ბავშვთა გავრცელებული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში მეცნიერებმა უჩვეულო წყაროს – პედიატრების სისხლს მიმართეს. აღმოჩნდა, რომ ეს არის მძლავრი ანტისხეულების საცავი, რომელიც შესაძლოა პრევენციულ სამკურნალო საშუალებად იქნას გამოყენებული. ამ ანტისხეულებმა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსისა (RSV) და გაციების გამომწვევი გავრცელებული ვირუსების წინააღმდეგ არსებულ, უკვე დამტკიცებულ თერაპიებსთან შედარებით აჩვენა უფრო ძლიერი ნეიტრალიზაციის უნარი პრეკლინიკურ შეფასებებში. ინფორმაციას Science ავრცელებს.
პედიატრებს თითქმის მუდმივი კონტაქტი აქვთ რესპირატორულ ვირუსებთან, რაც მათ აქამდე გამოუკვლეველ რესურსად აქცევს ასეთი პათოგენების წინააღმდეგ მაღალეფექტიანი ანტისხეულების ძიების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ დღეს არსებობს ანტისხეულებზე დაფუძნებული თერაპიები ისეთი ინფექციების პრევენციისთვის, როგორიცაა RSV (რომელიც 2 წლამდე ასაკის თითქმის ყველა ბავშვს აინფიცირებს და შეუძლია სუნთქვის მძიმე გართულებები გამოიწვიოს), ისინი ვირუსის მხოლოდ ზოგიერთ შტამს ანეიტრალებენ. ახლა კი შესაძლოა შეიქმნას უფრო ფართო სპექტრის მქონე სამკურნალო საშუალება.
ტერმინის განმარტება | რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი (RSV): ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსი, რომელიც იწვევს სასუნთქი გზებისა და ფილტვების ინფექციას. მოზრდილებში ის ხშირად მსუბუქი გაციების სიმპტომებით ვლინდება, თუმცა ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის (განსაკუთრებით 2 წლამდე) შესაძლოა სერიოზული საფრთხე წარმოადგინოს და გამოიწვიოს ბრონქიოლიტი ან პნევმონია.
ჩუნცინის (Chongqing) სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა საავადმყოფოს გუნდმა, ჰუი ჟაის ხელმძღვანელობით, შეისწავლა 10 პედიატრის სისხლი, რომლებიც ამ საავადმყოფოში ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ. კვლევის შედეგად მეცნიერებმა პედიატრების იმუნური უჯრედებიდან RSV-ის წინააღმდეგ მოქმედი 56 აქტიური ანტისხეული აღმოაჩინეს.
ტერმინის განმარტება | ანტისხეულები (Antibodies): იმუნური სისტემის მიერ გამომუშავებული სპეციფიკური ცილები. ორგანიზმი მათ იყენებს უცხო ობიექტების (მაგალითად, ვირუსების ან ბაქტერიების) ამოსაცნობად და გასანეიტრალებლად.
შემდეგ მკვლევრებმა შექმნეს ამ ანტისხეულების ხელოვნური ვერსიები და ისინი ლაბორატორიაში გამოცადეს. დადგინდა, რომ სამი მათგანი განსაკუთრებით აქტიური იყო RSV-ის სხვადასხვა შტამის მიმართ. ამ სამიდან ერთ-ერთმა ასევე გაანეიტრალა ადამიანის მეტაპნევმოვირუსი (hMPV). ეს უკანასკნელი RSV-ის იმავე ოჯახს ეკუთვნის და გაციების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, თუმცა ზოგიერთ ბავშვში მას მძიმე დაავადების გამოწვევაც შეუძლია.
ტერმინის განმარტება | ადამიანის მეტაპნევმოვირუსი (hMPV): RSV-ის მონათესავე ვირუსი, რომელიც ასევე იწვევს ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციებს, ძირითადად მცირეწლოვან ბავშვებში, მოხუცებსა და სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებში.
