წარმოიდგინეთ ეს სცენა: თქვენ ექიმთან ხართ ყელის ტკივილის გამო. ექთანი გეკითხებათ: “ალერგია ხომ არაფერზე გაქვთ?” და თქვენ დაუფიქრებლად პასუხობთ: “პენიცილინზე”. ამას წლებია იმეორებთ – შესაძლოა ბავშვობიდან, ან იმიტომ, რომ ასე ერთ-ერთმა მშობელმა გითხრათ. ექთანი თავს გიქნევთ, ინიშნავს და სხვა საკითხზე გადადის.
მაგრამ აი, მთავარი: დიდია შანსი, რომ სინამდვილეში პენიცილინზე ალერგიული სულაც არ ხართ. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის დაახლოებით 10-20% აცხადებს, რომ პენიცილინზე ალერგია აქვს, კვლევების თანახმად, რეალური ალერგია 1%-ზე ნაკლებს აღენიშნება.
არასწორი ინფორმაცია პენიცილინის ალერგიის შესახებ ხელს გიშლით ინფექციის სამკურნალოდ ყველაზე შესაფერისი და უსაფრთხო მედიკამენტის მიღებაში. ამასთანავე, ის ზრდის ანტიბიოტიკორეზისტენტობის განვითარების რისკს, რაც ნიშნავს, რომ ანტიბიოტიკი ბაქტერიაზე აღარ მოქმედებს.
სასიხარულო ამბავი ის არის, რომ ბოლო წლებში სიმართლის დადგენა ბევრად გამარტივდა. სულ უფრო მეტი ექიმი აცნობიერებს, რომ პენიცილინის ალერგიის შესახებ ჩანაწერები ხშირად მცდარია და არსებობს უსაფრთხო და მარტივი გზები თქვენი ნამდვილი ალერგიული სტატუსის გასარკვევად.
რატომ არის პენიცილინი მნიშვნელოვანი?
პენიცილინი პირველი ანტიბიოტიკია, რომელიც 1928 წელს ექიმმა ალექსანდერ ფლემინგმა ობის სოკო Penicillium-ისგან გამოყო. მისი ფართო გამოყენება ინფექციების სამკურნალოდ 1940-იანი წლებიდან დაიწყო. პენიცილინი და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული ანტიბიოტიკები, როგორიცაა ამოქსიცილინი და ამოქსიცილინი/კლავულანატი (ცნობილი როგორც აუგმენტინი), ხშირად ინიშნება ისეთი გავრცელებული ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა ყურის ინფექცია, ანგინა, საშარდე გზების ინფექციები, პნევმონია და სტომატოლოგიური ინფექციები.
პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკები ვიწრო სპექტრისაა, რაც ნიშნავს, რომ ისინი კონკრეტული ტიპის ბაქტერიებზე მოქმედებენ. ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ პენიცილინზე ალერგია აქვთ, უფრო ხშირად იღებენ ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებს. ასეთი ანტიბიოტიკები კლავს მრავალი სახის ბაქტერიას, მათ შორის სასარგებლოსაც, რაც რეზისტენტულ ბაქტერიებს გადარჩენისა და გავრცელების საშუალებას აძლევს. ეს პროცესი აჩქარებს ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის განვითარებას. გარდა ამისა, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები შეიძლება ნაკლებად ეფექტიანი და ხშირად უფრო ძვირიც იყოს.
რატომ ხდება მცდარი დიაგნოზირება?
ადამიანებს ანტიბიოტიკებზე ალერგიის “იარლიყს” ხშირად ბავშვობაში აკრავენ, როდესაც მედიკამენტის მიღების შემდეგ გამონაყარი უჩნდებათ. სინამდვილეში კი:
ბავშვობის გამონაყარი: კანზე გამონაყარი ხშირად ახლავს თან ბავშვობის ინფექციებს. მრავალი ვირუსი თავად იწვევს გამონაყარს. თუ ბავშვი ამ დროს ანტიბიოტიკს იღებს, შესაძლოა მას მცდარად დაუდგინდეს ალერგია, მაშინ როცა გამონაყარი თავად დაავადებით იყო გამოწვეული.
