ხანდაზმულებში ჰერპეს ზოსტერის (იგივე სირსველის) საწინააღმდეგო რეკომბინანტული ვაქცინის ორი დოზა ერთზე უკეთესია – ამას Medicare-ის მონაცემების ორი ახალი ანალიზი აჩვენებს. თუმცა, ერთი დოზაც კი მნიშვნელოვან დაცვას უზრუნველყოფს.
მათ შორის, ვინც მინიმუმ ერთი დოზა მიიღო, ვაქცინის ეფექტიანობა ჰერპეს ზოსტერთან დაკავშირებული ნებისმიერი გართულების წინააღმდეგ 56.1% იყო. მეორე დოზის მიღებამ კი ფარდობითი ეფექტიანობა 67.9%-მდე გაზარდა. ამის შესახებ ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი ჟურნალ “Annals of Internal Medicine“-ში იუწყება.
“ეს შედეგები მიუთითებს, რომ ექიმებმა რუტინულად უნდა შესთავაზონ პაციენტებს სირსველის ვაქცინაცია მისი მაღალი ეფექტიანობის გამო”, – განაცხადა კვლევის ავტორმა, ნადია ვიელოტმა. “ასევე, მათ უნდა უზრუნველყონ, რომ პაციენტებმა მიიღონ ორივე რეკომენდებული დოზა, რადგან ჩვენი კვლევა აჩვენებს ორი დოზის უპირატესობას ერთთან შედარებით. ეს ინფორმაცია შეიძლება დაეხმაროს იმ პაციენტებს, რომლებმაც პირველი დოზის შემდეგ გვერდითი მოვლენები განიცადეს და მეორე დოზის მიღებისგან თავს იკავებენ”.
რა არის სირსველი? წაიკითხეთ ამ თემაზე ჩვენი სტატია:
ჰერპესი, ჩუტყვავილა და ალცჰაიმერი – სად გადაკვეთს ერთმანეთს ინფექცია და დემენცია?
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC) რეკომენდაციას უწევს 50 წელს გადაცილებულ ზრდასრულებს, გაიკეთონ რეკომბინანტული ვაქცინის (როგორიცაა Shingrix) ორი დოზა 2-6 თვის ინტერვალით.
ერთი დოზაც კი უკეთესია, ვიდრე არცერთი
აღსანიშნავია, რომ კვლევაში ერთი დოზის ეფექტიანობა თითქმის იდენტური იყო იმუნოკომპეტენტურ (56.5%) და იმუნოკომპრომეტირებულ (54.2%) პაციენტებში.
შედეგები ასევე ხაზს უსვამს, რომ ერთი აცრაც კი ბევრად უკეთესია, ვიდრე აუცრელობა. გათვლებით, მინიმუმ ერთი დოზის მიღება 100 000 ადამიანზე 698-ით ამცირებს ჰერპეს ზოსტერის, 58-ით – თვალის ჩართულობის და 78-ით – პოსტ-ჰერპესული ნევრალგიის განვითარების რისკს.
რა არის პოსტ-ჰერპესული ნევრალგია? ეს სირსველის ყველაზე მძიმე და გავრცელებული გართულებაა – ქრონიკული, ძლიერი ნერვული ტკივილი, რომელიც გრძელდება გამონაყარის გაქრობიდან თვეების ან წლების განმავლობაშიც კი. ვაქცინაციის მთავარი მიზანი სწორედ ამ გართულების თავიდან აცილებაა.
ავტორების თქმით, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, იძლევა თუ არა დაცვას არასრული კურსი, რადგან პაციენტები ყოველთვის არ ასრულებენ მრავალდოზიან ვაქცინაციას. “ერთი დოზის ეფექტიანობის მტკიცებულება იმედისმომცემია მათთვის, ვინც სრულ კურსს ვერ ასრულებს”, – წერენ ისინი.
რა არის ჰერპეს ზოსტერი? ჰერპეს ზოსტერი, ანუ სირსველი, გამოწვეულია ვარიცელა-ზოსტერის ვირუსის (რომელიც ბავშვებში ჩუტყვავილას იწვევს) რეაქტივაციით. ვირუსი წლების განმავლობაში მიძინებულია ნერვულ უჯრედებში და ასაკთან ან იმუნიტეტის დაქვეითებასთან ერთად შეიძლება გააქტიურდეს, იწვევს რა მტკივნეულ გამონაყარს და ნერვების ანთებას, რომელიც კვირების განმავლობაში გრძელდება.
კვლევის მოულოდნელი შედეგი: რასობრივი განსხვავებები
კვლევამ გამოავლინა საყურადღებო განსხვავებები ეფექტიანობაში რასობრივი ჯგუფების მიხედვით. მინიმუმ ერთი დოზის ეფექტიანობა არა-შავკანიან მონაწილეებში 56.6% იყო, ხოლო შავკანიან მონაწილეებში ის მხოლოდ 18.2%-ს შეადგენდა. ესპანური წარმოშობის პაციენტებში მაჩვენებელი 61.5% იყო.
“ჩვენთვის მოულოდნელი იყო აღმოჩენა, რომ შავკანიანმა ინდივიდებმა ვაქცინაციისგან მხოლოდ მცირე სარგებელი მიიღეს”, – აღნიშნა ვიელოტმა. “თუმცა, წინა კვლევებშიც დაფიქსირებულა, რომ შავკანიან პოპულაციაში სირსველის საწყისი (ფონური) გავრცელება უფრო დაბალია. ჩვენ არ ვთვლით, რომ ვაქცინაციის რეკომენდაციები რასის ან ეთნიკურობის გათვალისწინებით უნდა შეიცვალოს”.
კვლევის ავტორებმა Medicare-ის 65 წელს გადაცილებული 3.4 მილიონზე მეტი ბენეფიციარის 2018-2019 წლების მონაცემები გააანალიზეს. შეზღუდვებს შორის სახელდება ის ფაქტი, რომ კვლევაში არ მოხვდნენ 50-64 წლის ასაკის ადამიანები და დაკვირვების პერიოდი შედარებით ხანმოკლე იყო.
ასევე დაგაინტერესებთ:




