებში/კაცებში გვხვდება. დისტროფინი არის ცილა, რომელიც კუნთის უჯრედს მოძრაობისას დაზიანებისგან იცავს. დიუშენის დროს ორგანიზმი დისტროფინს საერთოდ ვერ წარმოქმნის ან ძალიან მცირე, არასაკმარისი რაოდენობით წარმოქმნის. ამიტომ კუნთი ყოველდღიური მოძრაობის დროსაც ზიანდება, ნელ-ნელა სუსტდება და ნაცვლდება ცხიმოვანი/შემაერთებელი ქსოვილით. დაავადება თანდათანობით იწვევს კუნთოვან სისუსტეს, სიარულის უნარის დაქვეითებას და დაკარგვას, სუნთქვით გართულებებსა და კარდიომიოპათიას. სწორედ ამიტომ, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტი მხოლოდ “ერთი წამალი“ არ არის: იგი გულისხმობს კოორდინირებულ, მულტიდისციპლინურ მართვას – ადრეულ დიაგნოსტიკას, რეაბილიტაციას, ენდოკრინულ და კვებით მართვას, რეგულარულ კარდიოლოგიურ და რესპირაციულ მონიტორინგს, ძვლების ჯანმრთელობის დაცვას, ორთოპედიულ ჩარევებს და ზრდასრულ ასაკში გადასვლის ორგანიზებას. ამასთან, არსებული თერაპიების დიდი ნაწილი დაავადებას არ კურნავს, მაგრამ შეიძლება შეანელოს ფუნქციური გაუარესება, გააუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი და გაზარდოს სიცოცხლის ხანგრძლივობა. “დროის მოგება”, ასეთი მდგომარეობების დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ახსნითაც, რომ დაავადების ეფექტური სამკურანლო/მართვის მედიკამენტური და სხვა ტიპის დამხმარე საშუალებები წარმოადგენს აქტიური კვლევის ობიექტს, შესაბამისად ყოველწლიურად არსებობს გამრღვევი ან გარდამტეხი თერაპიის დამტკიცების მოლოდინი.
ამ განსხვავებას – განკურნებასა და დაავადების მიმდინარეობის კლინიკურად მნიშვნელოვნად შენელებას შორის – დიუშენის დისტროფიის ირგვლივ საქართველოში მიმდინარე მძიმე მოვლენათა სვლაში ცენტრალური მნიშვნელობა აქვს. დებულება, რომელიც ჟღერდება სახელმწიფოს მხრიდან, რომ განკურნების შესაძლებლობის მქონე წამალი არ არსებობს, ფაქტობრივად სწორია; მაგრამ საერთაშორისო პრაქტიკაში იშვიათი, პროგრესირებადი დაავადებების დაფინანსება ხშირად სწორედ იმ მკურნალობას ეხება, რომელიც განკურნებას არ უზრუნველყოფს, თუმცა აუმჯობესებს პაციენტის ფუნქციონირებას, აფერხებს ეტლზე გადასვლის საჭიროებას, ამცირებს გართულებების ტემპს და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.
რა მოხდა საქართველოში ბოლო პერიოდში
პაციენტთა მშობლების პროტესტის ბოლო ტალღას წინ უძღოდა შედარებით ხანგრძლივი პროცესი. 2024 წლის 21 ნოემბერს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა დიუშენისა და ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვების მშობლებთან; სამინისტროს ცნობით, განხილვის საგანი იყო პროგრამის განვითარება, მკურნალობის გაფართოება და სპეციალისტთა გადამზადება, თუმცა მაშინაც უცნობი დარჩა, რა კონკრეტულ დახმარებას მიიღებდნენ ოჯახები. 2025 წლის 25 თებერვალს სამინისტრომ უკვე მიიღო ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება: დიუშენის მქონე ბავშვებს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი დიაგნოზის დადგენისთანავე ენიჭებათ, ხოლო 80 ბავშვისთვის განისაზღვრა თვეში 425 ლარის სოციალური პაკეტი, რომელიც ძალაში შევიდა 2025 წლის 1 მარტიდან.
