2024–2025 წლების ზამთრის სეზონზე აშშ-ში რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით (RSV) გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა ჩვილებში საგრძნობლად იკლო. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) თანახმად, ეს პირველი სეზონია, როდესაც ერთდროულად ხელმისაწვდომი გახდა როგორც ორსულთათვის განკუთვნილი RSV ვაქცინა ისე ნირსევიმაბი – გრძელვადიანი მოქმედების მონოკლონური ანტისხეული ჩვილებისთვის. სწორედ ამ ორ პრევენციულ საშუალებას მიაწერენ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის მკვეთრ კლებას.
CDC-ის მონაცემებით, 0–7 თვის ჩვილებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი შემცირდა 28%–43%-ით, ხოლო 0–2 თვის ახალშობილებში კლება 52%-ს გადააჭარბა. შემთხვევების ზრდის მიუხედავად, იმ რეგიონებში, სადაც RSV-ის პრევენციის საშუალებები ხელმისაწვდომი იყო, ჩვილებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მაინც შემცირდა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ინფექციის გავრცელების პირობებშიც კი შესაძლებელია დაავადების მძიმე მიმდინარეობის თავიდან აცილება.
რა არის RSV და რატომ არის ის პრობლემური?
რესპირატორული სინციტიური ვირუსი (RSV) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამომწვევია მწვავე რესპირატორული ინფექციებისა ბავშვებში. ინფიცირების შემთხვევები ყველაზე ხშირად ფიქსირდება შემოდგომიდან გაზაფხულამდე პერიოდში და თითქმის ყველა ბავშვი ხვდება ამ ვირუსით ინფიცირებას ორი წლის ასაკამდე.
მიუხედავად იმისა, რომ უმრავლეს შემთხვევაში RSV მსუბუქად მიმდინარეობს, განსაკუთრებით საშიშია ჩვილებისთვის განსაკუთრებით – ორი თვემდე ასაკის ახალშობილებისთვის, რომლებსაც მაღალი რისკი აქვთ ბრონქიოლიტის, პნევმონიისა და სუნთქვის მწვავე უკმარისობის განვითარებისთვის. აშშ-ის სტატისტიკის თანახმად, RSV გახლავთ ჩვილების ჰოსპიტალიზაციის ყველაზე ხშირი მიზეზი.
საქართველოშიც ეს ვირუსი წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ინფექციურ აგენტს რესპირატორულ დაავადებებში. არსებული ლაბორატორიული მონაცემებით, ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში RSV შეადგენს დაახლოებით 14%-ს, რაც შეფასდება როგორც საშუალოდ მაღალი გავრცელება.
როგორ მუშაობს ვაქცინა და რატომ კეთდება ორსულებს?
RSV-ის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინა ბავშვებს არ უკეთდებათ. ვაქცინა განკუთვნილია ორსულებისთვის 32–36 კვირაში. ვაქცინა ასტიმულირებს ანტისხეულების გამომუშავებას დედის ორგანიზმში, რომლებიც პლაცენტარული გზით გადადიან მუცლადმყოფ ნაყოფზე. შედეგად, ახალშობილი იღებს პასიურ იმუნიტეტს სიცოცხლის პირველ კვირებში – იმ პერიოდში, როცა ინფექცია განსაკუთრებით მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება.
თუ ჩვილი ვაქცინაციის გარეშე იბადება, ანუ იმ შემთხვევაში, როცა დედამ არ მიიღო ვაქცინა ორსულობისას, შესაძლებელია ნირსევიმაბის გამოყენება. ეს გახლავთ გრძელვადიანი მოქმედების მონოკლონური ანტისხეული, რომელიც კეთდება უშუალოდ ჩვილს და იცავს მას პირველი 5 თვის განმავლობაში.
რა განსხვავებაა ვაქცინასა და მონოკლონურ ანტისხეულებს შორის?
ვაქცინა წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც ავარჯიშებს იმუნურ სისტემას და უბიძგებს თავად გამომუშავოს ანტისხეულები ინფექციის წინააღმდეგ. მისი მიზანია შექმნას მეხსიერება, რომ მომავალში ორგანიზმმა თავად შეძლოს სწრაფი და ძლიერი რეაგირება.
მონოკლონური ანტისხეულები კი უკვე მზა დამცავ საშუალებებს წარმოადგენს, რომლებიც ორგანიზმში პირდაპირ შეიყვანება. ისინი დროებით ანეიტრალებენ კონკრეტულ ვირუსს და გამოიყენებიან მაშინ, როდესაც სწრაფი დაცვა აუცილებელია ან იმუნური სისტემა ჯერ არ არის საკმარისად განვითარებული – მაგალითად, ახალშობილებში.
RSV-ის შემთხვევაში სწორედ ამ პრინციპით ხდება არჩევანი – თუ ჩვილს არ აქვს ვაქცინით გადაცემული ანტისხეულები დედისგან, მას პირდაპირ მიეწოდება მზა ანტისხეულები ნირსევიმაბის სახით.
რა ხდება ევროპაში და საქართველოში?
ევროპაში RSV-ის პრევენციის ინტერვენციები აქტიურად დაინერგა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ესპანეთში, საფრანგეთში, ლუქსემბურგში და გაერთიანებულ სამეფოში. მაგალითად, ლუქსემბურგის ეროვნულმა პროგრამამ, რომელმაც ახალშობილებს დაბადებისთანავე ნირსევიმაბი შესთავაზა, აჩვენა RSV-ით ჰოსპიტალიზაციის კლება 70%-მდე. ესპანეთში და საფრანგეთშიც RSV-ს გავრცელების მნიშვნელოვანი კლებაა.
გაერთიანებულ სამეფოში ეროვნული ჯანდაცვის სისტემა (NHS) 2025 წლიდან გეგმავს ახალი RSV იმუნიზაციის პროგრამის გაშვებას, რაც მოიცავს როგორც დედების ვაქცინაციას, ისე ჩვილთა ნირსევიმაბით დაცვას..
საქართველოში არც RSV-ის საწინააღმდეგო ვაქცინა და არც ნირსევიმაბი ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.
იმედია უახლოეს წლებში ეს მიღწევები საქართველოშიც გახდება ხელმისაწვდომი.
წყარო:
CDC. Interim Evaluation of Respiratory Syncytial Virus Hospitalization Rates Among Infants and Young Children After Introduction of Respiratory Syncytial Virus Prevention Products. MMWR, 2025





