ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ორშაბათის განცხადებით, დიდმა ბრიტანეთმა და რამდენიმე სხვა ევროპულმა ქვეყანამ დაკარგეს “წითელას ელიმინაციის სტატუსი”. გადაწყვეტილების მიზეზი კონტინენტზე ინფექციის შემთხვევების მკვეთრი მატებაა.
სტატუსი ასევე შეუჩერდათ ესპანეთს, ავსტრიას, სომხეთს, აზერბაიჯანსა და უზბეკეთს. ჯანმო მოუწოდებს სახელმწიფოებს, სასწრაფოდ გაზარდონ ვაქცინაციის ტემპი, განსაკუთრებით დაუცველ პოპულაციაში, რათა თავიდან აიცილონ ბავშვების დაინფიცირება.
მთლიანად ევროპაში დაავადება 1997 წლის შემდეგ ყველაზე აქტიურად ცირკულირებს – გასულ წელს 127 350 შემთხვევა დაფიქსირდა.
სიტუაცია მძიმდება ოკეანის გაღმაც: კანადამ სტატუსი დეკემბერში დაკარგა. მოსალოდნელია, რომ ამ თვეში სტატუსს დაკარგავს აშშ-ც, სადაც 2025 წელს 2,000-ზე მეტი შემთხვევა და ჩვილების 3 გარდაცვალება დაფიქსირდა. ამერიკაში პროცესს თან ერთვის ვაქცინების მიმართ გაზრდილი სკეპტიციზმი – ივნისში აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა, რობერტ კენედი უმცროსმა (RFK Jr) იმუნიზაციის საბჭო სკეპტიკოსი ფიგურებით დააკომპლექტა.
ჯანმო-ს რეგიონული კომიტეტები ქვეყნის სტატუსს ინციდენტობის მაჩვენებლების მიხედვით განსაზღვრავენ. იმისთვის, რომ ქვეყანა ჩაითვალოს “წითელასგან თავისუფლად” (Measles-free), იქ 12 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში არ უნდა ფიქსირდებოდეს ვირუსის ერთი და იმავე შტამის ადგილობრივი გადაცემა.
ევროპული ქვეყნებისთვის სტატუსის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ჯერ კიდევ სექტემბერში, 2024 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად მხოლოდ ახლა, ყველა ქვეყნის ხელმოწერის შემდეგ გახდა საჯარო.
ვაქცინაციის კლება – მთავარი მიზეზი
წითელა ვაქცინაციით სრულად მართვადი დაავადებაა, თუმცა ის ძალიან გადამდებია. ამიტომ, როდესაც ვაქცინაციის მაჩვენებელი იკლებს, წითელა არის პირველი დაავადება, რომელიც ბრუნდება.
ჯანმო-ს შეფასებით, წითელას შესაჩერებლად ვაქცინაციის მაჩვენებელმა 95%-ს უნდა გადააჭარბოს.
-
დიდ ბრიტანეთში 2024 წელს ორი დოზით აცრილი იყო ბავშვების მხოლოდ 84.4%.
-
ინგლისში დაფიქსირდა 2,911 დადასტურებული შემთხვევა, რაც 2012 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
იანვრის დასაწყისიდან ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემამ (NHS) MMR ვაქცინა ჩაანაცვლა MMRV აცრით, რომელიც დამატებით იცავს ჩუტყვავილასგან. იმუნიტეტის გასაძლიერებლად, მეორე დოზა, რომელიც ტრადიციულად 3 წლის ასაკში კეთდებოდა, ახლა 18 თვის ასაკში გაკეთდება.