გვერდითი მოვლენები და არა ალერგია: ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა გულისრევა, დიარეა ან თავის ტკივილი, შეიძლება ახლდეს ანტიბიოტიკების მიღებას, მაგრამ ეს ყოველთვის ალერგიას არ ნიშნავს. ეს რეაქციები, როგორც წესი, თავისით ქრება.
მითი მემკვიდრეობითობაზე: ბევრი ფიქრობს, რომ პენიცილინის ალერგია მემკვიდრეობითია, მაგრამ ოჯახის წევრის ალერგია არ ნიშნავს, რომ თქვენც ალერგიული ხართ.
ალერგია, რომელიც დროთა განმავლობაში ქრება: პაციენტების დაახლოებით 80%, რომლებსაც ნამდვილად ჰქონდათ პენიცილინის ალერგია, 10 წლის შემდეგ ამ ალერგიას “კარგავენ”. ეს ნიშნავს, რომ თუ წარსულში ალერგიული იყავით, შესაძლოა ახლა აღარ ხართ.
რა ზიანი მოაქვს მცდარ “ალერგიის იარლიყს”?
როდესაც ფიქრობთ, რომ ალერგიული ხართ, სინამდვილეში კი არ ხართ, ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობაზე:
- უფრო ხშირად გინიშნავენ ძლიერ, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებს, რომლებსაც მეტი გვერდითი ეფექტი აქვთ.
- იზრდება ოპერაციის შემდგომი ინფექციის განვითარების რისკი.
- ინფექციის გამო საავადმყოფოში მოხვედრისას, შესაძლოა იქ უფრო დიდხანს მოგიწიოთ დარჩენა.
- სამედიცინო ხარჯები იზრდება, რადგან უფრო ძვირადღირებულ მედიკამენტებს იყენებთ.
როგორ დავადგინოთ, ნამდვილად გვაქვს თუ არა ალერგია?
დაიწყეთ ექიმთან საუბრით. ალერგიის სიმპტომები შეიძლება მერყეობდეს მსუბუქი გამონაყრიდან სახის ძლიერ შეშუპებამდე და სუნთქვის გაძნელებამდე. ჯანდაცვის პროფესიონალი დაგისვამთ კითხვებს: რა რეაქცია გქონდათ? რამდენად სწრაფად განვითარდა ის ანტიბიოტიკის მიღების შემდეგ? დაგჭირდათ თუ არა მკურნალობა მის სამართავად?
ამ კითხვებზე პასუხები ხშირად საკმარისია იმის დასადგენად, იყო თუ არა რეაქცია ნამდვილი ალერგია. თუმცა, ზოგჯერ შეიძლება დამატებითი ტესტირება გახდეს საჭირო.
კანის სინჯი: ეს მეთოდი მოიცავს კანზე მცირე ჩხვლეტას და კანქვეშ მცირე ინექციას. ტესტებში გამოიყენება პენიცილინთან დაკავშირებული კომპონენტები, რათა უსაფრთხოდ შემოწმდეს ნამდვილი ალერგიის არსებობა.
პირდაპირი კონტროლირებადი დოზის მიღება: თუ კანის ტესტი უარყოფითია, შემდეგი ნაბიჯი, როგორც წესი, ამოქსიცილინის მცირე დოზის მიღებაა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. 2023 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში, კანის ტესტის გამოტოვება და პირდაპირ სატესტო დოზის მიღებაზე გადასვლაც უსაფრთხო მეთოდია.
სწორი კითხვების, ტესტირებისა და პროფესიონალთა დახმარებით, ბევრ ადამიანს შეუძლია უსაფრთხოდ დაიბრუნოს პენიცილინი, როგორც გავრცელებული ინფექციების სამკურნალო ეფექტიანი საშუალება.
მომზადებულია theconversation.com-ის მიხედვით.




