2024 წლის ზაფხულში, 47 წლის, მანამდე ჯანმრთელი მამაკაცი, ნიუ ჯერსიში, საკუთარი სახლის სააბაზანოში გარდაიცვალა. აუტოფსიამ პასუხები ვერ გასცა. ყველაფერი ნორმალურად გამოიყურებოდა და მისი სიკვდილი უეცარ და აუხსნელ შემთხვევად შეფასდა.
მისი ქვრივი დაუკავშირდა მეგობარს, პედიატრს. სთხოვა, წაეკითხა აუტოფსიის დასკვნა.
პედიატრმა, დოქტორმა ერინ მაკფილმა, იმოქმედა ინტუიციით და დაუკავშირდა დოქტორ თომას პლატს-მილსს, ალერგოლოგსა და იმუნოლოგს ვირჯინიის უნივერსიტეტიდან, რომელმაც თითქმის ორი ათეული წლის წინ აღმოაჩინა, რომ ტკიპის კბენას შეეძლო ადამიანებში წითელ ხორცზე ალერგიის გამოწვევა.
ეს ალერგია უჩვეულოა, რადგან რეაქცია დაუყოვნებლივ არ ხდება. ადამიანები თავს შეუძლოდ გრძნობენ საათების შემდეგ, რაც გაუცნობიერებლად მიირთმევენ ძროხის, ღორის ან ცხვრის ხორცს. ხშირად, ისინი შუაღამისას იღვიძებენ სიმპტომებით, რომლებიც უფრო მეტად ჰგავს კვებითი ინტოქსიკაციის მძიმე ეპიზოდს, ვიდრე ალერგიას.
იმის გამო, რომ ტკიპის კბენის შემდეგ ხორცის მიმართ პოტენციურად სენსიბილიზებული (გამაღიზიანებლის მიმართ მგრძნობიარე) ბევრი ადამიანია, რომელმაც ამის შესახებ არ იცის, პლატს-მილსი და სხვები ფიქრობდნენ, ხომ არ იყო აუხსნელი გარდაცვალების შემთხვევები სინამდვილეში მძიმე რეაქცია შაქარზე, სახელად ალფა-გალი (alpha-gal). ეს შაქარი გვხვდება ძუძუმწოვრების უჯრედებზე, მათ შორის წითელ ხორცში.
მამაკაცის შემთხვევა, რომელიც ოთხშაბათს ჟურნალში Journal of Allergy and Clinical Immunology in Practice დეტალურად აღიწერა, ზუსტად ის აღმოჩნდა, რისიც პლატს-მილსს ეშინოდა. ეს მიჩნეულია წითელ ხორცზე ალერგიასთან დაკავშირებულ პირველ დოკუმენტირებულ გარდაცვალებად.
“ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოვისმინე ამბავი, რომლის გამოძიებაც, ვფიქრობ, შეგვეძლო”, – თქვა პლატს-მილსმა.
“ჩვენ გვჭირდებოდა შრატი” – პაციენტის სისხლის გამჭვირვალე ნაწილი – რომელიც აუტოფსიის დროს იქნა აღებული. მან ჰკითხა მაკფილს: “შეგვიძლია მისი მოპოვება?”
ტკიპის კბენა, რომელიც ფატალური ხდება
როგორც შემთხვევის ანალიზშია ნათქვამი, მამაკაცის ამბავი “ჩიგერის” (chiggers – მცირე ზომის ტკიპა-აბლაბუდა) კბენით დაიწყო. მაგრამ ეს არ იყვნენ “ჩიგერები”; ეს იყო Amblyomma americanum (lone star) სახეობის ტკიპის ლარვები, ქვიშის მარცვლის ზომისა და ფერის.
მამაკაცს ათობით ასეთი პაწაწინა ტკიპი დაესია ოჯახთან ერთად კემპინგზე ყოფნისას.
