ჯო ბაიდენის განცხადებას, რომ მას პროსტატას კიბოს აგრესიული ფორმა დაუდგინდა, გამოხმაურება მთელი მსოფლიოს მაშტაბით მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ კიბოს ამ ფორმის სრული განკურნება შესაძლებელი არ არის, თანამედროვე მედიცინა მის კონტროლს და სიცოცხლის გახანგრძლივებას უზრუნველყოფს.
“კიბო ყველას გვეხება“ — დაწერა ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა X-ზე მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ მას პროსტატას კიბო დაუდგინდა.
ბაიდენის მიერ საჯაროდ გაზიარებულმა დიაგნოზმა არა მხოლოდ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოიწვია, არამედ საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იმაზე, რომ პროსტატას კიბო ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა მამაკაცებში და მისი დროული გამოვლენა და მართვა გადამწყვეტია. ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობაზე უკვე გაკეთდა არაერთი მცდარი თუ დამაზიანებელი განცხადება, მათ შორის დონალდ ტრამპის ვაჟისგანაც, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ინფორმირებულობა, სამედიცინო ფაქტების სწორად გაგება და პასუხისმგებლიანი კომუნიკაცია ისეთი მგრძნობიარე თემების გარშემო, როგორიც არის მაგ. ონკოლოგიური დაავადებები.
რა სჭირს ბაიდენს?
ჯო ბაიდენის შემთხვევაში საქმე გვაქვს აგრესიული ფორმის პროსტატას კიბოსთან. ეს კიბო ყველაზე გავრცელებულია კაცებში და მისი გავრცელება წლების განმავლობაში მატულობს — 2017–2021 წლებში გავრცელების მაჩვენებელი წელიწადში საშუალოდ 3%-ით იზრდებოდა.
მიუხედავად ამისა, სიკვდილიანობა ამ დაავადებით მცირედით კლებულობს — წელიწადში საშუალოდ 0.6%-ით 2012–2022 წლებში.
საერთო ჯამში, თუ კიბო ადრეულ სტადიაშია და არ არის გავრცელებული, მისი გადარჩენის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია: 5-წლიანი გადარჩენადობის მაჩვენებელი 99%-ს აჭარბებს. თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც კიბო გავრცელებულია სხეულის შორეულ ნაწილებშიც (მეტასტაზებია), გადარჩენის შანსი მხოლოდ 37%-ს შეადგენს.
რა არის მეტასტაზური პროსტატას კიბო და რას წერს დონალდ ტრამპ უმცროსი?
ბაიდენის დიაგნოზის გასაჯაროების შემდეგ, ჯო ბაიდენს გამამხნევებელი და მხარდამჭერი გზავნილებით მთელი მსოფლიოდან უამრავმა ადმაიანმა მიმართა, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებმაც. თუმცა მათ შორის იყო აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალტ ტრამპის უფროსი ვაჟი დობალდ ტრამპ ჯუნიორი, რომელმაც დაწერა:
„მე რაც მაინტერესებს არის – როგორ ვერ შეამჩნია დოქტორმა ჯილ ბაიდენმა მე-5 სტადიის მეტასტაზური კიბო, თუ ეს მორიგი გადაფარვის მცდელობაა???”
გავაანალიზოთ, რა თქვა ტრამპ ჯუნიორმა. გამოვყოთ ორი ნაწილი მისი პოსტიდან: “მეხუთე სტადიის კიბო” და “დოქტორი ჯილ ბაიდენი”.
„მე-5 სტადიის მეტასტაზურ კიბო“ არ არსებობს. საერთაშორისო TNM კლასიფიკაციაში კიბოს სტადიები მხოლოდ 1-დან 4-მდე არსებობს.
ამიტომ „მე-5 სტადია“ უბრალოდ არარსებულია.
ტრამპის განცხადებაში ასევე ნახსენებია, რომ „დოქტორმა ჯილ ბაიდენმა ვერ შენიშნა ქმრის კიბო“. ჯილ ბაიდენი ჯო ბაიდენის ცოლია. უმცროსი ტრამპი განგებ უსვამს ხაზს Dr-ს, თითქოს რეფერენსს აკეთებს, რომ „ექიმმა (დოქტორ) ჯილმა კიბო ვერ შნეინშნა სანამ მეხუთე სტადიამდე არ მივიდა საქმე“.
რეალურად, ჯილ ბაიდენი არ არის ექიმი, არც მედიცინის დოქტორი — მას აქვს განათლების დოქტორის (EdD) ხარისხი და არ აქვს სამედიცინო განათლება.
