კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ხუთშაბათს, სამი წლის შემდეგ, ებოლას ვირუსის ახალი აფეთქება გამოაცხადა. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ამ დროისთვის დაფიქსირებულია 28 სავარაუდო შემთხვევა და 15 სიკვდილი.
ოთხშაბათს ჩატარებულმა ნიმუშების ტესტირებამ ვირუსის “Zaire” შტამის არსებობა დაადასტურა. აფეთქების პირველი სიგნალი 20 აგვისტოს, კასაის პროვინციაში, 34 წლის ორსული ქალის ჰოსპიტალიზაციის შემდეგ გამოვლინდა, რომელსაც მაღალი სიცხე და ღებინება აღენიშნებოდა. ჯანდაცვის სამინისტროს არ დაუზუსტებია, გადარჩა თუ არა ქალი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, შემთხვევების რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზრდება, რადგან ვირუსის გადაცემა მიმდინარეობს. ებოლა იშვიათი, მაგრამ ხშირად ფატალური დაავადებაა ადამიანებში, რომელიც სისხლთან და სხეულის სხვა სითხეებთან კონტაქტით გადადის.
კონგომ ათზე მეტი ებოლას აფეთქება დააფიქსირა. ბოლოს, 2022 წელს, დაავადება ეკვატორის პროვინციაში გავრცელდა. 2018-2020 წლებში მომაკვდინებელმა აფეთქებამ თითქმის 2,300 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ჯანმო-ს განცხადებით, კონგოს აქვს სამკურნალო საშუალებების მარაგი, ასევე Ervebo ვაქცინის 2,000 დოზა, რომელიც კასაის პროვინციაში გაიგზავნება კონტაქტებისა და წინა ხაზზე მომუშავე ჯანდაცვის მუშაკების ვაქცინაციისთვის. ასევე მიწოდებული იქნება ორი ტონა ტვირთი, მათ შორის მობილური ლაბორატორიული აღჭურვილობა და სამედიცინო მარაგი.
მომზადდა Routers-ის მიხედვით.




