აშშ-ის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნის, რობერტ კენედი უმცროსის (RFK Jr.) განცხადება, თითქოს ცხიმებით მდიდარ და ნახშირწყლებით ღარიბ დიეტას ზოგიერთი ფსიქიატრიული მდგომარეობების განკურნება შეუძლია, ექსპერტების შეფასებით შეცდომაში შემყვანია და მტკიცებულებებს არ ემყარება.
ტენესის შტატში გამართულ ღონისძიებაზე, სადაც ის წითელი ხორცით, რძითა და ცხოველური ცხიმებით მდიდარ კვებას უწევდა რეკომენდაციას, კენედიმ განაცხადა, რომ ჰარვარდის ერთ-ერთმა ექიმმა “განკურნა შიზოფრენია კეტო დიეტების გამოყენებით”. მან ასევე აღნიშნა, რომ არსებობს კვლევები, სადაც ადამიანები “ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი ეხსნებათ კვების შეცვლით”.
კეტოგენური (კეტო) დიეტის დროს ადამიანი კალორიების მინიმუმ 70%-ს იღებს ცხიმებიდან, დაახლოებით 20%-ს ცილებიდან და რაც შეიძლება მცირე რაოდენობას ნახშირწყლებიდან.

Christopher M. Palmer
თავის გამოსვლაში კენედიმ ახსენა ვინმე “დოქტორი პოლანი” ჰარვარდიდან, თუმცა მსგავსი პიროვნება, რომელსაც კეტო დიეტა და შიზოფრენია შეუსწავლია, არ იძებნება. სავარაუდოდ, მან იგულისხმა კრისტოფერ პალმერი, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ფსიქიატრის ასისტენტ-პროფესორი.
“ვაფასებ მდივნის ენთუზიაზმს ჩემი კვლევების მიმართ, თუმცა მე არასდროს მითქვამს, რომ ვკურნავ შიზოფრენიას და სიტყვა ‘განკურნებას’ არასდროს ვიყენებ ჩემს გამოსვლებში ან კვლევებში”, – აცხადებს პალმერი.
“კეტოგენურ დიეტას მე არ განვიხილავ როგორც ‘კარგ’ ან ‘ცუდ’ დიეტას. მე მას ვუყურებ როგორც მეტაბოლურ ინტერვენციას (ჩარევას)”, – ამატებს ის.
პალმერი არის თანაავტორი 2025 წლის კვლევისა, რომელმაც მიმოიხილა კეტო დიეტის მტკიცებულებები შიზოფრენიის მკურნალობაში. მცირე საპილოტე კვლევებმა აჩვენა, რომ დიეტამ შესაძლოა შეამსუბუქოს სიმპტომები ზოგიერთ პაციენტში. თუმცა პალმერი ხაზს უსვამს, რომ სხვა პაციენტებთან შესაძლოა საერთოდ არ იყოს გაუმჯობესება.
დღეისთვის შიზოფრენიის მკურნალობის პირველი რიგის არჩევანი ანტიფსიქოზური მედიკამენტებია, თუმცა მათ სერიოზული გვერდითი მოვლენები აქვთ და ყველა პაციენტზე არ მოქმედებენ.
ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ჯეფ ვოლეკი, რომელიც კეტო დიეტებს იკვლევს, ამბობს, რომ მისთვის უცნობია რაიმე გამოქვეყნებული კლინიკური კვლევა, რომელიც ადასტურებს შიზოფრენიის განკურნებას. თუმცა, მას არ უკვირს, რომ არსებობს ინდივიდუალური შემთხვევები, სადაც სიმპტომები გაუმჯობესდა.
“აქ არის ნიუანსები”, – ამბობს ვოლეკი. “როგორც მეცნიერი, მე არ გამოვიყენებდი ისეთ ძლიერ სიტყვას, როგორიცაა ‘განკურნება’, სანამ არ გვექნება საბოლოო მტკიცებულება მკაცრი სამეცნიერო კვლევებიდან”.
არსებობს მტკიცებულებები, რომ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკაცრი კეტოგენური დიეტა ეხმარება სხვა მდგომარეობებს – მაგალითად ეპილეფსიის იშვიათ ფორმებს. პალმერი აღნიშნავს, რომ ფსიქიატრიას აქვს ეპილეფსიის მკურნალობის მეთოდების ფსიქიკური დაავადებებისთვის მორგების ისტორია. შესაძლოა, კეტო დიეტა გავლენას ახდენს ტვინის ანთებაზე.
პალმერი ხაზს უსვამს, რომ როცა ფსიქიატრები საუბრობენ კეტო დიეტაზე, ისინი გულისხმობენ მკაცრ სამკურნალო პროტოკოლს და არა უბრალო კვებით ჩვევას.
“ეს არ არის იგივე, რაც დიეტის დაცვა ზოგადი ჯანმრთელობისთვის. არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ [შიზოფრენიის მქონე პაციენტს] შეუძლია უბრალოდ სცადოს დიეტა და თავისით განიკურნოს”, – აცხადებს პალმერი.
რაც შეეხება დეპრესიას, წინასწარი კვლევები მიუთითებს, რომ კეტო დიეტას შესაძლოა ჰქონდეს მცირე ეფექტი, თუმცა განკურნების მტკიცებულება აქაც არ არსებობს. პალმერის თქმით, კარგი სიახლე ისაა, რომ ახლახან დასრულდა ორი რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევა შიზოფრენიასა და კეტო დიეტაზე, რომელთა შედეგებიც მომდევნო წელს გამოქვეყნდება.




