ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ძირითადად ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის საშუალებად მიიჩნეოდა, ახლა აშკარა კლინიკურ სარგებელს აჩვენებს მამაკაცებისთვისაც. სამედიცინო ჟურნალში JAMA Oncology გამოქვეყნებული ახალი, მასშტაბური კვლევის თანახმად, ბიჭებსა და ახალგაზრდა მამაკაცებში, რომლებმაც მიიღეს HPV ვაქცინა, ვირუსთან დაკავშირებული ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკი დაახლოებით 50%-ით ნაკლები აღმოჩნდა არავაქცინირებულ პირებთან შედარებით. ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორისა და ჯანდაცვის ექსპერტის, ექიმ ლიანა ვენის განმარტებით, პაპილომავირუსი არის უკიდურესად გავრცელებული პათოგენი, რომელიც ინტიმური, კანით კანთან კონტაქტის გზით გადაეცემა და ეხება როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს. აშშ-ის ონკოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის (National Cancer Institute) მონაცემებით, სქესობრივად აქტიური ადამიანების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან რამდენიმე თვეში ან წელიწადში ინფიცირდება აღნიშნული ვირუსით. ინფექციების დაახლოებით ნახევარი გამოწვეულია მაღალი რისკის ტიპის შტამებით, რომლებიც სიმსივნის განვითარების ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის. მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს შემთხვევაში იმუნური სისტემა დამოუკიდებლად უმკლავდება ინფექციას, ზოგჯერ ის ორგანიზმში რჩება და იწვევს უჯრედულ ცვლილებებს, რომლებიც დროთა განმავლობაში სიმსივნედ გარდაიქმნება.
პაპილომავირუსი მჭიდროდ ასოცირდება სხვადასხვა ლოკალიზაციის სიმსივნესთან ქალებსა და მამაკაცებში. ქალების შემთხვევაში ყველაზე კარგად შესწავლილია საშვილოსნოს ყელის, საშოსა და ვულვის კიბო, ხოლო მამაკაცებში – ასოს, ანუსის და თავ-კისრის სიმსივნეები. სტატისტიკურად, ანალური კიბოს 90%-ზე მეტი, პირ-ხახის მიდადამოს (ყელის ჩათვლით) კიბოს დაახლოებით 70% და ასოს კიბოს 60%-ზე მეტი სწორედ HPV-ით არის გამოწვეული. უახლესი კვლევა დაეყრდნო გლობალურ მონაცემთა ბაზას, სადაც გაანალიზდა 9-დან 26 წლამდე ასაკის 615 000-ზე მეტი ვაქცინირებული (ნონავალენტური, ე.წ. ცხრავალენტიანი ვაქცინით) და 2 მილიონზე მეტი არავაქცინირებული მამაკაცის მონაცემი. შედეგად დადგინდა, რომ ვაქცინაციამ სიმსივნის განვითარების რისკი საერთო ჯამში 46%-ით შეამცირა. დადებითი კლინიკური ეფექტი გამოვლინდა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში: 9-დან 14 წლამდე ვაქცინირებულებში რისკი 42%-ით, ხოლო 15-დან 26 წლამდე ვაქცინირებულებში 50%-ით დაქვეითდა.
ისტორიულად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციები და ვაქცინაციის პროგრამები პირველ რიგში გოგოებზე ფოკუსირდებოდა, რადგან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, საშვილოსნოს ყელის კიბო ქალებში გავრცელებით მეოთხე ადგილზეა (მხოლოდ 2022 წელს დაფიქსირდა 660 000 ახალი შემთხვევა და 350 000 ლეტალური გამოსავალი). თუმცა, მეცნიერული მტკიცებულებების დაგროვებასთან ერთად, აშკარა გახდა ვაქცინის სარგებელი მამაკაცებისთვისაც, რის გამოც რეკომენდაციები ბიჭებზეც გავრცელდა. საერთაშორისო ინსტიტუტები, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) რეკომენდაციას უწევს 10-12 წლის ასაკის მოზარდების რუტინულ ვაქცინაციას (მისი დაწყება 10 წლიდანაც დასაშვებია და შესაძლებელია სხვა ვაქცინებთან ერთად მიღება), ხოლო ამერიკის პედიატრთა აკადემია (AAP) ხაზს უსვამს ვაქცინაციას 9-დან 12 წლამდე, რათა იმუნიზაცია ვირუსთან პოტენციურ ექსპოზიციამდე (კონტაქტამდე) განხორციელდეს. სპეციალისტების თქმით, ადრეულ ასაკში ვაქცინაციას არ გააჩნია ცნობილი უარყოფითი მხარეები, იმუნური პასუხი ბევრად ძლიერია და დაცვის უნარის მნიშვნელოვანი შესუსტების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.
ამასთანავე, ე.წ. “დაწევის“ (Catch-up) ვაქცინაცია ეფექტურია მოზარდობისა და ახალგაზრდობის პერიოდშიც (26 წლამდე), ვინაიდან ვაქცინა იცავს ვირუსის მულტიპლური შტამისგან და არსებობს ალბათობა, რომ პაციენტს ყველა მათგანთან არ ჰქონოდა კონტაქტი. 27-დან 45 წლამდე ასაკის არავაქცინირებული ან არასრულად ვაქცინირებული პირებისთვის კი, CDC რეკომენდაციას უწევს ვაქცინაციას სამედიცინო პროვაიდერთან ინდივიდუალური კონსულტაციისა და ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე. საქართველო იზიარებს ამ რეკომენდაციასაც და ვაქცინაცია შესაძლებელია 45 წლის ასაკის ჩათვლით ბიჭერბისა და კაცებისთვის. ექსპერტები მშობლებსა და ახალგაზრდებს მოუწოდებენ, გააცნობიერონ ვაქცინის მაღალი ეფექტურობა და დამტკიცებული უსაფრთხოების პროფილი, რადგან ეს არის უნიკალური შესაძლებლობა მომავალში უმძიმესი ონკოლოგიური დაავადებების რისკის შესამცირებლად.
შეჯამებისთვის:
აპვ ვაქცინაცია შესაძლებელია და უფასოა 10 წლიდან 45 წლის ჩათვლით როგორც ქალებისთვის, ისე ვაჟებისთვის. ვაქცინაცია შესაძლებელია ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც იმუნიზაციის კაბინეტი არსებობს. 45 წლის ზემოთ პირებისთვის დაფინანსება არაა განსაზღვრული, მაგრამ ვაქცინაცია შესაძლებელია.




