მსოფლიოში 2023 წელს წითელას 10.3 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2022 წელთან შედარებით 20%-ით მეტია.
წითელა წვეთოვანი გზით ვრცელდება და ერთ-ერთი ყველაზე ადვილად გადამდები ინფექციაა. დაავადება განსაკუთრებით მძიმედ შეიძლება განვითარდეს მცირეწლოვან ბავშვებში.
წითელას საწინააღმდეგო ორჯერადი ვაქცინაცია დაავადების პრევენციას უზრუნველყოფს მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, 2023 წელს 22 მილიონზე მეტმა ბავშვმა გამოტოვა ვაქცინის პირველი დოზა. გლობალურად, მხოლოდ 83%-მა მიიღო ვაქცინის პირველი დოზა, ხოლო მეორე დოზის მიღება 74%-მა შეძლო. ეპიდემიის თავიდან აცილებისთვის მოსახლეობის მოცვა ვაქცინაციით 95%-ს უნდა აღემატებოდეს.
WHO-ს მონაცემებით, 2023 წელს 57 ქვეყანაში აღინიშნა მასშტაბური ეპიდემიები, რაც წინა წელთან შედარებით 60%-იან ზრდას წარმოადგენს (36 ქვეყანა). შემთხვევების ნახევარი აფრიკის რეგიონზე მოდის.
მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს წითელას შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 8%-ით შემცირდა და 107 500 შეადგინა, უმეტესად 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, მაჩვენებელი ცალსახად შემაშფოთებელია.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის შეფერხებისა COVID-19-ის პანდემია და გლობალური კონფლიქტებია. საქართველოში COVID-19-ის პანდემიამდე წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია სრულად (2 დოზა) ჩატარებული ჰქონდა ბავშვების 97%-ს, ხოლო COVID-19-ის პანდემიის შემდეგ მაჩვენებელი 88%-მდე ჩამოვიდა.
იმუნიზაციის 2030 წლის დღის წესრიგის კონტექსტში, წითელას მსოფლიო ელიმინაციის მიზნის მიღწევა საფრთხეშია. WHO-ს მონაცემებით, 2023 წლის ბოლოს მხოლოდ 82-მა ქვეყანამ მიაღწია ან შეინარჩუნა წითელას ელიმინაციის სტატუსი.




