ახალი კვლევის თანახმად, რომელიც ჯერ კიდევ გადის განხილვის (peer review) პროცესს, კომპანია Eli Lilly-ის GLP-1 კლასის პრეპარატი – ტირზეპატიდი (Tirzepatide), Novo Nordisk-ის სემაგლუტიდთან (Semaglutide) შედარებით, საშუალოდ მეტ წონას აკლებინებს პაციენტებს, თუმცა ეს კუნთებისა და შემაერთებელი ქსოვილების მეტად დაკარგვის ხარჯზე ხდება.
ტირზეპატიდი (იყიდება როგორც Zepbound და Mounjaro) და სემაგლუტიდი (Wegovy და Ozempic), წონის დასაკლებად უკიდურესად პოპულარული გახდა და მათ სხვა ჯანმრთელობის სარგებელიც, მაგალითად გულის დამცავი თვისებებიც გამოავლინეს. თუმცა, სამედიცინო საზოგადოებაში არსებობდა წუხილი, რომ ცხიმთან ერთად, ეს მედიკამენტები კუნთებისა და სხეულის მასის (lean body mass) სხვა კომპონენტების კარგვასაც იწვევს. მასაჩუსეტსში დაფუძნებული მონაცემთა ანალიტიკური ფირმის, nference-ის მკვლევრებმა გააანალიზეს დაახლოებით 1800 ტირზეპატიდისა და 6200 სემაგლუტიდის მომხმარებლის მონაცემები. აღმოჩნდა, რომ ტირზეპატიდი მუდმივად ასოცირდებოდა სხეულის კუნთოვანი მასის უფრო მეტ კარგვასთან, ვიდრე სემაგლუტიდი. კერძოდ, ტირზეპატიდზე მყოფმა პაციენტებმა უწყვეტი გამოყენების 3 თვის შემდეგ დაკარგეს საშუალოდ 1.1%-ით მეტი კუნთოვანი მასა, ხოლო 12 თვის შემდეგ – 2%-ით მეტი. კვლევის ხელმძღვანელის, ვენკი სუნდარარაჯანის განცხადებით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ პაციენტებმა არ უნდა იფიქრონ მარტივად: “მინდა დავიკლო X რაოდენობის წონა და ავირჩევ იმ ვარიანტს, რომელიც მეტ კლებას უზრუნველყოფს“.
კვლევის მიმდინარეობისას პაციენტებზე დაკვირვება ხორციელდებოდა მკურნალობამდე და მკურნალობის პროცესში, როგორც დაბალი რადიაციული სკანირების, ისე “ჭკვიანი“ სასწორების მეშვეობით, რომლებიც აფასებენ სხეულის ცხიმის პროცენტს, კუნთოვან და ძვლოვან მასას. მოცემულ კვლევას არ შეუძლია ახსნას, თუ რატომ იყო კუნთოვანი მასის კარგვა უფრო დიდი ტირზეპატიდის შემთხვევაში (რომელიც ბაძავს GLP-1 და GIP ჰორმონებს), ვიდრე სემაგლუტიდის დროს (რომელიც მხოლოდ GLP-1-ს ბაძავს). ჰორმონების მიბაძვა ანელებს საჭმლის მონელებას და პაციენტებს დანაყრების შეგრძნებას უტოვებს. Novo Nordisk-ის სპიკერმა მიმდინარე კვლევაზე კომენტარი არ გააკეთა, თუმცა აღნიშნა, რომ კლინიკურ კვლევებში კუნთოვანი მასის ცვლილებები მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა სემაგლუტიდისა და პლაცებოს ჯგუფებს შორის და ფიზიკური ფუნქცია შენარჩუნებული იყო, ხოლო კომპანია Lilly-მ კომენტარის მოთხოვნას დაუყოვნებლივ არ უპასუხა.
კვლევის დეტალების თანახმად, ტირზეპატიდის მომხმარებელთა დაახლოებით 10%-მა, რომლებმაც სხეულის საერთო წონის 20%-ზე მეტი დაიკლეს, ასევე დაკარგა კუნთოვანი მასის 5%-ზე მეტი. ეს მაჩვენებელი სემაგლუტიდის მომხმარებელთათვის, რომლებმაც წონის იგივე პროცენტი დაიკლეს, 7%-ზე ნაკლები იყო. მკურნალობის დროს ვარჯიშისადმი ტოლერანტობის დაქვეითება დაკავშირებული იყო კუნთოვანი მასის მეტ კარგვასთან ორივე ჯგუფში, თუმცა ტირზეპატიდით ნამკურნალებ პაციენტებში ეს უფრო დიდი მასშტაბით ვლინდებოდა. მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ უფრო მაღალი დოზები, ხანგრძლივი მკურნალობა და მკურნალობის დაწყებამდე კუნთ-ძვლოვანი ტკივილის არსებობა ორივე პრეპარატის შემთხვევაში კუნთოვანი მასის უფრო დიდ კლებასთან ასოცირდებოდა. როგორც სუნდარარაჯანი აღნიშნავს, ეს “მანკიერი წრეა“: თუ იწყებთ პრეპარატის მიღებას, რომელიც კუნთოვანი მასის დაკარგვის მეტ ალბათობას ქმნის და გაქვთ კუნთ-ძვლოვანი დაავადებების ისტორია, ეს ზრდის ვარჯიშისადმი დაბალი ტოლერანტობის რისკს, ხოლო თუ ამ მედიკამენტებზე ყოფნისას არ ვარჯიშობთ, არსებითად იწვევთ კუნთოვანი მასის ატრიციას (განლევას).




