ამჟამად ნოროვირუსი, რომელიც კუჭ-ნაწლავის ანთების (გასტროენტერიტის) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამომწვევია, სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში და დიდი ბრიტანეთში, მნიშვნელოვნად არის გავრცელებული.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ინფორმაციით, 2024 წლის დეკემბერში აშშ-ში ნოროვირუსის 91 ეპიდ-აფეთქება დაფიქსირდა ერთ კვირაში, რაც წინა კვირასთან შედარებით (69 შემთხვევა) საგრძნობი ზრდაა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს კრუიზულ გემებზე კუჭის ინფექციების ეპიდემიების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. CDC-ის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 2012 წლის რეკორდს გაუტოლდა – წლის განმავლობაში 16 ეპიდემია მოხდა.
დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოები ამჟამად ებრძვიან ნოროვირუსის, გრიპის, COVID-19-ისა და რესპირატორული სინციტიალური ვირუსის (RSV) ერთდროულ გავრცელებას, რაც “ოთხმაგი ეპიდემიის” (quad-demic) სახელით არის ცნობილი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთობლივი ანგარიშის მიხედვით, ნოროვირუსი მსოფლიოში საკვებით გამოწვეული დაავადებების მთავარი მიზეზია და ყოველწლიურად 35,000 სიკვდილისა და 125 მილიონი შემთხვევის გამომწვევია.
როგორ დავიცვათ თავი?
- ხელების დაბანა: ხელების რეგულარული დაბანა საპნით და წყლით აუცილებელია. ხელის სადეზინფექციო საშუალებები ნოროვირუსის წინააღმდეგ ნაკლებად ეფექტურია.
- საწმენდ საშუალებებით ზედაპირების გაწმენდა: ნოროვირუსის წინააღმდეგ რეკომენდებულია ზედაპირების გაწმენდა ქლორის შემცველი ხსნარებით.
- საკვების უსაფრთხოება: მსღალი გავრცელების ქვეყნებში რეკომენდებულია ხილისა და ბოსტნეულის სათანადოდ გარეცხვა და ზღვის პროდუქტების კარგად თერმულად დამუშავება.
„ჩვეულებრივი სადეზინფექციო საშუალებები, როგორიცაა ხელის სადეზინფექციო გელი ან ალკოჰოლის შემცველი საწმენდი ტილოები, ამ ვირუსს არ ანადგურებს და სწორედ ამიტომ წარმოადგენს ნოროვირუსი ასეთ სერიოზულ პრობლემას,“ – ამბობს გულიკი. „თუ ოჯახში ნოროვირუსი გავრცელდა, საუკეთესო გზაა ზედაპირების დეზინფექცია ქლორის შემცველი საშუალებებით.“
ნოროვირუსი იწვევს ღებინებას, დიარეას, გულისრევას და მუცლის ტკივილს. შესაძლებელია ასევე ცხელება, თავის ტკივილი და საერთო სისუსტე. ნოროვირუსის სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. მთავარი რეკომენდაცია არის ჰიდრატაციის შენარჩუნება. მძიმე შემთხვევებში საჭირო ხდება ინტრავენური გადასხმა.




