დანიურმა ფარმაცევტულმა კომპანია Novo Nordisk-მა მედიკამენტების შემუშავების პროცესში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების მიზნით OpenAI-სთან პარტნიორობის შესახებ გამოაცხადა. კომპანიის განცხადების თანახმად, ეს თანამშრომლობა დაეხმარება მათ, პაციენტებს ახალი და უკეთესი სამკურნალო ვარიანტები გაცილებით უფრო სწრაფად შესთავაზონ. აღნიშნული კოლაბორაცია Novo Nordisk-ს საშუალებას მისცემს, გამოიყენოს მოწინავე ხელოვნური ინტელექტი რთული მონაცემთა ბაზების გასაანალიზებლად, პოტენციური მედიკამენტების იდენტიფიცირებისთვის და კვლევიდან პაციენტამდე წამლის მიტანის დროის შესამცირებლად. Novo Nordisk-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ დუსტდარმა პრესრელიზში აღნიშნა, რომ ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომპანიის ჯანდაცვის მომდევნო ერაში ლიდერად პოზიციონირებისთვის, რადგან მილიონობით ადამიანი ცხოვრობს სიმსუქნითა და დიაბეტით, რომლებსაც მკურნალობის ახალი ვარიანტები სჭირდებათ და ჯერ კიდევ არსებობს აღმოსაჩენი თერაპიები, რომლებსაც მათი ცხოვრების შეცვლა შეუძლია. დანიური კომპანიის მთავარი პროდუქტები ქრონიკულ დაავადებებზეა ფოკუსირებული და ის ფართოდ არის ცნობილი დიაბეტისა და წონის კლების სამკურნალო საშუალებებით, მათ შორის Ozempic-ითა და Wegovy-თი.
დუსტდარის განმარტებით, ყოველდღიურ სამუშაო პროცესში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, გააანალიზოს მონაცემები ისეთი მასშტაბით, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო, გამოავლინოს უხილავი კანონზომიერებები და იმაზე სწრაფად შეამოწმოს ჰიპოთეზები, ვიდრე ოდესმე. მისი თქმით, ეს ყოველივე ახალი თერაპიების აღმოჩენასა და ბაზარზე მათ უპრეცედენტოდ სწრაფად გატანას ნიშნავს. კვლევითი პროცესების გარდა, პარტნიორობა ასევე ითვალისწინებს OpenAI-ის შესაძლებლობების გამოყენებას წარმოების, მიწოდების ჯაჭვის, დისტრიბუციისა და კორპორატიული ოპერაციების ეფექტურობის გასაუმჯობესებლად. საპილოტე პროგრამები კვლევისა და განვითარების (R&D), წარმოებისა და კომერციული ოპერაციების მიმართულებით ამოქმედდება, ხოლო მიმდინარე წლის ბოლოსთვის მათი სრული ინტეგრაცია იგეგმება. OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ალტმანმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტი ინდუსტრიებს გარდაქმნის და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში მას ადამიანებისთვის უკეთესი და ხანგრძლივი ცხოვრების უზრუნველყოფა შეუძლია. ალტმანის შეფასებით, ეს კოლაბორაცია დაეხმარება Novo Nordisk-ს სამეცნიერო აღმოჩენების დაჩქარებაში, გლობალური ოპერაციების უფრო გონივრულად მართვასა და პაციენტთა მოვლის მომავლის ხელახლა განსაზღვრაში.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს Novo Nordisk-ის ფონდი Nvidia-სა და დანიის ექსპორტისა და ინვესტიციების ფონდს (EIFO) დაუკავშირდა დანიის ხელოვნური ინტელექტის ინოვაციების ცენტრის შესაქმნელად, რომელიც დანიის პირველ AI-მზა სუპერკომპიუტერს, Gefion-ს მართავს. ამ ინიციატივის მიზანი სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ჯანდაცვასა და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში, კვლევებისა და ინოვაციების დაჩქარება იყო. ზოგადად, ფარმაცევტული კომპანიები სულ უფრო მეტ ინვესტიციას დებენ მედიკამენტების აღმოჩენასა და განვითარებაში ხელოვნური ინტელექტის გამოსაყენებლად. მაგალითად, წონის კლების პრეპარატების ბაზარზე Novo Nordisk-ის მთავარმა კონკურენტმა, Eli Lilly-მ 2026 წლის მარტში გამოაცხადა Insilico Medicine-თან 2.75 მილიარდი დოლარის (2.39 მილიარდი ევრო) ღირებულების პარტნიორობის შესახებ, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით აღმოჩენილი მედიკამენტების შემუშავებისა და კომერციალიზაციის მიზნით. კომპანიების განცხადებით, ამ შეთანხმების ფარგლებში ამერიკული კომპანია მიიღებს ექსკლუზიურ გლობალურ ლიცენზიას პრეკლინიკურ განვითარებაში მყოფი ახალი პერორალური თერაპიული საშუალებების შემუშავებაზე, წარმოებასა და კომერციალიზაციაზე კონკრეტული ჩვენებებისთვის.




