ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა A ჰეპატიტის (ადრე ბოტკინს რომ ვუწოდებდით) ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე სერიოზულ აფეთქებას ებრძვის. მიმდინარე წელს ქალაქში უკვე 800-ზე მეტი შემთხვევა და 10 გარდაცვალება დაფიქსირდა, რაც საგანგაშო მაჩვენებელია. ხელისუფლება საზოგადოებას ჰიგიენის წესების ზედმიწევნით დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
ციფრები და მასშტაბი
პრაღა ეპიდემიის ეპიცენტრია და ქვეყანაში დაფიქსირებული შემთხვევების თითქმის ნახევარი სწორედ დედაქალაქზე მოდის. შემთხვევების რიცხვი სწრაფად იზრდება – თუ იანვარში მხოლოდ 6 შემთხვევა იყო, სექტემბერში მათმა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა. მთლიანად ჩეხეთის რესპუბლიკაში წელს 2,000-ზე მეტი შემთხვევა და 20-ზე მეტი გარდაცვალება აღირიცხა, მაშინ როცა გასულ წელს მხოლოდ 2 გარდაცვალება დაფიქსირდა.
დაავადება ყველაზე მძიმედ მიმდინარეობს იმ ადამიანებში, რომლებსაც ღვიძლის ქრონიკული პრობლემები ან დასუსტებული იმუნიტეტი აქვთ. გარდაცვლილთა უმეტესობა 50-69 წლის ასაკობრივ ჯგუფშია, მძიმე შემთხვევები კი ხშირად უსახლკარო ან ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირებში ფიქსირდება.
რა არის A ჰეპატიტი და როგორ ვრცელდება?
A ჰეპატიტი, რომელსაც ხშირად “ბინძური ხელების დაავადებას” უწოდებენ, ვირუსული ინფექციაა. ის ძირითადად ფეკალურ-ორალური გზით ვრცელდება – დაუბანელი ხელებით, დაბინძურებული საკვებითა და წყლით.
ადრეული სიმპტომები გრიპს ჰგავს: სიცხე, დაღლილობა, გულისრევა და ტკივილი მუცლის არეში. მოგვიანებით ეტაპზე კი ვითარდება სიყვითლე (კანისა და თვალების გაყვითლება), შარდი მუქდება, განავალი უფერულდება და იწყება კანის ქავილი.
პრაღის მერიამ და ჰიგიენის სადგურმა საპასუხო ზომები უკვე მიიღეს. ქალაქის მასშტაბით დაიწყო ფართო საინფორმაციო კამპანია. გარდა ამისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომპანიამ გააძლიერა დეზინფექცია ტრამვაიებში, ავტობუსებსა და მეტროს სადგურებში და დასუფთავების პროტოკოლები “კოვიდ-ეპოქის” დონეზე დააბრუნა.
როგორ დავიცვათ თავი? – ექიმების მთავარი რეკომენდაციები
ეპიდემიოლოგების მთავარი რჩევა უცვლელია: თავის დაცვის საუკეთესო და ყველაზე ეფექტიანი გზა ხელების საფუძვლიანი დაბანა და ვაქცინაციაა. “A ჰეპატიტის ვირუსის გასანადგურებლად თბილი წყალი და ჩვეულებრივი თხევადი საპონიც საკმარისია”, – აცხადებენ ექსპერტები. მთავარია, ხელები მინიმუმ 10-20 წამის განმავლობაში იბანოთ.
რჩევები ქალაქის სტუმრებისთვის
ტურისტებისთვის რისკი დაბალია, თუ ისინი ჰიგიენის საბაზისო წესებს დაიცავენ:
- ხშირად დაიბანეთ ხელები, განსაკუთრებით ჭამის წინ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის შემდეგ.
- თან იქონიეთ ხელის სადეზინფექციო საშუალება.
- მოერიდეთ უმ ან გაუცლელ პროდუქტებს საეჭვო ადგილებში.
- თუ ხშირად მოგზაურობთ, განიხილეთ A ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
საქართველოში A ჰეპატიტის შემთხვევათა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია საჯარო წყაროებში არ მოიპოვება.