ამავე პერიოდში მშობლების მთავარ მოთხოვნად იქცა არა მხოლოდ სოციალური პაკეტი ან დიაგნოსტიკის უზრუნველყოფა, არამედ თანამედროვე სამკურნალო საშუალებების სახელმწიფო პროგრამაში შეტანა. 2025 წლის ნოემბერში საქართველოს პარლამენტს აქტივისტისა და დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვის მშობლის, ნათია ცირამუას მიერ წარედგინა პეტიცია აუცილებელი მედიკამენტების დაფინანსების მოთხოვნით, მაგრამ საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მისი განხილვა არ დაუშვა: ოქმის მიხედვით, წარმოდგენილი 300 მხარდამჭერიდან 299 შემთხვევაში ხელმოწერა არ იყო შესრულებული წესის შესაბამისად, რის გამოც ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა მოთხოვნილ ზღვარს არ აღემატებოდა. კომიტეტის წარმომადგენლობამ ისიც აღნიშნა, რომ თემა განსაკუთრებით მგრძნობიარეა და პეტიციის ავტორთან ხელახლა წარმოდგენის მიზნით კავშირის დამყარება მიზანშეწონილი იქნებოდა.
მშობლების პროტესტის აქტიური ფაზა 2025 წლის ბოლოს დაიწყო და 2026 წლის აპრილში უფრო მწვავე ფორმაში გადავიდა. 2026 წლის აპრილიდან ოჯახები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ, ღამისთევით აქციებზე გადავიდნენ; ისინი მოითხოვდნენ მედიკამენტების დროულ შემოტანას, სახელმწიფო დაფინანსებას და შეხვედრას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. ამ პროცესში საქართველოს სახალხო დამცველი ჯერ 17 აპრილს გამოეხმაურა ბავშვების სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობით უზრუნველყოფის საკითხს და განაცხადა, რომ დიუშენის მქონე ბავშვების სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობით უზრუნველყოფა უნდა შეფასდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების ჭრილში. მან სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, საკითხი მხოლოდ ფორმალური ან საბიუჯეტო არგუმენტებით არ განეხილათ და მშობლებთან ეწარმოებინათ შინაარსობრივი, დროული და ეფექტიანი დიალოგი. შემდეგ კი, 21 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, დაეცვა მშობლების მშვიდობიანი შეკრების უფლება, ხოლო სამინისტროებს მათთან შინაარსობრივი დიალოგი ეწარმოებინათ.
დღეის მდგომარეობით სახელმწიფოს ყველაზე ხელშესახები პასუხი არის 2026 წლის 22 აპრილის მთავრობის დადგენილება, სადაც იშვიათი დაავადებების პროგრამას დაემაატა იშვიათი ნერვ-კუნთოვანი დაავადებების, მათ შორის დიუშენის კომპონენტი. დადგენილების მიხედვით, ბენეფიციართათვის სრულად, თანაგადახდის გარეშე ფინანსდება სტაციონარული და ამბულატორიული მეთვალყურეობა; მომსახურებაში შედის ნევროლოგის, კარდიოლოგის, პულმონოლოგის, ენდოკრინოლოგის, გასტროენტეროლოგის ან ნუტრიციოლოგის და ორთოპედის კონსულტაციები, ასევე ეკგ, ექოკარდიოგრაფია, ჰოლტერ-მონიტორინგი, სპირომეტრია, დენსიტომეტრია, D ვიტამინის, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის, ელექტროლიტების და სხვა კვლევები. ამავე ცვლილებით პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონიდან 71.026 მილიონ ლარამდე გაიზარდა, ხოლო იშვიათი ნერვ-კუნთოვანი დაავადებების ამბულატორიულ და სტაციონარულ მეთვალყურეობაზე 1.026 მილიონი ლარი განისაზღვრა.
რას ითხოვენ ოჯახები და რას პასუხობს სახელმწიფო
მშობლების პოზიცია ბოლო განცხადებებში საკმაოდ თანმიმდევრულია. ორგანიზაცია “ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას” და მისი წარმომადგენელი ზაქრო გვიშიანი ამბობენ, რომ მოთხოვნა მხოლოდ წამლებზე არ ვიწროვდება: ისინი ერთდროულად ითხოვენ თანამედროვე მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას, მულტიდისციპლინური გუნდის შექმნას და კლინიკური მართვის დახვეწას. მშობლები ასევე ამტკიცებენ, რომ დღეისათვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ბაზისური რეჟიმი – ჰორმონოთერაპია და რეაბილიტაცია – არასაკმარისია. ერთ-ერთი ყველაზე დეტალური მიმოხილვის მიხედვით, სახელმწიფო 2023 წლიდან აფინანსებს დეფლაზაკორტზე დაფუძნებულ ჰორმონოთერაპიას და სარეაბილიტაციო კურსს, მაგრამ მშობლები მიუთითებენ როგორც შეზღუდულ ეფექტზე, ისე ხანგრძლივი სტეროიდული თერაპიის გვერდითი ეფექტების ნაცნობ პრობლემებზე.
ამავე წყაროებში ჩანს, რომ მოთხოვნა ერთ კონკრეტულ პრეპარატს არ ეხება. ოჯახები საუბრობენ ვამოროლენზე, გივინოსტატზე, exon-skipping-ის ტიპის პრეპარატებზე და, ცალკეულად, გენური თერაპიის საშუალებაზე – ელევიდისზე. მათი თქმით, სხვადასხვა მუტაციასა და დაავადების კონკრეტულ სტადიას განსხვავებული მკურნალობა სჭირდება; ამიტომ ერთიანი, განურჩეველი უარი სახელმწიფოს მხრიდან შეუსაბამო პასუხად შეიძლება აღვიქვათ როგორც კლინიკურად, ისე ეთიკურად.
სახელმწიფოს პოზიცია, რომელსაც საჯაროდ ყველაზე მკაფიოდ აჟღერებს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, რამდენიმე არგუმენტად იშლება. პირველი: მსოფლიოში არ არსებობს წამალი, რომელიც დიუშენს კურნავს. მეორე: ვერ მტკიცდება, რომ მშობლების მიერ მოთხოვნილი თერაპიები სიცოცხლეს ახანგრძლივებენ, არამედ მხოლოდ დაავადების მიმდინარეობის შენელებას შეიძლება უზრუნველყოფდნენ, რაც შეიძლება ეტლის საჭიროებას ერთი-სამი წლით ავადებდეს. მესამე: ზოგიერთი მოთხოვნილი პრეპარატი არ არის ავტორიზებული ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ. მეოთხე: აუცილებელია ეფექტიანობისა და უსაფრთხოების დამატებითი შესწავლა, ხოლო ნაწილი მედიკამენტებისა “ჯანმრთელობისთვის საშიშიც“ არის. მეხუთე: სამინისტრო ამ ეტაპზე ხედავს პირველ ნაბიჯად არა მედიკამენტების დაფინანსებას, არამედ გაფართოებულ მეთვალყურეობას და დიაგნოსტიკას.
ამ არგუმენტების შეფასებისას მნიშვნელოვანია ითქვას ორი რამ. ერთი მხრივ, სახელმწიფოს სიფრთხილე აბსოლუტურად უსაფუძვლო არ არის იმ თერაპიებთან მიმართებით, რომლებსაც ახასიათებთ უსაფრთხოების მძიმე რისკები, ან ევროპული ავტორიზაცია არ მიუღიათ, ან მათი კლინიკური სარგებელი ჯერ კიდევ შეზღუდული მტკიცებულებითაა გამყარებული. მეორე მხრივ, ეს სიფრთხილე ზედმეტად განზოგადებული ხდება მაშინ, როცა ერთი და იგივე უარი ვრცელდება ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულ მკურნალობებზე: მაგალითად, ელევიდისის, ვამოროლონისა და გივინოსტატის პროფილი ერთმანეთისგან როგორც რეგულატორულად, ისე კლინიკურად ძალიან განსხვავდება. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი ავტორიზებული მედიკამენტი პაციენტს, მისი მეურვესა და ექიმს შორის კომუნიკაციის საფუძველზე ინიშნება და გამოიყენება, რაც მშობლებს აძლევს უფლებას, რომ რისკის და სარგებლის ანალიზის საფუძველზე თავად მიიღონ გადაწყვეტილება მედიკამენტის გამოყენების შესახებ.
როგორია საერთაშორისო პრაქტიკა
საერთაშორისო პრაქტიკის საერთო სურათი ასეთია: სახელმწიფოები, რომლებსაც დიუშენის მართვა შედარებით განვითარებული აქვთ, თითქმის არასოდეს ფარგლავენ პრობლემას მხოლოდ ერთი კონკრეტული წამლის დაფინანსებით. ისინი აყალიბებენ მომსახურების სპეციალიზებულ გზას – ნერვ-კუნთოვან ცენტრებს, რეგულარულ რესპირატორულ და კარდიოლოგიურ მონიტორინგს, ძვლების ჯანმრთელობის კონტროლს, კვებით და გასტროენტეროლოგიურ მართვას, რეაბილიტაციას, დამხმარე ტექნოლოგიებს, ფსიქოსოციალურ დახმარებას და ზრდასრულთა სამედიცინო მომსახურებაში გადასვლის გეგმას – რასაც თან ერთვის მედიკამენტური მართვის სტრატეგია. ეს არის ზუსტად ის მოდელი, რომელსაც ასახავს როგორც 2018 წლის საერთაშორისო “მოვლის საკითხები” (Care considerations [დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მართვის საერთაშორისო რეკომენდაციების განახლებული დოკუმენტი, გამოქვეყნებული 2018 წელს The Lancet Neurology-ში. მასში აღწერილია, როგორ უნდა იმართოს დიუშენი არა მხოლოდ წამლით, არამედ ნევროლოგიური, კარდიოლოგიური, რესპირატორული, ენდოკრინოლოგიური, ორთოპედიული, რეაბილიტაციური, კვებითი და ფსიქოსოციალური მეთვალყურეობით]), ისე მოგვიანებით აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების კლინიკური მიმოხილვა.
