ევროპის სამედიცინო ონკოლოგიის საზოგადოების ყოველწლიურ კონფერენციაზე წარადგინეს ორი კვლევა, რომლებშიც მტკიცდება, რომ ძუძუს კიბოს მკურნალობის შემდეგ ძუძუთი კვება არ ზრდის კიბოს რეციდივის, ანუ განმეორების რისკს. აქამდე, ამის შესახებ სანდო მტკიცებულება არ არსებობდა.
ერთ-ერთმა კვლევამ კი აჩვენა, რომ ძუძუს კიბოს განვითარებისადმი გენეტიკურად მიდრეკილ ადამიანებში, ანუ BRCA გენის მატარებლებში, ასევე არ იზრდება ძუძუს კიბოს რეციდივის რისკი, თუ დედა გადაწყვეტს ძუძუთი კვებოს შვილი.
ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა იმ დედებისთვის, რომლებიც წარსულში ძუძუს კიბოს ებრძოდნენ და შემდეგ ბავშვის ძუძუთი კვებაზე ყოყმანობდნენ.
ოქტომბერი ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების თვეა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძუძუს კიბოს პროფილაქტიკისა და მკურნალობის მხარდასაჭერად.
ძუძუს კიბო ქალებში ავთვისებიანი სიმსივნეებით გამოწვეული ავადობის პირველი და სიკვდილიანობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში შესაძლებელია დაავადების ეფექტური მკურნალობა. ამ შემთხვევაში 5 წლიანი გადარჩენის მაჩვენებელი 95%-ს აჭარბებს.
საქართველოში ძუძუს კიბოს სკრინინგის უფასო პროგრამა 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალებისთვის ხორციელდება.