თაგვებსა და ვირთხებზე ჩატარებულმა შემდგომმა ტესტებმა აჩვენა, რომ პედიატრებისგან მიღებული ამ სამი ანტისხეულის ინექციამ (როგორც ცალ-ცალკე, ისე კომბინაციაში) შეაჩერა სიმპტომების განვითარება იმ ცხოველებში, რომლებიც RSV-ით ან ადამიანის მეტაპნევმოვირუსით იყვნენ ინფიცირებულნი. უფრო მეტიც, პედიატრების ანტისხეულები 25-ჯერ უკეთ ბლოკავდნენ RSV-ს, ვიდრე არსებული ანტისხეულები (ნირსევიმაბი და კლესროვიმაბი) და ანეიტრალებდნენ ვირუსის შტამების ბევრად უფრო ფართო სპექტრს.
ტერმინის განმარტება | ნირსევიმაბი და კლესროვიმაბი: ლაბორატორიულად შექმნილი მონოკლონური ანტისხეულები, რომლებიც ბავშვებს ეძლევათ ინექციის სახით, რათა უზრუნველყონ მზა დაცვა RSV-ის წინააღმდეგ. განსხვავებით ვაქცინისგან, რომელიც ორგანიზმს ასწავლის საკუთარი ანტისხეულების გამომუშავებას, ეს პრეპარატები პირდაპირ აწვდიან ორგანიზმს მზა დამცავ ცილებს.
ავსტრალიის პორტ მაკუარის ბაზისური საავადმყოფოს ექიმის, ტრენტ კალკუტის თქმით, ეს ლოგიკურია, რადგან პედიატრებში კარგად არის ცნობილი, რომ კარიერის განმავლობაში ისინი რესპირატორული ვირუსების მიმართ სულ უფრო გამძლეები ხდებიან. “მე 10 წელია პედიატრიულ პაციენტებთან ვმუშაობ. მუშაობის პირველ წლებში, წელიწადში ალბათ ორ-სამ მნიშვნელოვან რესპირატორულ დაავადებას ვიტანდი, ახლა კი შემიძლია ისე გავიდეს წელი, რომ საერთოდ არ გავხდე ავად”.
კალკუტი მიიჩნევს, რომ პედიატრებისგან მიღებული ანტისხეულები საკმარისად პერსპექტიულია იმისთვის, რომ ადამიანებზე შემდგომი კლინიკური კვლევები ჩატარდეს. “მედიცინაში ნამდვილად არსებობს ბევრად უფრო უცნაური ჩარევები, ამიტომ ვფიქრობ, ეს მიდგომა განხილვად ღირს”, – ამბობს ის.
ამჟამად ჩვილების RSV-ისგან დაცვის ორი გზა არსებობს. პირველი არის ორსულობის დროს ვაქცინის ადმინისტრირება, რაც ბავშვებს დაბადების შემდეგ იცავს. მეორე გზაა ნირსევიმაბის ან კლესროვიმაბის ინექციის გაკეთება, რომლებიც ანეიტრალებენ ვირუსს ინფიცირების შემთხვევაში და ეხმარებიან მძიმე სიმპტომების პრევენციას. თუმცა, ეს პრეპარატები მხოლოდ ზოგიერთი შტამის წინააღმდეგ მუშაობს.
ნირსევიმაბი და კლესროვიმაბი შეიქმნა მსგავსი პრინციპით – იმ ზრდასრულების სისხლის შესწავლით, რომლებსაც წარსულში გადატანილი ჰქონდათ RSV, თუმცა ისინი არ მუშაობდნენ ჯანდაცვის სფეროში. ამ პროცესმა გამოავლინა ის ანტისხეულები, რომლებიც ინდივიდების იმუნურმა სისტემამ ბუნებრივად გამოიმუშავა ვირუსის წინააღმდეგ. ადამიანის მეტაპნევმოვირუსისთვის კი დღესდღეობით დამტკიცებული ვაქცინა ან ანტისხეულებზე დაფუძნებული თერაპია საერთოდ არ არსებობს.