აშშ-ში რეგულატორულად არსებობს ყველაზე ფართო თერაპიული პორტფელი. აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ დაამტკიცა ვამოროლონი, გივინოსტატი, მუტაციაზე სპეციფიკური exon-skipping-ის რამდენიმე პრეპარატი და ელევიდისი იმ პაციენტებისთვის, რომლებიც 4 წლის ან უფროსი ასაკის არიან, აქვთ სიარულის უნარი და აკმაყოფილებენ ანტისხეულების ტიტრის კრიტერიუმებს. ამასთანავე, აშშ-ში ოფიციალური კლინიკური ჩარჩო კვლავაც ეფუძნება კოორდინირებული მულტიდისციპლინური მართვის მოდელს, რადგან მედიკამენტური არჩევანის გაფართოება არ ცვლის იმას, რომ დიუშენის ყოველდღიური მართვა რჩება უპირობო მულტიდისციპლინური მოვლის პროცესად.
დიდი ბრიტანეთი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფოს პასუხი იყოს უფრო დეტალური, ვიდრე უბრალოდ “კი“ ან “არა“. ჯანმრთელობისა და ზრუნვის ხარისხის ეროვნულმა ინსტიტუტმა (NICE) 2025 წლის იანვარში რეკომენდაცია გაუწია ვამოროლონს, ოღონდ კომერციული შეთანხმების პირობებით (ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის [NHS] სისტემაში ვამოროლონი ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებელ კომპანიასთან დადებული ფასდაკლების/კომერციული შეთანხმების პირობები სრულდება. ანუ სახელმწიფო არ იღებს უბრალოდ კატალოგურ ფასს; ის აფინანსებს პრეპარატს შეთანხმებული, კონფიდენციალური ან ფასდაკლებული პირობებით). ამავე დროს ბრიტანეთის წამლებისა და სამედიცინო პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ 2024 წლის დეკემბერში დაამტკიცა გივინოსტატი, მაგრამ ინგლისში მისი რუტინული გამოყენება ჯერ კიდევ NICE-ის შეფასებას ელოდება; ამ შუალედში ზოგი პაციენტი იღებს მას ადრეული ხელმისაწვდომობის პროგრმის ფარგლებში, უფასოდ მწარმოებლისგან. პარალელურად, შოტლანდიური მედიკამენტების კონსორციუმმა 2025 წლის დეკემბერში შეზღუდული გამოყენების რეჟიმში დაამტკიცა გივინოსტატის გამოყენება. ეს ნიშნავს, რომ ერთი და იგივე სახელმწიფო სივრცეშიც კი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგრამ იგი იღებს მართული ხელმისაწვდომობის ფორმას და არა პრობლემის გადაჭრის სწორხაზოვან უარყოფას.
გერმანიის და უფრო ფართოდ, ევროკავშირის მაგალითები აჩვენებენ, რომ მიდგომა მკვეთრად დიფერენცირებულია პრეპარატების მიხედვით. ევროკავშირში Agamree-ს (ვამოროლონი) მარკეტინგული ავტორიზაცია 2023 წლის დეკემბერში მიენიჭა, ხოლო Duvyzat-ს (გივინოსტატი) – პირობითი ავტორიზაცია 2025 წლის ივნისში იმ ამბულატორიული, 6 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებისთვის, რომლებიც კორტიკოსტეროიდებს უკვე იღებენ. ამასთანავე, გერმანიის ფედერალურმა ერთობლივმა კომიტეტიმა ვამოროლონის სარგებლიანობა ჯერ კიდევ 2024 წელს შეაფასა, ხოლო გივინოსტატის შესახებ პროცესი 2025–2026 წლებში შევიდა; თავად კომპანია Santhera-მ 2025 წელს გამოაცხადა გერმანულ დაზღვევის ფონდებთან ანაზღაურების შეთანხმებაც (Santhera-ს განცხადება ნიშნავს, რომ გერმანულ სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევის ფონდებთან მიღწეულია ანაზღაურების შეთანხმება – ანუ როგორ, რა ფასით და რა პირობებით დაფინანსდება პრეპარატი დაზღვეულ პაციენტებში. ეს არ ნიშნავს “ყველასთვის უპირობოდ უფასოდ“, არამედ ნიშნავს, რომ პრეპარატი შევიდა ანაზღაურების მართულ სისტემაში). აქედან ჩანს, რომ კონტინენტურ ევროპაში სახელმწიფოს პასუხი არც ავტომატური მხარდაჭერაა და არც ავტომატური უარი: გადაწყვეტილება ეფუძნება რეგულატორულ სტატუსს, დამატებითი სარგებლის შეფასებას და ფასზე მოლაპარაკებას.