“ამ ტკიპის დედალი ერთ ჯერზე 5000 კვერცხს დებს და ლარვები გკბენენ”, – განუცხადა პლატს-მილსმა CNN-ს.
შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაწილის ბევრ რეგიონში ირმების პოპულაციამ მიაღწია არამდგრად მაჩვენებლებს. ირმები Amblyomma americanum-ის მთავარი მასპინძლები არიან და ირმების პოპულაციის ზრდასთან ერთად, ტკიპების პოპულაციაც მკვეთრად გაიზარდა.
“ამდენი ირმის, ამდენი დედალი ტკიპისა და მრავალრიცხოვანი ლარვების კბენის კომბინაცია ნიშნავს, რომ ადამიანთა უზარმაზარი რაოდენობა სენსიბილიზებულია, რომელთაგან მცირე ნაწილს უვითარდება საკვებთან დაკავშირებული სიმპტომები და შემდეგ მძიმე მოვლენების რისკის ქვეშ დგას”, – თქვა პლატს-მილსმა.
ალფა-გალის სინდრომი (AGS) სავალდებულო აღრიცხვას ექვემდებარება მხოლოდ სამ შტატში – არკანზასში, ტენესსა და ვირჯინიაში – ამიტომ აშშ-ში შემთხვევების რეალური რაოდენობა უცნობია. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) შეფასებით, 450 000-მდე ამერიკელს შეიძლება ჰქონდეს ეს ალერგია, მაგრამ პლატს-მილსის შეფასებით, მოსახლეობის 5%-მდე შესაძლოა სენსიბილიზებული იყოს წითელი ხორცის მიმართ ტკიპის კბენის გამო და არ იცოდეს ეს.
შემთხვევების უმეტესობა არ არის მძიმე და იმართება ამ შაქრის შემცველი პროდუქტების თავიდან აცილებით (ის გვხვდება საკვებსა და ზოგიერთ ფარმაცევტულ პროდუქტში). სიმპტომები ვარირებს ქავილით გამონაყარით ან ჭინჭრის ციებით, გულისრევითა და ღებინებით, საჭმლის მონელების დარღვევით, გულძმარვით, არტერიული წნევის დაქვეითებით, ტუჩების ან სახის შეშუპებით, თავბრუსხვევით ან გონების დაკარგვით და კუჭის ძლიერი ტკივილით. ექიმები სვამენ დიაგნოზს დეტალური ისტორიის შეკრებით და შაქარზე რეაქციის კონტროლირებადი ტესტირებით.
კემპინგის შემდეგ, როგორც შემთხვევის ანალიზშია ნათქვამი, მამაკაცის ოჯახმა გვიან ივახშმა სტეიკით. მან დილის 2 საათზე გაიღვიძა კუჭის ძლიერი ტკივილით, დიარეითა და ღებინებით. ის მძიმე მდგომარეობაში იყო, მაგრამ ორი საათის შემდეგ სიმპტომები შემსუბუქდა.
მეორე დილით მან ერთ-ერთ ვაჟს უთხრა: “მეგონა, ვკვდებოდი”.
მისმა მეუღლემ თქვა, რომ ისინი ფიქრობდნენ ექიმთან მისვლას, მაგრამ რადგან სიმპტომები შემსუბუქდა, არ იცოდნენ, რა უნდა ეთქვათ.
გაურკვეველია, დაეხმარებოდა თუ არა ექიმთან ვიზიტი. ძალიან ხშირად, ექიმები ვერ ცნობენ ალფა-გალის ალერგიას. CDC-ის 2023 წლის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ექიმების 42%-მა არ იცოდა, რა იყო ეს, და 35%-მა თქვა, რომ არ ჰქონდა საკმარისი თავდაჯერებულობა დიაგნოსტირებისთვის ან მართვისთვის.