ამასთან, უმცროსი ტრამპი აზიარებს პოსტს, რომელშიცაა მტკიცება, რომ პროსტატას კიბო წლების განმავლობაში ნელა ვითარდება და ადვილად დიაგნოსტირდება, რაც ასე არაა. მისი მიმდინარეობა ინდივიდუალურია. მით უფრო, ამას ვერ ვიტყვით იმ ფორმაზე, რომელიც ბაიდენს დაუდგინდა —გლისონი 9, ანუ მაღალი აგრესიულობის მახასიათებლით. ასევე აღსანიშნია, რომ პაციენტების დაახლოებით 10%-ს პროსტატის კიბოს დიაგნოზს სწორედ მეტასტაზური სტადიის დროს უსვამენ. აქვე, გასათვალისწინებელია ჯო ბაიდენის ასაკი. ის 82 წლისაა. ამ ასაკში პროსტატას კიბოს რუტინული სკრინინგი არ მიმდინარეობს. მოდით, ამ საკითხს ჩავუღრმავდეთ:
პროსტატას კიბოს გამოსავლენად ძირითადად გამოიყენება PSA ტესტი, რომელიც პროსტატას უჯრედების მიერ გამომუშავებული სპეციფიკური ცილის რაოდენობას ზომავს სისხლში. ეს არის მთავარი სკრინინგის ინსტრუმენტი, რომელსაც ხშირად თან ახლავს გამოსახულებითი კვლევები, მაგალითად, MRI ან ძვლის სკანირება, ხოლო დიაგნოზის საბოლოოდ დასასმელად ტარდება ბიოფსია — პროსტატას ქსოვილის მიკროსკოპული გამოკვლევა გლისონის ქულის დასადგენად. თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სტანდარტული რეკომენდაციებით 70 წელს გადაცილებული მამაკაცებისთვის PSA სკრინინგი არ არის რეკომენდებული, რადგან ამ ასაკში ცილის დონე ბუნებრივად იზრდება და ხშირია ცრუ დადებითი პასუხები, რაც შესაძლოა გამოიწვიოს არასაჭირო ბიოფსიები და თანმდევი გართულებები. მიუხედავად ამისა, სკრინინგის გადაწყვეტილება ზოგჯერ ინდივიდუალურად მიიღება, განსაკუთრებით მაშინ, როცა პაციენტს აქვს მაღალი რისკის ფაქტორები ან უჩვეულო სიმპტომები. ჯო ბაიდენის შემთხვევაშიც დიაგნოზი, სავარაუდოდ, სტანდარტული სკრინინგის შედეგად კი არა, ინდივიდუალურად ჩატარებული გამოკვლევით დადგინდა. ესეც კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ შეიძლებოდა დროულად ვერ დაედგინა დიაგნოზი 82 წლის ბაიდენს.
რამდენად მძიმეა ჯო ბაიდენის მდგომარეობა?
მეტასტაზური პროსტატას კიბო განუკურნებელია, მაგრამ მკურნალობის შესაძლებლობა არსებობს. ძირითადად გამოიყენება ორი მედიკამენტი, რომელიც თრგუნავს მამაკაცის ჰორმონების გამომუშავებას, ხშირად ქიმიოთერაპიასთან ერთად.
პროსტატას კიბოს გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ ვიცით რისკ -ფაქტორები: ასაკი, გენეტიკური წინაპირობა და სიმსუქნე.
ზემოთ ვახსენეთ, რომ ბაიდენის კიბო კლასიფიკაციის მიხედვით არის გლისონის 9. ეს ნიშნავს, რომ კიბოს უჯრედები ძალიან აგრესიულია. გლისონის შეფასების შკალა 6-დან 10-მდეა და 8-10 ითვლება ყველაზე აგრესიულად.
შესაძებელია თუ არა განკურნება?
პროსტატას კიბო განკურნებადია მხოლოდ მაშინ, როცა ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირდება. თუ სიმსივნე უკვე გავრცელებულია სხეულის სხვა ნაწილებზე (მეტასტაზურია), ის აღარ განიხილება როგორც განკურნებადი, თუმცა მართვადია და არსებობს ეფექტური თერაპიები. მკურნალობის ძირითადი გზაა ანდროგენების დათრგუნვა — ტესტოსტერონის გამომუშავების შეჩერება, რაც კიბოს უჯრედების ზრდას აჩერებს. ადრე ამისთვის სათესლე ჯირკვლებს აცილებდნენ, დღეს კი ეს ინექციებითა და აბებით კეთდება. თანამედროვე მიდგომა აერთიანებს ჰორმონულ თერაპიასა და ანდროგენური რეცეპტორების ბლოკატორებს, ზოგჯერ ქიმიოთერაპიასთან ერთადაც. გვერდითი მოვლენები ჰგავს მამაკაცურ მენოპაუზას — ცხელი ალები, ოფლიანობა, წონის მატება. პაციენტებს ხშირად უჭირთ ადაპტაცია პირველ ორ-სამ თვეში, თუმცა შემდეგ მდგომარეობა სტაბილურდება.
ბაიდენის შემთხვევაში ეს არ არის მკურნალობისთვის დაგვიანებული შემთხვევა, რომელიც უალტერნატივოდაა განწირული. ეს არის მართვადი დაავადება, რომელიც საჭიროებს მუდმივ მკურნალობას და მონიტორინგს — განსაკუთრებით 82 წლის ასაკში, როცა ორგანიზმის ზოგადი რესურსები უფრო შეზღუდულია.