რას ამბობს მტკიცებულება ყველაზე სადავო თერაპიაზე
საქართველოს კონტექსტში ხშირად იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს საქმე ერთ “სასწაულებრივ“ ან ერთ “საშიშ“ წამალს ეხებოდეს. სინამდვილეში, მშობლების მოთხოვნა რამდენიმე განსხვავებულ თერაპიას მოიცავს, ხოლო საჯარო პოლემიკის ცენტრში განსაკუთრებით ელვედისი მოექცა მას შემდეგ, რაც მინისტრმა სწორედ მის ფასსა და უსაფრთხოების პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. კლინიკური და რეგულატორული ანალიზისთვის ამ მკურნალობების ერთმანეთისგან გარჩევა აუცილებელია.
Vamorolone
ვამოროლონის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი მონაცემი არის ის, რომ იგი არა უბრალოდ ახალი სტეროიდია, არამედ ტრადიციულ კორტიკოსტეროიდებთან შედარებით უსაფრთხოების ზოგიერთი პრობლემის შემცირების მცდელობაა. საპილოტე, 121 ბავშვზე ჩატარებულ რანდომიზებულ კვლევაში ვამოროლონმა შეასრულა ძირითადი ეფექტიანობის საბოლოო წერტილი (Primary Endpoint) და პირველი ოთხი მეორეული საბოლოო წერტილიც (Secondary Endpoint); ამასთან, პრედნიზონთან შედარებით არ გამოვლინდა ფიზიური ზრდის ისეთი შეფერხება და ძვლოვანი ბიომარკერების ისეთი გაუარესება, როგორსაც კლასიკური სტეროიდები იწვევს. თუმცა კვლევამ აჩვენა, რომ ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-თირკმელზედა ღერძის დათრგუნვისა და თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის რისკი სრულად არ ქრება. სწორედ ამ კომბინაციის გამო – ფუნქციური ეფექტის შენარჩუნება უსაფრთხოების ნაწილის გაუმჯობესებით – ვამოროლონმა მიიღო ავტორიზაცია როგორც ევროკავშირში, ისე NICE-ის რეკომენდაცია ინგლისში.
Givinostat
გივინოსტატის შემთხვევაში მტკიცებულება უფრო პირდაპირ ფუნქციურ შედეგზეა მიბმული. FDA-ის ეტიკეტის მიხედვით, 18-თვიან, ორმაგად ბრმად, პლაცებო-კონტროლირებულ კვლევაში 179 პაციენტი რანდომიზდა 2:1 პროპორციით (პაციენტთა პირველი ჯგუფი იღებდა გივინოსტატს, ხოლო მეორე ჯგუფი პლაცებოს); გივინოსტატმა პლაცებოსთან შედარებით კიბის საფეხურებზე ასვლის ტესტზე მნიშვნელოვნად ნაკლები გაუარესება აჩვენა: მკურნალობის ჯგუფში დაწყებიდან 18 თვემდე ცვლილება იყო 1.25 წამი, პლაცებოს ჯგუფში -3.03 წამი, მკურნალობის სხვაობა კი 1.78 წამი იყო.
