დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნული სამსახური (NHS) ამოქმედებს ახალ, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ “ადრეული გაფრთხილების სისტემას” (early warning system), რომელიც მიზნად ისახავს პაციენტთა უსაფრთხოების პრობლემების დროულად აღმოჩენას და პრევენციულ ჩარევებს მძიმე ზიანის დადგომამდე. ინიციატივა პირველ ეტაპზე ფოკუსირდება სამშობიარო მომსახურებაზე — სისტემას ექნება წვდომა რეალურ დროში განახლებად მონაცემებზე, როგორიცაა სპონტანური აბორტი, ახალშობილთა თავის ტვინის დაზიანებები და ჩვილთა ნაადრევი სიკვდილი.
როგორც NHS-ის ხელმძღვანელები აცხადებენ, სისტემა ავტომატურად გამოავლენს საგულისხმო ტენდენციებს და ამ ინფორმაციას გაუგზავნის პაციენტთა უსაფრთხოების მარეგულირებელ ორგანოს (Care Quality Commission), რომელიც სპეციალურ მოკვლევას ჩაატარებს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში. შეიძლება ბევრი ჩვენგანის აღქმაში სიტყვა “მოკვლევა” დასჯასთან ასოცირდებოდეს, თუმცა, ამ სისტემის დანერგვის მთავარი მიზანი პრევენციაა, პრევენციისთვის კი მთავარი მონაცემთა ზუსტი ანალიზია, რაც, ცხადია, ხელოვნურ ინტელექტს უკეთ და უფრო სწრაფად გამოსდის, ვიდრე ადამიანს.
ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა უეს სტრიტინგმა განაცხადა, რომ ეს არის NHS-ის „ციფრულ რევოლუციაზე“ გადასვლის ნაწილი და მიზნად ისახავს სამედიცინო პრობლემების ტრაგედიად ქცევის პრევენციას.
მიუხედავად პოზიტიური შეფასებებისა, ზოგიერთი პროფესიული გაერთიანება, მათ შორის სამეფო საექთნო კოლეგია, აფიქსირებს პოზიციას, რომ მხოლოდ ტექნოლოგია ვერ უზრუნველყოფს პაციენტთა უსაფრთხოებას შესაბამისი ადამიანური რესურსის და ტრენინგის გარეშე. მათი თქმით, ასეთ სისტემებს უნდა ჰქონდეთ შემავსებელი და არა ჩამნაცვლებელი როლი სამუშაო რესურსის თვალსაზრისით
ეს ინოვაცია წარმოადგენს ნაბიჯს თანამედროვე, მტკიცებულებაზე დაფუძნებული და ეფექტიანი ჯანდაცვის სისტემისკენ, რომელიც რეალურ დროში რეაგირებს პაციენტთა საჭიროებებზე.