ამოუცნობი ალერგია
ორი კვირის შემდეგ, 2024 წლის სექტემბერში, მამაკაცი და მისი მეუღლე წავიდნენ წვეულებაზე, სადაც მან დაახლოებით 15:00 საათზე ჰამბურგერი შეჭამა. მან დალია ლუდი, დაბრუნდა სახლში და გაზონი გაკრიჭა. მაგრამ 19:20 საათისთვის მას კვლავ ღებინება დაეწყო. მისმა ვაჟმა დედას დაურეკა და უთხრა: “მამა ისევ ცუდად ხდება”.
რამდენიმე წუთის შემდეგ ვაჟმა მამა სააბაზანოს იატაკზე უგონოდ იპოვა. მისი რეანიმირება ვერ მოხერხდა.
პლატს-მილსი ამბობს, რომ როდესაც ის თავის ლაბორატორიაში დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც მამაკაცის პოსტმორტალური სისხლის ნიმუშების მისაღებად ნებართვის ყველა საჭირო ფენა გაიარა, საკუთარი თავი დაწყევლა, რომ თავად არ ჩაჯდა მანქანაში და არ ჩავიდა ნიუ ჯერსიში ნიმუშების ჩამოსატანად.
“საკურიერო კომპანიამ ისინი მცირე ხნით დაკარგა”, – თქვა მან. ის წარმოიდგენდა, როგორ იდო ნიმუშები საათობით ცხელი სატვირთოს უკან და მათში არსებული ძვირფასი ინფორმაცია ნადგურდებოდა.
საბოლოოდ, ისინი მის ლაბორატორიაში აპრილში ჩავიდნენ და მან შეამოწმა ისინი იმუნოგლობულინი E (IgE) ანტისხეულების დონეზე. (IgE არის Y-ფორმის ცილები, რომლებიც მზად არიან “ჩაეჭიდონ” ალერგენებს, როგორიცაა ამბროზია და მცენარეული მტვერი). მამაკაცს ჰქონდა ანტისხეულები როგორც ალფა-გალის შაქრის, ასევე წითელი ხორცის მიმართ.
შემდეგ პლატს-მილსმა სისხლის ნაწილი მეიოს კლინიკის ლაბორატორიაში გაგზავნა, რომელმაც ის შეამოწმა ფერმენტ ტრიპტაზაზე (Tryptase). ამ ფერმენტს გამოიმუშავებენ იმუნური უჯრედები, სახელწოდებით “მასტ უჯრედები”. ტრიპტაზა შლის ცილებს და წარმოადგენს ალერგიული რეაქციების მარკერს.
მამაკაცის ტრიპტაზას დონე იყო 2000 ნანოგრამზე მეტი მილილიტრში (ნგ/მლ), რაც ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა ფატალური ალერგიული რეაქციების, ანუ ანაფილაქსიის დროს.
ანაფილაქსია არის უეცარი, მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში სისტემური ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს არტერიული წნევის მკვეთრ ვარდნას და სუნთქვის გაძნელებას.
მამაკაცი წითელი ხორცის ჭამით გარდაიცვალა – ეს იყო ალფა-გალის სინდრომთან დაკავშირებული საკვებით გამოწვეული ალერგიის პირველი ცნობილი ფატალური შემთხვევა.
სხვა ადამიანებიც გარდაცვლილან ალფა-გალის შაქარზე რეაქციით, მაგრამ ეს შემთხვევები დაკავშირებული იყო შაქრებთან, რომლებიც მიბმული იყო ქიმიოთერაპიის წამალზე, სახელწოდებით ცეტუქსიმაბი, რისი მეშვეობითაც სინდრომი თავდაპირველად აღმოაჩინეს.
“ჩვენ მათ (ოჯახს) პასუხი გავეცით”, – თქვა პლატს-მილსმა. “ადამიანები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პასუხის მიღებას, მაგრამ შენ ამას ვერ ხვდები, სანამ ამას თავად არ დაინახავ”.