გივინოსტატი არ არის სრულად უსაფრთხო წამალი. FDA-ის ეტიკეტი მიანიშნებს თრომბოციტოპენიის, მიელოსუპრესიის, ტრიგლიცერიდების მატების, დიარეის და QTc-ის გახანგრძლივების რისკებზე; კვლევაში თრომბოციტოპენია ადფიქსირდა მკურნალობის ჯგუფის წევრთა 33%-ში, ჰიპერტრიგლიცერიდემია – 23%-ში, დიარეა კი – 37%-ში. მონიტორინგი უნდა მოიცავდეს სისხლის ანალიზებს, ტრიგლიცერიდების კონტროლს და გულის რითმის რისკების შეფასებას. ამას ემატება ისიც, რომ 2025 წლის ნოემბერში მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ (MHRA) საერთაშორისო დონეზე აღრიცხული ფატალური შემთხვევების შესახებ ჯანდაცვის პროფესიონალებს სპეციალური გაფრთხილება გაუგზავნა; სააგენტომ აღნიშნა, რომ სიკვდილის შემთხვევების შესახებ საერთაშიროსო შეტყობინებები ფიქსირდებოდა, თუმცა დიდ ბრიტანეთში ასეთი შემთხვევა არ გამოვლენილა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რისკების შემარბილებელ ზომებს. ამიტომ გივინოსტატის შესახებ სწორი დასკვნა არის არა “უსაფრთხოა“ ან “საშიშია“, არამედ – შეიძლება იყოს სასარგებლო, მაგრამ მხოლოდ მკაცრი ლაბორატორიული და კლინიკური მონიტორინგის ქვეშ.
Exon-skipping-ის თერაპიები
exon-skipping-ის კლასი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ იგი მუტაციაზეა მიბმული. FDA-ის ეტიკეტის მიხედვით, Exondys 51 (eteplirsen) განკუთვნილია მხოლოდ იმ პაციენტებისთვის, რომელთა DMD-გენური ცვლილება exon 51 skipping-ს ექვემდებარება; მისი დაჩქარებული დამტკიცება (Accelerated Approval) დაფუძნებულია ჩონჩხის კუნთებში დისტროფინის (დეფიციტური ცილა დიუშენის დროს) მატებაზე, და ეტიკეტშივე წერია, რომ კლინიკური სარგებილიანობის დამადასტურებელი კვლევები ჯერ კიდევ გასახორციელებელია. ეს ნიშნავს, რომ ამ კლასის პრეპარატები არც ყალბი იმედია და არც დასრულებული პასუხი: ისინი ბიოლოგიურად დასაბუთებული, მაგრამ მუტაციის მიმართ სპეციფიკური და მტკიცებულებების მიხედვით შედარებით ვიწრო გამოყენების თერაპიებია, რომელთა დაფინანსებაც გენეტიკურ სელექციასა და შედეგზე დაფუძნებულ შეფასებას უნდა დაეყრდნოს.
Elevidys
ყველაზე სადავო და პოლიტიკურად “დამუხტული“ პრეპარატი ელევიდისია. მისი FDA-ის განახლებული ეტიკეტი აჩვენებს, რომ ეს არის ერთჯერადი AAV-ვექტორზე დაფუძნებული გენური თერაპია, რომელიც ამჟამად ნებადართულია მხოლოდ იმ პაციენტებისთვის, რომლებიც 4 წლის ან უფროსი ასაკის არიან, აქვთ სიარულის უნარი, აღენიშნებათ DMD-ის დადასტურებული მუტაცია და anti-AAVrh74 ანტისხეულების მაღალი ტიტრი. ეტიკეტში ასევე ჩანს, რომ ელევიდის მკვეთრად ზრდის მიკრო-დისტროფინის ექსპრესიას. თუმცა ეფექტიანობის სურათი უფრო რთულია: როგორც 1-ელ კვლევაში, ისე მოგვიანებით კვლევა მე-3 კვლევაში ერთ-ერთი საბოლოო წერტილი (Primary Endpoint) სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა. ამის მიუხედავად, იმავე კვლევაში სამი მნიშვნელოვანი საბოლოო წერტილში – იატაკიდან წამოდგომის დრო, 10 მეტრზე სიარული/სირბილი და კიბის 4 საფეხურზე ასვლა – ელევიდისმა კლინიკურად რელევანტური და მნიშვნელოვანი სარგებელი აჩვენა.
