კლიმატის ცვლილება და ურბანიზაციის სწრაფი ტემპი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად ზრდის ტროპიკული დაავადებების გავრცელების რისკს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, დენგეს ვირუსი უკვე აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი გლობალური საფრთხე. ახლა კი, ბანგლადეშში ერთდროულად ორი დაავადების – დენგესა და ჩიკუნგუნიას გავრცელებამ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი კრიზისი წარმოშვა.
დენგეს მასშტაბები
ბანგლადეშის ჯანდაცვის გენერალური დირექტორატის მონაცემებით, 2025 წელს ქვეყანაში ფიქსირდება დენგეს 33,800-ზე მეტი შემთხვევა და 132 გარდაცვალება. მხოლოდ სექტემბრის პირველ კვირაში 10 პაციენტი დაიღუპა, ხოლო 1,500-ზე მეტი ადამიანი მაღალი ცხელებით საავადმყოფოში მოხვდა. ეს აძლიერებს შიშს, რომ შემოდგომის განმავლობაში ეპიდემია კიდევ უფრო გაძლიერდება.
ყველაზე მძიმე წელი 2023 იყო, როდესაც დენგემ ქვეყანაში 1,705 ადამიანი იმსხვერპლა და აღირიცხა 321,000-ზე მეტი ინფექცია.
დენგე არის ვირუსული ინფექცია, რომელსაც Aedes aegypti სახეობის კოღო ავრცელებს. ინფექციას ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, თავისა და კუნთების ძლიერი ტკივილი, დისკომფორტი თვალების უკან და გამონაყარი. მძიმე შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა და შოკი, რაც სიცოცხლისთვის საშიშია.
ჩიკუნგუნიას დაბრუნება
საშიშ სურათს კიდევ ერთი ვირუსი – ჩიკუნგუნია ამძიმებს, რომელიც ქვეყანაში წლების განმავლობაში თითქმის არ ფიქსირდებოდა. 2025 წლის იანვრიდან ივლისამდე მხოლოდ დედაქალაქში, დაკაში მდებარე ოთხმა ლაბორატორიამ 785 შემთხვევა დაადასტურა, ზოგიერთ დაწესებულებაში გამოვლენის მაჩვენებელმა კი 30%-საც გადააჭარბა. საპორტო ქალაქ ჩიტაგონგში 24 საათში 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც ინფიცირებულთა წლევანდელი მაჩვენებელი 3,000-ს მიუახლოვდა.
დაკას სამედიცინო კოლეჯის საავადმყოფო — ქვეყნის უდიდესი საჯარო კლინიკა — გადატვირთულია პაციენტებით, სადაც ავადმყოფთა რაოდენობა სამჯერ აღემატება საწოლების ტევადობას. საწოლების მწვავე დეფიციტი კიდევ უფრო აძლიერებს შიშს, რომ ჯანდაცვის სისტემა მზარდი ზეწოლის ქვეშ შესაძლოა კოლაფსის წინაშე აღმოჩნდეს.
სპეციალისტების გაფრთხილება
“Aedes aegypti, დენგესა და ჩიკუნგუნიას გადამტანი კოღო, სწრაფად ეგუება ურბანულ გარემოს. წყლის დაგროვება მშენებლობებზე, სახურავებზე და თუნდაც ყვავილების ქოთნებში კოღოს გამრავლებისთვის იდეალურ პირობებს ქმნის. თუ სისტემურად არ მოვსპობთ ამ კერებს, ეპიდემიები ყოველწლიურად უფრო დიდი მასშტაბით განმეორდება,“ – ამბობს ენტომოლოგი ქაბირულ ბაშარი ჯაჰანგირნაგარის უნივერსიტეტიდან.
ჩიკუნგუნია ასევე ვირუსული დაავადებაა, რომელსაც Aedes-ის იმავე სახეობის კოღო ავრცელებს. იგი იწყება უეცარი მაღალი ცხელებით და სახსრების ძლიერი ტკივილით, რაც ზოგჯერ კვირების ან თვეების განმავლობაში გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ იშვიათად არის სრულდება ფატალურად, დაავადება მნიშვნელოვნად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მოწოდებები
WHO მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სიმპტომების დროული ამოცნობა გადამწყვეტია: მუცლის ძლიერი ტკივილი, ღებინება, სისხლდენა და შარდვის შემცირება – დენგეს მძიმე ფორმის ნიშნებია. ასევე ხაზგასმულია, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისა (NSAIDs) და სტეროიდების თვითნებური გამოყენება ვირუსული სიცხეების დროს ორგანიზმისთვის დამატებითი ზიანის წყარო შეიძლება გახდეს.
მეცნიერები და ექიმები თანხმდებიან, რომ ბანგლადეშს სასწრაფოდ სჭირდება საავადმყოფოების გაძლიერება, გაფართოებული ხელმისაწვდომობა ტესტირებაზე და სისტემური ნაბიჯები კოღოების გასანაიტრალებლად მთელი წლის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას მორღვეული ბეწვის ხიდი შეიძლება სრულად ჩაუწყდეს და მძიმე კრიზისის წინაშე დადგეს.




