როგორ ემსხვერპლა საზოგადოებრივი ჯანდაცვა თავისსავე წარმატებას
საზოგადოებრივი ჯანდაცვა “საკუთარი წარმატებისვე მსხვერპლიაო”, აღმოხდა ჯონათან ობერლანდერს, ჯანდაცვის პოლიტიკის მკვლევარსა და ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის პროფესორს, ჯერ კიდევ 2020 წლის დასაწყისში. მისი თქმით, ”ხალხი სარგებლობს სუფთა წყლითა და სუფთა ჰაერით, მაგრამ ამას საზოგადოებრივ ჯანდაცვას როდი უმადლიან”.
მისი სიტყვები განსაკუთრებით მტკივნეულად გაისმა კოვიდის პანდემიისას. ამ დროს ხომ ნათლად გამოჩნდა ღრმა უფსკრული მეცნიერულ მიღწევებსა და საზოგადოებრივ აღქმებს შორის. მართლაც, თითქოსდა უკანასკნელი პანდემიის დროს მეცნიერება ისე გაისარჯა, როგორც მოელიან ხოლმე: ვაქცინაც უსწრაფესად შექმნა და კოვიდის წამალიც. თუმცაღა რისთვის? მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა ამ შესაძლებლობაზე, უბრალოდ, უარი თქვა.
ამ თითქოსდა პარადოქსულმა მოვლენამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა: რაც უფრო ბუნებრივად მიგვაჩნია ყველა ის სიკეთე, სამედიცინო პროგრესმა რომ მოგვიტანა, მით უფრო გვიჭირს მათი მნიშვნელობის სწორად დანახვა და გააზრება.
ჰოდა, გავიხედოთ ისტორიისკენ და ვიკითხოთ: რა მოხდა უკანასკნელი ერთი საუკუნის მანძილზე? როგორ შეიცვალა სამყარო?
რა თქმა უნდა, ყველას გვსმენია ორი მსოფლიო ომის, იმპერიათა მსხვრევის, დეკოლონიზაციის, კოსმოსის ათვისების, ცივი ომისა და ატომური ეპოქის, კომუნიზმის აღზევების, დაცემისა და მას შემდეგ მომხდარი სისხლისღვრების ამბები. ან თუნდაც ჩვენივე ქვეყნის მიერ გამოვლილი არაერთი ქარტეხილი.
ოღონდ მხედველობიდან გამოგვრჩება ხოლმე, ყოველივე ამასთან ერთად და ამის მიუხედავადაც, რამდენად გამრავლდა და გაჯანმრთელდა კაცობრიობა ერთი საუკუნის მანძილზე.
როგორ გავიზარდეთ და გავმრავლდით
ახლა გარშემომყოფებს დაუსვით შეკითხვა – იყვნენ თუ არა ჩვენი წინაპრები ჩვენზე ჯანმრთელი და დღეგრძელნი? დიდი შანსია, ბევრმა დადებითად გიპასუხოთ და ეს ძველად არსებულ უფრო ჯანსაღ საკვებსა და ცხოვრების წესს მიაწერონ. შეიძლება, რაღაც მართლაც გაუარესდა ჩვენს დიეტაში, მაგრამ უფრო დღეგრძელი ცხოვრებისა რა მოგახსენოთ. იმის დასანახად, რომ ეს წარმოდგენა მცდარია, ცოტა დროში ვიმოგზაუროთ და პირველი მსოფლიო ომის მეტად ტრაგიკულ პერიოდს შევავლოთ თვალი.
პირველი მსოფლიო ომი კაცობრიობის ისტორიაში იშვიათი მასშტაბის კატასტროფა იყო. იმ ტრავმასა და ტკივილს, ამ ავადსახსენებელმა ომმა რომ დაგვიტოვა, დღემდე ვხვდებით ლიტერატურაში, ხელოვნებაში, ისტორიულ ნარკვევებში. მაგრამ რაც ნაკლებად გვახსოვს, ეს არის კიდევ უფრო მასშტაბური კატასტროფა, რომელიც ამ ომის ბოლო წელს დაიწყო და სულ რაღაც 2-3 წელში 50-დან 100 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეს კატასტროფა ესპანური გრიპია, იგივე „პანდემიების დედა პანდემია“.
ესპანური გრიპი 1920 წელს დასრულდა. ამ დროისთვის კი მას უფრო მეტი ადამიანისთვის ჰქონდა წირვა გამოყვანილი, ვიდრე პირველ ან მეორე მსოფლიო ომს ან, ზოგიერთი გათვლით, ორივე ამ ომს ერთად. მისმა ხანმოკლეობამ კი, როგორც ისტორიკოსი ტერენს რეინჯერსი იტყოდა, „დიდი პრობლემები შეუქმნა იმდროინდელ ექიმებს […] წლების შემდგომ კი – ისტორიკოსებს“.