უსაფრთხოების სურათი აქ გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე ზემოთ განხილულ პრეპარატებში. განახლებული ეტიკეტი უკვე შეიცავს ე.წ. Boxed Warning-ს ღვიძლის მძიმე მწვავე დაზიანებისა და ღვიძლის მწვავე უკმარისობის შესახებ. მათ შორის ფატალურ შედეგებზე; საჭიროა სისტემური კორტიკოსტეროიდები პრეპარატის ინფუზიამდე და შემდეგ, ღვიძლის ფუნქციის ყოველკვირეული მონიტორინგი პირველი 3 თვის განმავლობაში და შესაბამის სამედიცინო დაწესებულებასთან სიახლოვე მინიმუმ 2 თვე. FDA-ის 2025 წლის უსაფრთხოების კომუნიკაციაში წერია, რომ გადაადგილების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ორი პედიატრიული პაციენტის ღვიძლის ფატალური მწვავე უკმარისობის შემდეგ სააგენტომ ასეთ პაციენტებში (გადაადგილების შეზღუდული შესაძლებლობა) პრეპარატის გამოყენება შეზღუდა და ავტორიზაციის შემდგომი ობსერვაციული კვლევა მოითხოვა. ამას ემატება ისიც, რომ EMA-მ 2025 წლის ივლისში ელევიდისის მარკეტინგული ავტორიზაციის უარყოფის რეკომენდაცია გასცა. ასე რომ, თუ რომელიმე თერაპიაზე შეიძლება სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი პრინციპული სიფრთხილე დასაბუთებული იყოს, პირველ რიგში სწორედ Elevidys-ზეა საუბარი – მაგრამ ამავე მიზეზით მისი რისკების განზოგადება სხვა პრეპარატებზე არასწორია.
აქედან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა ასეთია: დიუშენის მედიკამენტები ერთგვაროვანი არ არის. ელევიდისს აქვს ყველაზე მაღალი სარისკო პროფილი და ყველაზე მკაცრი რეგულატორული ჩარჩო. გივინოსტატსა და ვამოროლონს აქვთ უფრო ტრადიციული რეგულატორული მაჩვენებლები და უკვე ავტორიზებული ჩვენებები; exon-skipping-ის ტიპის პრეპარატები კი მუტაციის მიმართ სპეციფიკური და შედარებით ვიწრო მტკიცებულების მქონე კლასია. ამიტომ ერთიანი, განუყოფელი “დიახ“ ან “არა“ ყველა ამ თერაპიაზე გაუმართლებელი პოლიტიკაა.
რატომ შეიძლება დაფინანსება იყოს მიზანშეწონილი
პირველი და ყველაზე ძლიერი არგუმენტი არის დროის შეუქცევადობა. დიუშენის დროს დაკარგული კუნთოვანი ფუნქცია ფაქტობრივად არ ბრუნდება. ამიტომ “მოდით დავიცადოთ კიდევ ორი-სამი წელი სრულ დაზუსტებამდე“ ნეიტრალური არჩევანი არ არის – ეს არსებითად ნიშნავს იმ პერიოდს, როდესაც გადაწყდება, დასჭირდება თუ არა ბავშვს ეტლი, შეინარჩუნებს თუ არა კიბეზე ასვლის უნარს, ან შეძლებს თუ არა სუნთქვითი და ორთოპედიული გართულებების თავიდან არიდებას. სწორედ ამიტომ Care Considerations, NICE-ის რეკომენდაცია ვამოროლონზე და შოტლანდიური გადაწყვეტილება გივინოსტატზე ეფუძნება არა “განკურნების“ მოლოდინს, არამედ ფუნქციის შენარჩუნების ფასეულობას.
მეორე არგუმენტი არის ის, რომ საქართველომ უკვე ოფიციალურად აღიარა მულტიდისციპლინური მონიტორინგის აუცილებლობა. 22 აპრილის დადგენილებაში სახელმწიფომ თავად ჩაწერა ნევროლოგიური, კარდიოლოგიური, პულმონოლოგიური, ენდოკრინოლოგიური, გასტროენტეროლოგიური და ორთოპედიული მეთვალყურეობა. ეს მართებული ნაბიჯია, მაგრამ სწორედ ამან უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა წინააღმდეგობა: თუ სახელმწიფო აღიარებს, რომ პაციენტებს სჭირდებათ სტრუქტურირებული მეთვალყურეობა ახალი რისკიანი თერაპიების უსაფრთხოდ დასანიშნად, მაშინ სრულიად არასაკმარისია მხოლოდ მეთვალყურეობის დაფინანსება და იმ სამკურნალო არჩევანის მთლიანად გამორიცხვა, რომლის უსაფრთხო გამოყენებაც ასეთ ზედამხედველობას მოითხოვს. საერთაშორისო სტანდარტი “გუნდი ან წამალი“ კი არა, “გუნდი და, საჭიროებისამებრ, წამალია“.
