კიბოს ახალი, ექსპერიმენტული ვაქცინა, რომელიც იმუნურ სისტემას პანკრეასისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს უჯრედების ამოცნობასა და მათზე თავდასხმას “ასწავლის”, კლინიკური კვლევის პირველ ფაზაში იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს.
ვაქცინა, სახელად ELI-002, შექმნილია იმ სიმსივნეების წინააღმდეგ საბრძოლველად, რომლებსაც KRAS-ის მუტაცია ახასიათებთ. ეს მუტაცია პანკრეასის კიბოს შემთხვევების 93%-ში და მსხვილი ნაწლავის კიბოს 50%-ში გვხვდება. ასეთი სიმსივნეები ხშირად “იმუნურად ცივია”, რაც ნიშნავს, რომ იმუნური სისტემა მათ ვერ “ხედავს” და არ ებრძვის.
კვლევა, რომლის შედეგებიც ჟურნალ “Nature Medicine”-ში გამოქვეყნდა, 25 პაციენტზე ჩატარდა. მათ სტანდარტული მკურნალობის (ოპერაცია და ქიმიოთერაპია) შემდეგ, მინიმალური ნარჩენი დაავადების პირობებში, ახალი ვაქცინა გაუკეთეს. შედეგად, პაციენტების 84%-ს KRAS-ის მუტაციის წინააღმდეგ ძლიერი T-უჯრედული იმუნური პასუხი განუვითარდა. ეს პასუხი, თავის მხრივ, პირდაპირ კავშირში აღმოჩნდა დაავადების რეციდივის გარეშე პერიოდისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდასთან. 6 პაციენტს კი სიმსივნის ბიომარკერები სისხლში სრულად გაუქრა.
“ძალიან იმედისმომცემია, რომ გვაქვს ვაქცინა, რომელიც T-უჯრედების აქტივობას ასტიმულირებს KRAS-მუტაციის მქონე სიმსივნეებში”, – განაცხადა ლონდონის კიბოს კვლევის ინსტიტუტის მეცნიერმა, დოქტორმა მაგნუს დილონმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ვაქცინის ერთ-ერთი უპირატესობა მისი უნივერსალურობაა – ის არ საჭიროებს პერსონალიზებულ დამზადებას თითოეული პაციენტისთვის, რაც დროსა და ხარჯებს ზოგავს.
სიფრთხილე აუცილებელია
მიუხედავად შთამბეჭდავი საწყისი შედეგებისა, კვლევაში ჩაუხედავი ექსპერტები საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ისინი ხაზს უსვამენ, რომ ეს კვლევის პირველი ფაზაა, რომლის მთავარი მიზანი უსაფრთხოების შემოწმებაა და არა ეფექტიანობის დამტკიცება. კვლევაში მხოლოდ 25 პაციენტი მონაწილეობდა, რაც საბოლოო კლინიკური სარგებლის შესახებ დასკვნების გასაკეთებლად საკმარისი არ არის.
“ჩვენ აქამდეც ვყოფილვართ მსგავს სიტუაციაში, როდესაც ასეთი მიდგომა საბოლოოდ ხელშესახებ ეფექტიანობაში არ გადაზრდილა”, – ამბობს კინგს კოლეჯის პროფესორი, რიჩარდ სალივანი.
კომპანია “Elicio Therapeutics”-ი უკვე იწყებს კვლევის შემდეგ, უფრო მასშტაბურ ფაზას 135 პაციენტის მონაწილეობით. სწორედ ეს კვლევა მოგვცემს უფრო ნათელ პასუხს კითხვაზე, გადაიქცევა თუ არა ეს ადრეული იმედი რეალურ თერაპიად პაციენტებისთვის.
ასევე დაგაინტერესებთ:




