ისტორიული სიახლე ქრონიკული ტკივილის მქონე პაციენტებისთვის
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა ციკლობენზაპრინ ჰიდროქლორიდის სუბლინგვური (ენის ქვეშ მოსათავსებელი) ტაბლეტები (Tonmya, Tonix Pharmaceuticals) ფიბრომიალგიის მქონე ზრდასრულებისთვის. ეს არის პირველი არაოპიოიდური, საძილე ფუნქციაზე ორიენტირებული პრეპარატი, რომელიც ფიბრომიალგიის სამკურნალოდ დამტკიცდა ბოლო 15 წელიწადში.
ფიბრომიალგია ქრონიკული ტკივილის სინდრომია, რომელიც აშშ-ში 10 მილიონზე მეტ ადამიანს აწუხებს, მათგან დაახლოებით 80% ქალია. მდგომარეობის დროს პაციენტები უჩივიან ტკივილის სხეულის სხვადასხვა მიდამოში, მუდმივ დაღლილობას და კოგნიტურ დისფუნქციას, რასაც ხსირად “Brain fog“-საც უწოდებენ, რაც ქართულში დაბინდულ გონებად, ან ტვინის ბურუსად მოიხსენიება. სიმპტომების პალიტრა შესაძლაო უფრო მრავალფეროვანიც იყოს. ფიბრომიალგიის ზუსტი მიზეზი ხშირად უცნობია და, შესაბამისად, დიაგნოზი ზოგჯერ სხვა დაავადებების გამორიცხვის შედეგად დგინდება. სიმპტომების გამწვავების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არასაკმარისი ან არაპროდუქტიული ძილია. სწორედ ძილის აღდგენისკენ არის მიმართული Tonmya – ის მიიღება ერთხელ დღეში, ძილის წინ, და ბაზარზე 2025 წლის ბოლოსთვის გახდება ხელმისაწვდომი.
კლინიკური კვლევების მტკიცებულება
FDA-ს გადაწყვეტილება ემყარება მესამე ფაზის 3 კლინიკური კვლევის შედეგებს. ორი ყველაზე მასშტაბური კვლევა – RELIEF და RESILIENT – მოიცავდა ფიბრომიალგიით დაავადებულ დაახლოებით 1000 პაციენტს.
ორივე კვლევაში პრეპარატმა 14 კვირის შემდეგ მნიშვნელოვნად შეამცირა ყოველდღიური ტკივილის ინტენსივობა პლაცებოსთან (ნივთიერება, რომელსაც არ აქვს თერაპიული ეფექტი და ზეგავლენას არ ახდენს პაციენტის ფიზიოლოგიაზე) შედარებით. გარდა ამისა, Tonmya-ს მიღების ფონზე უფრო მეტმა პაციენტმა მიაღწია ტკივილის კლინიკურად მნიშვნელოვან შემცირებას (≥30%) სამი თვის შემდეგ, ვიდრე პლაცებო ჯგუფში მყოფმა პაციენტეებმა.
RESILIENT კვლევის შედეგები 2025 წლის 8 ივლისს ჟურნალ Pain Medicine-ში გამოქვეყნდა და ცხადყოფს, რომ პრეპარატი არა მხოლოდ ტკივილს ამცირებს, არამედ აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ენერგიას და ცხოვრების ზოგად ხარისხს.
მესამე კვლევა RALLY-ში, 500-ზე მეტ პაციენტს ასევე აღენიშნა ტკივილის შემსუბუქების ტენდენცია, თუმცა შედეგები სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ ყოფილა.
როგორ მოქმედებს პრეპარატი
Tonmya არის ციკლობენზაპრინ ჰიდროქლორიდის სუბლინგვური ფორმა. ენის ქვეშ მოთავსებული ტაბლეტი სწრაფად შეიწოვება სისხლში, გვერდს უვლის ღვიძლის პირველადი მეტაბოლიზმის მექანიზმს და ამით ამცირებს აქტიური მეტაბოლიტის – ნორციკლობლენზაპრინის – დაგროვებას. სწორედ აქ იკვეთება Tonmya-ს უპირატესობა, ვინაიდან პირველადი მეტაბოლიზმი, რომელსაც ასევე პირველი გავლის ეფექტი ან პრესისტემური მეტაბოლიზმი ეწოდება, არის ფენომენი, როცა პრეპარატი პერორალურად მიიღება, შედის ღვიძლში და იქ გადის ინტენსიურ ბიოტრანსფორმაციას ისეთი მასშტაბით, რომ მისი ბიოშეღწევადობა მნიშვნელოვნად მცირდება და შედეგად წამლის თერაპიული ეფექტი სუბთერაპიულ დონემდე ქვეითდება, Tonmya კი ამ გზას არ გადის.
პრეპარატი მოქმედებს ნეირომედიატორული სისტემების მრავალ რეცეპტორზე (5-HT2A სეროტონინული, α1-ადრენერგული, H1-ჰისტამინური და M1-მუსკარინული), რაც მას მრავალმხრივ ეფექტს ანიჭებს. მისი მთავარი მიზანი ძილის აღდგენაა, რადგან არაპროდუქტიული ძილი ფიბრომიალგიის ტკივილის, გადაღლილობისა და კოგნიტური ფუნქციის დაქვეითების ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევია.
უსაფრთხოება და გვერდითი მოვლენები
სამივე კვლევის ფარგლებში, პრეპარატი, საერთო ჯამში, კარგად ატანადი აღმოჩნდა. სერიოზული გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა. ყველაზე ხშირი სიმპტომები იყო ადგილობრივი დისკომფორტი – პირის ღრუს დაბუჟება, სიმშრალე, გემოს ცვლილება, აფტოზური წყლულები (ე.წ. აფტოზური სტომატიტი) – და სისტემური ეფექტები, როგორიცაა დაღლილობა და ძილიანობა.
ეს გვერდითი მოვლენები უმეტესად მსუბუქი და დროებითი აღმოჩნდა.
ექსპერტების შეფასება და მნიშვნელობა
Tonix Pharmaceuticals-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სეთ ლედერმანმა, FDA-ს გადაწყვეტილებას “ისტორიული გარღვევა“ უწოდა:
“ფიბრომიალგიის გამო მილიონობით ადამიანი იტანჯება ქრონიკული ტკივილითა და დაღლილობით. Tonmya-ს დამტკიცება ახალ შესაძლებლობას აძლევს პაციენტებს, რომლებსაც წლების განმავლობაში ახალი ალტერნატივა არ ჰქონიათ,“ – აღნიშნა მან.
ფიბრომიალგიის ასოციაციის დამფუძნებელმა, შერონ უოლდროპმა, ხაზგასმით აღნიშნა: “ეს დაავადება ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტს აზიანებს. ახალი მედიკამენტის დამტკიცება იმედს აძლევს ათასობით ოჯახს.“