მესამე – რისკი უნდა დიფერენცირდეს, და არა განზოგადდეს. სრულად ლოგიკურიც კია მაგ. ელევიდისზე ბევრად უფრო მკაცრი მიდგომა, ვიდრე ვამოროლონსა და გივინოსტატზე: ელევიდისი არ არის EMA-ს მიერ ავტორიზებული, აქვს Boxed Warning და მისი გამოყენება აშშ-შიც მხოლოდ სიარულის უნარის მქონე პაციენტებითაა შემოფარგლული. მაგრამ იგივე სიმკაცრე არ გადადის ავტომატურად ვამოროლონზე, რომელიც EMA-ს და NICE-ს მიერ რეკომენდებული თერაპიაა, ან გივინოსტატზე, რომელსაც აშშ, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი განსაზღვრულ პოპულაციაში რეალურ თერაპიულ ვარიანტად არის აღიარებული. ყველაზე რაციონალური მიდგომა, როგორც წესი, ფაზური დაფინანსებაა: სწრაფი ხელმისაწვდომობა შედარებით უფრო დამკვიდრებულ ვარიანტებზე ამბულატორიულ, გენეტიკურად და კლინიკურად შესაფერის პაციენტებში; მუტაციის მიმართ სპეციფიკური exon-skipping-ის დაფინანსება გენოტიპის შესაბამისად; Elevidys-ზე – გაცილებით უფრო მკაცრი, შემთხვევაზე დაფუძნებული (Case-by-Case) ან დროებით გადადებული მიდგომა. ეს არ არის “ემოციური დათმობა“; ეს არის არსებული საერთაშორისო რეგულატორული რუკის პროპორციული ასახვა.
მეოთხე – საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს არა მხოლოდ დაფინანსებას, არამედ დაფინანსების მოქნილ ინსტრუმენტებს. NICE ვამოროლონს აკავშირებს კომერციულ შეთანხმებებთან; ინგლისში გივინოსტატი პაციენტებს ადრეული წვდომის პროგრმით მიეწოდებათ; გერმანიაში ანაზღაურების შეთანხმება სარგებლის შეფასებას ეფუძნება; ირლანდიაში კი ხარჯ-ეფექტურობაზე მოლაპარაკება და ფასის კორექცია დღის წესრიგში დგას. ანუ სახელმწიფოს არჩევანი არ არის მხოლოდ ორი პოლუსი – “ყველაფერი დაუყოვნებლივ ვიყიდოთ“ ან “არაფერი დავაფინანსოთ“. არსებობს არაერთი შუალედური მოდელი, რაც საქართველოსთვის სწორედ ასეთი მოდელი იქნებოდა ყველაზე რეალისტური.
მეხუთე – უფლებრივი და სამართლიანობის განზომილება. დიუშენის მქონე ბავშვების ოჯახები აპროტესტებენ არა მხოლოდ იმას, რომ “წამალი არ არის“, არამედ იმას, რომ მათ სახელმწიფოსთან დიალოგი წელიწადზე მეტია შედეგს ვერ იძლევა. სახალხო დამცველმა საკითხი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების პერსპექტივიდან შეაფასა და აქტიური, შინაარსობრივი დიალოგი მოითხოვა. საპარლამენტო გზამ ფორმალური ხარვეზის გამო ვერ იმუშავა. ასეთ მდგომარეობაში დაფინანსებაზე მსჯელობა აღარ არის მხოლოდ ფარმაკოეკონომიკა; ის არის საკითხი იმაზეც, როგორ ექცევა სახელმწიფო მცირე, უკიდურესად მოწყვლად, დროზე დამოკიდებულ პაციენტთა ჯგუფს და მათ ახლობლებს.
საქართველოში დღეს ნამდვილად არ დგას “განმკურნებელი წამლის“ საკითხი; დგას საკითხი, უნდა დააფინანსოს თუ არა სახელმწიფომ იმ პაციენტთა მცირე და დროის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე ჯგუფისთვის ისეთი მკურნალობა, რომელიც საერთაშორისო დონეზე უკვე აღიარებულია, როგორც დაავადების მიმდინარეობის შემანელებელი და ფუნქციის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი. არსებულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, ყველაზე დასაბუთებული პასუხი არის: დიახ – მაგრამ დიფერენცირებული, ფაზური, გენოტიპზე და პაციენტის მდგომარეობაზე მიბმული, მკაცრი მონიტორინგითა და ფასზე მოლაპარაკებით. სწორედ ასეთი მოდელი უფრო შეესაბამება როგორც სამედიცინო მტკიცებულებას, ისე იმ საერთაშორისო პოლიტიკურ პრაქტიკას, რომელსაც დღეს სხვა ქვეყნები უკვე იყენებენ.