რაღა გასაკვირია, რომ ამ პერიოდში მამაკაცთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 39 წელი იყო, ქალები კი საშუალოდ 42 წლამდე ცოცხლობდნენ. ეს მაჩვენებელი არც ისე დრამატულად განსხვავდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-14 საუკუნეში ნეფერტიტის მმართველობის ეპოქისგან, ან კიდევ ქრისტესშობის პერიოდისგან, როცა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 20-40 წელს შორის მერყეობდა.
დღეს კი რა ხდება? უახლესი მონაცემებით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მამაკაცებისთვის 72.6 წლამდე გაიზარდა, ხოლო ქალებისთვის 78.2 წლამდე – ანუ, სულ რაღაც ერთი საუკუნის მანძილზე, გაორმაგდა. ეს მაშინ, როცა მანამდე ათასწლეულების მანძილზე იგივე მაჩვენებელი ადგილიდან მნიშვნელოვნად არ დაძრულა.
პროგრესი კიდევ უფრო შთამბეჭდავია, თუკი გავიხსენებთ, რომ მსოფლიოს მოსახლეობა პირველი მსოფლიო ომის პერიოდიდან დღემდე თითქმის ხუთგზის გაიზარდა და რვა მილიარდს გადასცდა. ეს გასულ საუკუნეებთან შედარებით უჩვეულოდ სწრაფი ზრდაა: ისევ ნეფერტიტის ეპოქიდან ქრისტესშობამდე მოსახლეობა 20 მილიონიდან 200 მილიონამდე გაიზარდა, 1 მილიარდს კი დედამიწაზე მოარულ ადამიანთა რიცხვმა მე-19 საუკუნეშიღა მიაღწია.
რთული დასაჯერებელია, რომ 1980-იანი წლების ამერიკული კომედიური სერიალის, Cheers-ის მსახიობთა საშუალო ასაკი სულ რაღაც 34 წელი იყო
და რიცხვები არ არის ყველაფერი. შეხედეთ ერთი და იმავე ასაკის ადამიანთა ფოტოებს დღეს და თუნდაც ხუთიოდე ათწლეულის წინ და თვალში მოგხვდებათ ფიზიკური განსხვავებაც: უწინდელი თინეიჯერები ხომ დღევანდელი ზრდასრული, მოწიფულ ასაკში შესული ადამიანებივით გამოიყურებიან ხოლმე. ჰოდა, მაშინ მართლაც სხვა დრო იყო.
წმინდა წყლის ჭეშმარიტება
რამ გამოიწვია ასეთი ცვლილებები? რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ეკონომიკურმა გარდაქმნებმა, სოციალური პოლიტიკის რეფორმებმა, განათლებაზე წვდომის ზრდამ და ინფრასტრუქტურის განვითარებამ. ოღონდ ცალკე აღებული ეს ცვლილებები ბევრს ვერას გააწყობდა იმ საშინელი ინფექციების წინააღმდეგ, ერთიანად რომ დაუვლიდა ხოლმე დედამიწას და მილიონობით ადამიანის გაისტუმრებდა იმქვეყნად. ან ვის სცხელოდა რეფორმისთვის, როცა ვირუსულ ან ბაქტერიულ ინფექციას შეეძლო, ნებისმიერ მომენტში მოეკაკუნებია და სიცოცხლეს გამოესალმებინეთ?
სამწუხაროდ, არც დღეს ვართ სრულად დაცული ომებისგან თუ პანდემიებისგან. თუმცა, გასულ საუკუნეებთან შედარებით მაინც რომ ძალგვიძს მომავლის შენება, ამას ვერაგ დაავადებებთან მებრძოლ გაბედულ ხალხს უნდა ვუმადლოდეთ.
ვფიქრობთ სიკვდილზე, როცა წყალს სვამთ? ალბათ, ამ დროს გამოცოცხლებაზე უფრო გვეფიქრება. არადა, სწორედ წყლის მეშვეობით ვრცელდებოდა უწინ მომაკვდინებელი ბაქტერიული ინფექციები. ამაში კი მხოლოდ მე-19 საუკუნის შუაში გავერკვიეთ, როცა გაბედულ ექიმ ჯონ სნოუს (დიახ, არ მოგეჩვენათ…
პუბლიკაცია თავდაპირველად გამოქვეყნდა „სამოქალაქო საქართველო civil.ge-ს „ჯანმრთელობის რვეულებში“. სრულად გაეცანით civil.ge-ს ვებგვერდზე: https://civil.ge/ka/archives/572888




