ონკოლოგები, რომლებმაც პირველად ნახეს კლინიკურ კვლევაში მონაწილე პაციენტების სკანირების შედეგები, გაოცებულები იყვნენ. ზოგიერთ პაციენტში, რომელთაც მთელ სხეულში გავრცელებული (მეტასტაზური) კიბო ჰქონდათ, ახალმა რადიოლიგანდურმა თერაპიამ სულ რაღაც ექვს თვეში სიმსივნის კვალი სრულად გააქრო. ნიუ-იორკის Memorial Sloan Kettering-ის კიბოს ცენტრის ონკოლოგმა, მაიკლ მორისმა, ამ შედეგებს “წარმოუდგენელი” და “აქამდე უნახავი” უწოდა.
ეს არ არის ჩვეულებრივი ქიმიოთერაპია ან სტანდარტული სხივური თერაპია. ეს არის სრულიად ახალი მიდგომა, რომელიც მედიცინასა და ბირთვულ ფიზიკას აერთიანებს და რომელსაც ონკოლოგიაში რევოლუციის მოხდენა შეუძლია.
როგორ მუშაობს კიბოს “ჭკვიანი ბომბი”?
სტანდარტული სხივური თერაპია, რომელსაც კიბოს პაციენტების დაახლოებით ნახევარი გადის, გულისხმობს რადიაციის გარეგან დასხივებას. ეს მეთოდი ეფექტიანია, მაგრამ ხშირად სიმსივნურ უჯრედებთან ერთად ჯანმრთელ ქსოვილებსაც აზიანებს.
რადიოლიგანდური თერაპია (RLT) სულ სხვა პრინციპით მუშაობს. მას ხშირად “ჭკვიან ბომბს” ადარებენ. პაციენტს ვენაში შეჰყავთ პრეპარატი, რომელიც ორი მთავარი კომპონენტისგან შედგება:
- რადიოაქტიური იზოტოპი – ეს არის “ბომბი”, რომელიც გამოსცემს რადიაციას.
- ლიგანდი – ეს არის “თვითდამიზნების სისტემა”. ლიგანდი არის მოლეკულა, რომელიც მხოლოდ კიბოს უჯრედების ზედაპირზე არსებულ სპეციფიკურ რეცეპტორებს “ცნობს” და უკავშირდება.
სისხლში მოხვედრის შემდეგ, ლიგანდი მთელ სხეულში მოძრაობს, პოულობს სიმსივნურ უჯრედებს, “ეწებება” მათ და რადიოაქტიური იზოტოპი პირდაპირ მიზანში, მიკროსკოპულ დონეზე ანადგურებს კიბოს, თანაც ჯანმრთელ ქსვილებს მინიმალურად აზიანებს.
წარმოუდგენელი ლოგისტიკა: ბირთვული რეაქტორიდან პაციენტამდე
მიუხედავად იმისა, რომ თერაპიის პოტენციალი უზარმაზარია, მისი შექმნა და პაციენტამდე მიტანა წარმოუდგენელ სირთულეებთანაა დაკავშირებული.
- წარმოების დასაწყისი: ყველაფერი ბირთვულ რეაქტორში იწყება, სადაც საჭირო რადიოაქტიურ იზოტოპებს ქმნიან.
- დრო: რადიოაქტიური მასალის შექმნის შემდეგ, კომპანიას აქვს მხოლოდ 3-დან 5 დღემდე, რომ მისგან წამალი დაამზადოს და პაციენტს მიაწოდოს. ამის შემდეგ იზოტოპი იწყებს დაშლას და ეფექტიანობას კარგავს. თითოეული ფლაკონი კონკრეტული პაციენტისთვის, მისი მკურნალობის თარიღის მიხედვით, ინდივიდუალურად მზადდება.
- ულტრა ზუსტი მიწოდება: ფლაკონებს GPS სენსორებით აკონტროლებენ 24/7 რეჟიმში. ფარმაცევტული კომპანია Novartis-ი, რომელიც ამ სფეროს პიონერია, ლოგისტიკური პრობლემების პროგნოზირებისთვის გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტსაც კი იყენებს.
- პაციენტის იზოლაცია: თერაპიის შემდეგ პაციენტი თავად ხდება რადიოაქტიური. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, გერმანიასა და იაპონიაში, პაციენტები ღამით სპეციალურ, რადიაციისგან დაცულ საავადმყოფოს პალატაში, იზოლაციაში უნდა დარჩნენ. ზოგიერთ შემთხვევაში კი, მათი შარდის შეგროვება და 70 დღის განმავლობაში შენახვაა საჭირო, სანამ რადიოაქტიური მასალა სრულად არ დაიშლება.
მომავალი და კონკურენცია
ამ სფეროს პიონერი შვეიცარიული კომპანია Novartis-ია, რომელმაც ტექნოლოგია ორი კომპანიის შესყიდვით მოიპოვა, რომელთაგან ერთ-ერთი CERN-ის (ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია) მეცნიერების დაარსებული იყო. კომპანიას უკვე აქვს დამტკიცებული პრეპარატები პროსტატისა და კუჭ-ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ.
თერაპიის პოტენციალი იმდენად დიდია (ბაზარი შესაძლოა 25-30 მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს), რომ სხვა ფარმაცევტული გიგანტები, როგორიცაა Lilly, AstraZeneca და Sanofi, უკვე ჩაერთნენ რბოლაში და აქტიურად ყიდულობენ RLT-ს განმვითარებელ სტარტაპებს.
Novartis-ი ამჟამად 15 კლინიკურ კვლევას ატარებს და თერაპიის გამოყენებას ფილტვის, მკერდის, პანკრეასისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს წინააღმდეგაც გეგმავს. ანალიტიკოსების აზრით, ტექნოლოგიის ფართოდ დასანერგად კიდევ 10-15 წელია საჭირო.
მომზადებულია Financial Times-ის მიხედვით.




