ცოფი ვირუსული ინფექციაა, რომელიც ნერვული სისტემის შეუქცევად დაზიანებას იწვევს და სიმპტომების გამოვლენის შემდეგ ყოველთვის ლეტალურად მთავრდება. ცოფის ვირუსი ადამიანებში ვრცელდება დაინფიცირებული ცხოველის ნერწყვით, ძირითადად კბენის ან დაკაწვრის შედეგად. ვირუსის გამავრცელებელი შეიძლება იყოს როგორც მოშინაურებული (ძაღლი, კატა), ასევე ველური ცხოველები, მათ შორის ღამურა, ტურა, მელა, მგელი და სხვა. ცოფის ადამიანიდან ადამიანზე გადადების შემთხვევა არასოდეს დაფიქსირებულა.
ცოფის განვითარებისგან დაცვის ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო პრევენციული ღონისძიებაა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა. პოტენციურად დაინფიცირებულ ცხოველთან სარისკო კონტაქტის (კბენა, დაკაწვრა) შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:
- ჭრილობის პირველადი დამუშავება: ჭრილობის საგულდაგულოდ დაბანა საპნითა და წყლით.
- ანტისეპტიკური დამუშავება: ჭრილობის დამუშავება იოდის ან ანტივირუსული პრეპარატის შემცველი სხვა ხსნარით.
- ვაქცინაცია: ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება რაც შეიძლება მალე.
ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კურსი 5-ეტაპიანია და მის საჭიროებას ექიმი ადგენს. ვაქცინა გამოიყენება ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის და მას უკუჩვენება არ გააჩნია. ვაქცინაცია სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ხელმისაწვდომია ვაქცინაციის პუნქტებში.