ევროკავშირი განიხილავს, დააკლასიფიციროს თუ არა ბიოციდურ პროდუქტებში, მაგალითად, ხელის სადეზინფექციო საშუალებებში (სანიტაიზერებში) გამოყენებული ეთანოლი, როგორც საშიში ნივთიერება. როგორც “Financial Times”-ი იტყობინება, ამის მიზეზი კიბოსა და ორსულობის გართულებების მზარდი რისკებია.
გაფრთხილება ევროპის ქიმიკატების სააგენტოდან
10 ოქტომბერს, ევროპის ქიმიკატების სააგენტოს (ECHA) ერთ-ერთი შიდა სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციით, ეთანოლი ტოქსიკურ ნივთიერებად იქნა მონიშნული. დოკუმენტის თანახმად, ის ზრდის კიბოსა და ორსულობის გართულებების რისკს და საჭიროა მისი ჩანაცვლება საწმენდ და სხვა პროდუქტებში.
ამ რეკომენდაციას ECHA-ს ბიოციდური პროდუქტების კომიტეტი 25-27 ნოემბერს განიხილავს.
ECHA-მ Reuters-თან დაადასტურა, რომ ეთანოლის ბიოციდური გამოყენების შეფასება ამჟამად მიმდინარეობს. მარეგულირებლის განცხადებით, თუ ექსპერტთა კომიტეტი დაასკვნის, რომ ეთანოლს აქვს პოტენციალი, გამოიწვიოს კიბო ან ზიანი მიაყენოს ადამიანის რეპროდუქციას, ის მის ჩანაცვლებას გასცემს რეკომენდაციას. სააგენტო ხაზს უსვამს, რომ შეფასებები ჯერ კიდევ გრძელდება და საბოლოო დასკვნები გაკეთებული არ არის. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკომისია კომიტეტის სამეცნიერო დასკვნის საფუძველზე მიიღებს.
პოზიცია, რომელიც ჯანმო-ს ეწინააღმდეგება
ეს შესაძლო გადაწყვეტილება პირდაპირ უპირისპირდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) პოზიციას. ჯანმო, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, აქტიურად უჭერდა მხარს ეთანოლზე დაფუძნებული სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებას და კვლავაც აკლასიფიცირებს როგორც ეთანოლს, ისე იზოპროპანოლს, როგორც ხელის ჰიგიენისთვის უსაფრთხო საშუალებებს.




